1963 წლის 22 ნოემბერს, დალასში პრეზიდენტი ჯონ კენედი მოკლეს. მართალია, ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ 60 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ დღემდე გაურკვეველია ვინ დაგეგმა და განახორციელა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა.
საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროება
შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და 23 იანვარს ასობით ბრძანებულებასთან ერთად სამი სკანდალური საქმის – ძმები კენედების და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის დოკუმენტების გასაჯაროების განკარგულება გასცა. “ამერიკელები ათწლეულების მანძილზე ელოდნენ გასაიდუმლოებული ფაილების გახსნას, დროა გავიგოთ სრული სიმართლე”, – აღნიშნა ტრამპმა და კალამი, რომლითაც ხელი მოაწერა განკარგულებას, სიმბოლურ საჩუქრად უსახსოვრა კენედების მემკვიდრეს რობერტ კენედი-უმცროსს.
1992 წელს, შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებული კანონის თანახმად, არქივებისა და დოკუმენტაციის ეროვნულ სამმართველოს ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული მასალის შეგროვება და 25 წლის განმავლობაში გამოქვეყნება დაევალა. დოკუმენტების გასაჯაროების ვადა, რომელიც 2017 წლის 26 ოქტომბერს ამოიწურა, ტრამპის მმართველობის პერიოდს დაემთხვა. მართალია, საქმის მასალამ საერთო ჯამში 5 მილიონ გვერდს გადააჭარბა, 88% კი, ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გასაჯაროვდა, მაგრამ ტრამპმა, რომელიც პირველ საპრეზიდენტო ვადაში შეჰპირდა ამერიკელებს “სიმართლის გამხელას”, 2017 წლის 21 ოქტომბერს Twitter-ით (დღეს სოციალური ქსელი X) გაავრცელა განცხადება, “დამატებითი ინფორმაციის მიღების პირობით, მე, როგორც ამერიკის პრეზიდენტი კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული იმ ფაილების განხსნის განკარგულებას გავცემ, რომლებიც წლების მანძილზე იყო გასაიდუმლოებული”.
მართალია, 26 ოქტომბერს უამრავი ახალი დოკუმენტი გამოქვეყნდა, მაგრამ სრულად მასალა მაინც არ გასაჯაროვდა, რისი მიზეზი ისევ ტრამპის გადაწყვეტილება გახდა. Washington Post-ის მტკიცებით, პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ნებას დაჰყვა, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა დოკუმენტების პუბლიკაციას. ტრამპმა ასობით დოკუმენტების გამოქვეყნება შეაჩერა, ჩინოვნიკებს კი, 6 თვე მისცა მათ გადასახედად, თუმცა, სრულად დოკუმენტები არც ნახევარი წლის შემდეგ გამოქვეყნდა, “მორიგი გადახედვა” კი, 2021 წლისთვის გადაიდო.
მართალია, ჯო ბაიდენის ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ ეროვნულმა არქივმა დამატებითი დოკუმენტები გამოაქვეყნა, მეტიც, თეთრი სახლის განცხადებით, 2023 წლის ბოლოს მასალის 99% გასაჯაროვდა, მაგრამ ექსპერტების მტკიცებით, მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც დაფარული დარჩა.
ამერიკელების აზრით, დოკუმენტების სრულად გამოქვეყნებას სპეცსამსახურები აფერხებენ, რომლებიც პირველ რიგში საკუთარ ინტერესებს იცავენ, რადგან დარჩენილი ფაილები სწორედ მათ (დაზვერვის სააგენტოს, გამოძიების ფედერალური ბიუროს და სხვა უწყებების) არაკომპეტენტურობასა და კანონდარღვევებს გამოავლენს.
ჯონ კენედი – ამერიკელების კერპი
შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი, რომელიც ნამდვილ კერპად იქცა ამერიკელებისთვის, საკმაოდ ადრე – 44 წლის ასაკში ჩაუდგა ქვეყანას სათავეში. მართალია, მეორე მსოფლიო ომის გმირის, მილიონიანი ქონების მემკვიდრის სტატუსისა და ავტობიოგრაფიული წიგნისთვის “გამბედაობა სახეებში” (Profiles in Courage) მიღებული პულიცერის პრემიის წყალობით, კენედიმ სწრაფად დაიპყრო ამერიკელების გულები, მაგრამ პოპულარობის მიუხედავად, მაინც ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი პოლიტიკოსის სახელით შევიდა ისტორიაში, რადგან სწორედ მისი მმართველობის პერიოდში გაეხვა ამერიკა საშინაო და საგარეო უსიამოვნებებში, როცა ღორების ყურის მარცხიან ოპერაციას ჯერ ბერლინის, მერე კარიბის კრიზისი მოჰყვა, პოლიტიკური კურსის რადიკალურად შეცვლისა და მემარცხენე შეხედულებების გაზიარების შემდეგ კი, რაც სამოქალაქო უფლებების ლიბერალიზაციით, უფასო განათლებისა და სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერით გამოიხატა, კენედის არა მხოლოდ კონსერვატორული ამერიკა დაუპირისპირდა, არამედ საზოგადოებაც ორ ნაწილად გაიხლიჩა.
გასროლა დალასში
1963 წლის 22 ნოემბერს, ორდღიანი ტეხასური ტურნეს ფარგლებში ჯონ კენედი მეუღლესთან და ვიცე-პრეზიდენტთან ლინდონ ჯონსონთან ერთად ესტუმრა დალასს. ტეხასში ვიზიტს კენედისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ერთი წლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები იგეგმებოდა, დემოკრატებისთვის კი, სწორედ ტეხასი იყო ერთ-ერთი “ურთულესი შტატი”, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ტრადიციულად რესპუბლიკელებს უჭერდა მხარს.
Dallas Love Field-ის აეროპორტი პრეზიდენტის კორტეჟმა 11:40 საათზე დატოვა და გეზი საგამოფენო ცენტრისკენ აიღო, სადაც საზეიმო წვეულება იმართებოდა. მართალია, კენედის ვიზიტის ორგანიზატორის, ტეხასის გუბერნატორის ჯონ კონელის გათვლით, მკაცრად რეგლამენტირებული – 25 მილით საათში მოძრაობის შემთხვევაში, საგამოფენო ცენტამდე მისვლას მხოლოდ 38 წუთი სჭირდებოდა, მაგრამ კენედიმ მსვლელობის შენელება დაიჟინა, რადგან ჩათვალა, რომ ასე უფრო შეძლებდა ტეხასელებთან დაახლოებას, მით უფრო, რომ პრეზიდენტის კორტეჟის მარშრუტი ვიზიტამდე სამი დღით ადრე გამოქვეყნდა პრესაში, რაც მოგვიანებით უსაფრთხოების წესების უხეშ დარღვევად შეფასდა, თუმცა, სწორედ საგაზეთო ინფორმაციის წყალობით გამოვიდნენ ადგილობრივები ქუჩაში.
კორტეჟს პოლიციის ორი ავტომობილი და მოტოციკლი მიუძღოდა, მესამე მანქანით დალასის პოლიციის უფროსი, ოლქის შერიფი და საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები მგზავრობდნენ, პრეზიდენტის მუქი ლურჯი Lincoln Continental, ოთხი მოტოციკლისტის თანხლებით კი, მეოთხე მოძრაობდა კოლონაში, რომელსაც უკან ლინდონ ჯონსონი მეუღლესა და დაცვასთან ერთად, დალასის მერი და მრავალრიცხოვანი ჟურნალისტები მიჰყვებოდნენ.
ჯონ და ჟაკლინ კენედისთან ერთად ავტომობილით მგზავრობდა ჯონ კონელი მეუღლესთან ერთად და საიდუმლო სამსახურის ორი აგენტი (საჭესთან და მის გვერდით). პრეზიდენტი და გუბერნატორი გზის გაყოლებაზე ჩამწკრივებულ 200 ათასამდე მომხრეებს მიესალმნენ, რომლებიც დროშებითა და შეძახილებით შეეგებნენ ავტოკოლონას. გადმოცემის თანახმად, როცა კორტეჟმა მეინ-სთრითიდან ჰიუსტონ-სთრითზე შეუხვია, გუბერნატორის მეუღლე, მისის კონელი კენედისკენ შებრუნდა და ღიმილით უთხრა, “დამეთანხმეთ მისტერ პრეზიდენტო, რომ დალასს ძალიან უყვარხართ”, რაზეც კენედიმ დაუქნია თავი და კმაყოფილმა გაუღიმა.
პრეზიდენტის ვიზიტს მზიანი დარი დაემთხვა, ამიტომ კენედიმ წინასწარ გასცა ავტომობილის სახურავის გახსნის განკარგულება. ამასთანავე, პრეზიდენტმა ჯერ ჯავშანჟილეტის ჩაცმაზე თქვა უარი, მერე დაცვის თანამშრომლებს აუკრძალა მისი ავტომობილის უკანა საფეხურზე დადგომა, რითაც უსაფრთხოების ყველა წესი დაარღვია და პრაქტიკულად საკუთარი ნებით გაწირა თავი სიკვდილისთვის.
პირველი გასროლა 12:30 საათზე გაისმა, როცა კენედის ავტომობილი ელმ-სთრითისა და ჰიუსტონ-სთრითის კუთხეში გაუსწორდა წიგნთსაცავს. მართალია, პრეზიდენტთან ყველაზე ახლოს მისი მეუღლე იყო, მაგრამ თავიდან ვერც ის მიხვდა, რა მოხდა, რადგან სროლის ხმა მოტოციკლის გამონაბოლქვის ხმად მოეჩვენა. პირველ გასროლას ხუთ წამში მეორე მოჰყვა, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა კენედისთვის, რადგან ტყვია თავში მოხვდა და პრაქტიკულად შუაზე გაგლიჯა ქალა. აღსანიშნავია, რომ პირველმა ტყვიამ, რომელიც პრეზიდენტს ზურგში მოხვდა და ყელში გავიდა, წინა სავარძელზე მჯდომი კონელიც მსუბუქად დაჭრა.
სხვებზე ადრე პრეზიდენტის დახმარება საიდუმლო სამსახურის აგენტმა კლინტონ ჰილმა სცადა, რომელიც უკან მიჰყვებოდა მის ავტომობილს. ჰილი “ლინკოლნს” დაეწია და პრეზიდენტს გადაეფარა, თუმცა თავში დაჭრილი კენედის შემხედვარემ მხოლოდ ქვევით დახრილი ცერა თითი აჩვენა კოლეგებს.
მართალია, “ლინკოლნის” მძღოლმა უილიამ გრირმა სიჩქარე აკრიფა და პრეზიდენტი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რამდენიმე წუთში მიიყვანა პარკლენდის ჰოსპიტალში, მაგრამ მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. ზუსტად 13:00 საათზე, კენედის პირადმა ექიმმა გრეგორი ბარკლიმ მისი გარდაცვალება დაადასტურა, ნახევარი საათის შემდეგ კი, კლინიკაში გამართულ პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა მალკოლმ კილდაფმა ოფიციალურად გამოაცხადა ჯონ კენედის დაღუპვის შესახებ.
დაახლოებით ერთი საათში პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი – 24 წლის ლი ჰარვი ოსვალდი დააკავა, რომელიც მთელი ხმით ყვიროდა, რომ “უდანაშაულო იყო და მხოლოდ განტევების ვაცად სჭირდებოდა სამართალდამცავებს”. არავინ იცის, რა სასჯელი ელოდა ოსვალდს, რომელმაც მხოლოდ ორი დღე გაატარა საპატიმროში, რადგან 24 ნოემბერს, 11:20 საათზე პოლიციის სამმართველოდან საოლქო სასამართლოში გადაყვანისას მოკლა ჯეკ რუბიმ რევოლვერიდან რამდენიმე გასროლით.
საკუთარი ქცევა რუბიმ “ჰუმანური” მოტივით ახსნა და აღნიშნა, რომ მხოლოდ კენედის ქვრივზე ზრუნავდა, რომელიც სწორედ ამგვარი მეთოდით დაიცვა სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისა და მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის კიდევ ერთხელ განცდისგან. მართალია, რუბის სიკვდილით დასჯა მიესაჯა, მაგრამ 1967 წელს, განაჩენის გასაჩივრების შემდეგ, ხელმეორედ დაიწყო მისი საქმის გამოძიება, თუმცა, თვითონ სასამართლო განხილვას ვეღარ მოესწრო, რადგან ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა. უცნაურია, მაგრამ რუბიმაც იმავე კლინიკაში დაასრულა სიცოცხლე, სადაც მანამდე ოსვალდი და ჯონ კენედი დაიღუპნენ.
საინტერესო პერსონაჟი აღმოჩნდა თავად რუბიც, რომელიც ღამის კლუბს ფლობდა და მაფიის ბოსებთან მეგობრობდა. მეტიც, ამბობენ, თითქოს კენედის დალასში ვიზიტისას, რუბიმ ნაცნობიც კი მიიწვია “კორტეჟის ჩავლის, სახალისო შოუსა და ფეიერვერკის სანახავად”, თვითმხილველებმა კი, მრავალგზის აღნიშნეს, რომ ჯერ საავადმყოფოში ნახეს, მერე პოლიციის სამმართველოს შენობასთან, სადაც აქტიურად საუბრობდა ჟურნალისტებთან. როგორც აღმოჩნდა, რუბის ჯერ კიდევ მაშინ უნდოდა ოსვალდის მოკვლა, თუმცა შესაფერისი მომენტი ვერ მონახა.
კენედის მკვლელობის ყველაზე პოპულარული ვერსიები
მკვლელობა, რომელიც მე-20 საუკუნის ყველაზე გახმაურებულ დანაშაულად იქცა, დღემდე უამრავ ეჭვს იწვევს, რადგან ამერიკელებს ნაკლებად სჯერათ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი, ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა, მარტოხელა შეშლილმა მოკლა. გავრცელებული ვერსიის თანახმად, ლი ჰარვი ოსვალდი ან ერთ-ერთი შემსრულებელი იყო, ან საერთოდ არ უსვრია პრეზიდენტის მიმართულებით.
ვერსია პირველი – მარტოხელა მკვლელი
მარტოხელა მკვლელის ოფიციალური ვერსია შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ერლ უორენის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიის 10-თვიანი მუშაობის შემდეგ გავრცელდა. საქმის მასალის, მათ შორის, აუდიო- ვიდეო ჩანაწერებისა და დაკითხვის ასობით ოქმის შესწავლის შემდეგ ე.წ. “უორენის კომისიამ” ოფიციალურად გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ხაზგასმით აღინიშნა, რომ პრეზიდენტი ლი ჰარვი ოსვალდმა მოკლა, თუმცა ვერ მოიძია “ოსვალდისა და რუბის იმ საშინაო ან საგარეო შეთქმულებაში მონაწილეობის მტკიცებულება, რომლის მიზანს კენედის მოკვლა წარმოადგენდა”. სხვათა შორის, 2017 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტების წყალობით ცნობილი გახდა, რომ თავად უორენი მონდომებით ცდილობდა მკვლელობაში “საბჭოთა კვალის” პოვნას, თუმცა ვერ შეძლო საკუთარი ვერსიის დოკუმენტურად დადასტურება.
ამასთანავე, კომისიამ დაადგინა, რომ 22 ნოემბერს, 12:30 საათზე, ოსვალდმა სამჯერ გაისროლა 6,5-მილიმეტრიანი კალიბრის მქონე Carcano M91/38-ის კარაბინიდან. ერთი ტყვია მიზანს ასცდა, ორმა კი, კენედი დაჭრა. აღსანიშნავია, რომ შაშხანა მკვლელმა იმავე წლის მარტის თვეში შეიძინა ფოსტით, თუმცა ყალბი სახელის – ალბერტ ჰაიდელის გამოყენებით.
ოფიციალური ვერსიით, ოსვალდმა სამივე გასროლა მეექვსე სართულიდან, სკოლის წიგნთსაცავის ფანჯრიდან განახორციელა, ყუთების უკან დამალა კარაბინი და მშვიდად დატოვა შენობა, რომლის ალყაში მოქცევა პოლიციამ ვერ მოასწრო. სახლამდე ჯერ ავტობუსით, მერე ტაქსით იმგზავრა, სამოსი გამოიცვალა და ისევ გარეთ გამოვიდა, დაახლოებით 13:10 საათზე კი, მისი შეჩერება პოლიციელმა ჯეი დი ტიპეტმა სცადა, რომელიც რევოლვერიდან გასროლით მოკლა. დაახლოებით 14:00 საათზე ოსვალდი დალასის ერთ-ერთ კინოთეატრში დააკავეს, სადაც უბილეთოდ შესული უყურებდა ფილმს. აღსანიშნავია, რომ თავიდან ოსვალდი პოლიციელის მოკვლისთვის დააკავეს და მხოლოდ მოგვიანებით წაუყენეს პრეზიდენტის მკვლელობის ბრალდება, რაც კატეგორიულად უარყო, საკუთარ თავს პოლიციელთა ძალადობის მსხვერპლი უწოდა და უარი თქვა ადვოკატის დაქირავებაზე.
ერთი შეხედვით ოსვალდი მართლაც იდეალური კანდიდატი იყო მკვლელის როლზე, რადგან “ცივი ომის” პერიოდში ჯერ საბჭოთა კავშირში გაიქცა, სადაც თითქმის 3 წელი იცხოვრა, მერე კი, იმედგაცრუებული ისევ ამერიკაში დაბრუნდა და მეტად საეჭვო სუბიექტებთან გააბა ნაცნობობა, თუმცა მისი ბიოგრაფიის შესწავლისას ნათელი ხდება, რომ არასტაბილური და უნებისყოფო, ფეთქებადი ხასიათისა და ისტერიისკენ მიდრეკილი, ვერასდროს შეძლებდა პრეზიდენტზე თავდასხმის დამოუკიდებლად დაგეგმვასა და განხორციელებას.
ამასთანავე, ექსპერტთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ყალბია იმ იარაღით გადაღებული ოსვალდის ფოტოც, რომლითაც თითქოს პრეზიდენტი მოკლა, რადგან ფოტოზე მას არა Carcano M91/38-ის კარაბინი, არამედ Fucile di Fanteria-ს შაშხანა უჭირავს. ამასთანავე, დეტალურად შეისწავლის შემდეგ შაშხანა, რამდენჯერმე გამოცადეს ფედერალური ბიუროს სნაიპერებმა, თუმცა ვერცერთმა ვერ შეძლო ოსვალდის შედეგის გამეორება, რადგან არასწორი სამიზნის გამო ტყვიები რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა მიზანს.
პასუხგაუცემელია მთავარი შეკითხვაც – რა მოტივი ამოძრავებდა პრეზიდენტის მკვლელს, მით უფრო, რომ ოსვალდი სოციალისტური მოძრაობის აქტიური წევრი იყო, ამერიკამ კი, სწორედ კენედის მმართველობის პერიოდში სცადა საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის “დათბობა”, ამასთანავე, 1960-იანი წლების ანტიკომუნისტი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით კენედი არასდროს გამოირჩეოდა მსგავსი რადიკალიზმით.
გამოუსწორებელი მარქსისტი
ლი ჰარვი ოსვალდი 1939 წელს დაიბადა ლუიზიანას შტატის ქალაქ ახალ ორლეანში. მამა დაბადებამდე გარდაეცვალა, დედამ კი, რომელსაც სამი შვილის აღზრდა გაუჭირდა, ბავშვები თავშესაფარს მიაბარა, სადაც ლი ჰარვიმ 13 თვე გაატარა ძმებთან ერთად. 16 წლის ოსვალდი, რომელიც ადრეული ასაკიდანვე გაუწონასწორებელი ფსიქიკითა და ნევროზული შეტევებით გამოირჩეოდა, მარქსიზმით დაინტერესდა და მართალია, ამერიკის სოციალისტურ პარტიაში მოინდომა გაწევრიანება, მაგრამ ჯარში გაწვეულს საზღვაო ქვეითთა კორპუსში მოუწია სამხედრო სამსახურის გავლა, სადაც ნაკლებად შეძლო თავის გამოჩენა. პირიქით, სხვადასხვა დარღვევისა და გადაცდომისთვის რამდენჯერმე გაფრთხილებულს და წოდებით დაქვეითებულს, ბოლოს სამხედრო ტრიბუნალის წინაშე მოუწია წარდგომა. ამასთანავე, უდისციპლინო ჯარისკაცმა, რომელსაც არც მოთმინება ჰყოფნიდა, არც მიზანდასახულობა, ბოლო ტესტიც ჩააგდო სროლაში, როცა ერთი ქულა დააკლდა საშუალო კვალიფიკაციის მისაღებად. სწორედ ამ არგუმენტით ისარგებლეს “მარტოხელა მსროლელის” ვერსიის მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ოსვალდი ვერასდროს შეძლებდა 5,5 წამში ორი ზუსტი გასროლის განხორციელებას მოძრავ სამიზნეში.
მშობლიურ ლუიზიანაში უმუშევრად დარჩენილმა ოსვალდმა “პროლეტარების ქვეყანაში” გადაწყვიტა იღბლის ძებნა. მოსკოვში ჩასულმა ლი ჰარვიმ გადადების გარეშე მოითხოვა მოქალაქეობა, უარის მიღების შემდეგ კი, თავის მოკვლა სცადა და ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოჩნდა, თუმცა მაინც არ დანებდა და შეერთებული შტატების საელჩოს მიაკითხა, სადაც ამაყად განაცხადა, რომ უარს ამბობდა ამერიკის მოქალაქეობაზე. სხვათა შორის, ინფორმაცია ამერიკელ საზღვაო ქვეითზე, რომელმაც საბჭოთა კავშირში მოითხოვა თავშესაფარი, საინფორმაციო სააგენტომ Associated Press-მაც დეტალურად გააშუქა, რის შემდეგ ოსვალდზე ჯერ ამერიკულმა დაზვერვამ, მერე საბჭოთა უშიშროების სამსახურმა დააწესა თვალთვალი.
საბოლოოდ, ლი ჰარვიმ მაინც შეძლო საბჭოთა კავშირში დაფუძნება, თუმცა როგორც თვითონ გეგმავდა, სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის ნაცვლად, მინსკში გაამგზავრეს რადიოქარხანა “ჰორიზონტში” ხარატად სამუშაოდ, სადაც მისი კურატორი და რუსული ენის მასწავლებელი სტანისლავ შუშკევიჩი – იმ პერიოდში უფროსი ინჟინერი, მოგვიანებით კი, ბელორუსის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გახდა, რომელმაც 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის დამადასტურებელ დოკუმენტს – ბელოვეჟის შეთანხმებას მოაწერა ხელი.
თუმცა, ყოფილ საზღვაო ქვეითს სწრაფად მოჰბეზრდა საბჭოთა კავშირში ცხოვრება, რადგან “პროლეტარიატი” არც ისეთი საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, როგორიც თვითონ ეგონა. “ეჭვი მეპარება საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში. არ ვიცი, რამდენად მინდა აქ ცხოვრება. სამუშაო მოსაწყენია, წასასვლელი არსადაა, არც ღამის კლუბებია, არც ბოულინგი, მარტო პროფკავშირული ცეკვები, სადაც შეუძლებელია გართობა. საკმარისია, ვფიქრობ, დროა დავბრუნდე სახლში”, – აღნიშნა ლი ჰარვიმ საკუთარ დღიურში 1961 წლის იანვარში, თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ 19 წლის სტუდენტი მარინა პრუსაკოვა გაიცნო, რომელსაც ორთვიანი რომანის შემდეგ შესთავაზა ცოლობა.
1962 წლის თებერვალში ოსვალდს ქალიშვილი ჯუნი შეეძინა, გაზაფხულზე კი, ოჯახთან ერთად დაბრუნდა შეერთებულ შტატებში, დალასში დასახლდა და ადგილობრივ სოციალისტებთან, კუბელი ლიდერის – ფიდელ კასტროს იდეოლოგიურ თანამოაზრეებთან გააბა ნაცნობობა. მეტიც, რევოლუციური იდეებით გატაცებულმა ლი ჰარვიმ “კუბის მიმართ სამართლიანი პოლიტიკის კომიტეტიც”(Fair Play for Cuba Committee) კი დააარსა და მოწოდებით “ხელები შორს კუბისგან” აქტიურად შეუდგა სააგიტაციო ბროშურების დარიგებას. თუმცა, კენედის მკვლელობის გამოძიებისას გაირკვა, რომ კუბელი რევოლუციონერების მხარდაჭერის პარალელურად ოსვალდი გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ აგენტთან გაი ბანისტერთანაც თანამშრომლობდა, რომელსაც არა მხოლოდ კერძო დეტექტიური სააგენტო ჰქონდა, არამედ კასტროს მომხრე ორგანიზაციების საქმიანობას იკვლევდა. მეტიც, ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს 1960-იან წლებში სპეცსამსახურები სწორედ ბანისტერის ოფისს იყენებდნენ საგარეო დაზვერვისთვის.
ოსვალდი თვითონაც გეგმავდა კუბაზე გამგზავრებას, თუმცა თავისუფლების კუნძულის ნაცვლად, 1963 წელს მექსიკაში აღმოჩნდა, სადაც ჯერ კუბის საელჩოს ესტუმრა, მერე საბჭოთა დაზვერვის ოფიცერთან სცადა დამეგობრება. ყოფილმა მაღალჩინოსანმა ოლეგ ნეჩიპორენკომ დაადასტურა ლი ჰარვისთან შეხვედრა, თუმცა აღნიშნა, რომ მყიფე ფსიქიკის, არასტაბილური ოსვალდი ნაკლებად საიმედოდ მოეჩვენა, ამიტომ ძალიან გაუკვირდა, როცა ორი თვის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტის მკვლელობაში აღმოჩნდა დადანაშაულებული, რადგან სნაიპერული შაშხანიდან 200-300 მეტზე სროლას რკინის ნერვები და იდეალური ფიზიკური მონაცემები სჭირდებოდა, ოსვალდს კი, არც ერთი ჰქონდა, არც მეორე.
ვერსია მეორე – კლეი შოუ და მემარჯვენე რადიკალები
ერთადერთი, ვინც კენედის მკვლელობის ბრალდებით წარსდგა სასამართლოს წინაშე, ბანკირი კლეი შოუ აღმოჩნდა, რომელსაც ბრალი ახალი ორლეანის საოლქო პროკურორმა ჯიმ გარისონმა წაუყენა.
არსებული ფოტოებისა და ვიდეომასალის შესწავლით, 1966 წელს გარისონმა საკუთარი გამოძიება წამოიწყო და დაადგინა, რომ პრეზიდენტზე თავდასხმა მისი საგარეო და საშინაო პოლიტიკით – საბჭოთა კავშირთან და კასტროს რეჟიმთან კონფრონტაციის დასრულების სურვილით, ასევე ამერიკის შავკანიანი მოსახლეობისთვის უფლებების გაფართოებით უკმაყოფილო ულტრამემარჯვენეთა კარგად ორგანიზებულმა ჯგუფმა განახორციელა, რომლის წევრებს შორის არა მხოლოდ შოუ და ოსვალდი, არამედ დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლები და კასტროს მოწინააღმდეგე დივერსანტი კუბელი ემიგრანტებიც იყვნენ.
გარისონის აზრით, ფუქსავატი ოსვალდი დაჯგუფებას მხოლოდ “განტევების ვაცად” სჭირდებოდა, რომელსაც მკვლელობა დაჰბრალდებოდა, სროლა კი, სინამდვილეში სამმა ადამიანმა განახორციელა – თავად ოსვალდმა, თუმცა მისი სიზუსტის იმედი არავის ჰქონდა, ბანკირმა შოუმ და პილოტმა დევიდ ფერიმ, რომელმაც შემაღლებულ გორაკზე დაიკავა პოზიცია, საიდანაც ყველაზე კარგად ჩანდა პრეზიდენტის კორტეჟი. თუმცა, გამოძიების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ფერი მოულოდნელად გარდაიცვალა, შოუს ბრალის დამტკიცება კი, გარისონმა ვერ შეძლო, რადგან 1969 წელს ბანკირი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს, უორენის კომისიამ კი, მის გამოძიებას საეჭვო უწოდა და უარი თქვა შედეგების გათვალისწინებაზე.
ვერსია მესამე – სპეცსამსახურები
ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და არგუმენტირებულ ვერსიად, რომელიც მკვლელობის მოტივზე იძლევა დამაჯერებელ პასუხს – პრეზიდენტის მკვლელობაში სპეცსამსახურების მონაწილეობა ითვლება, რადგან კენედი არა უბრალოდ გეგმავდა “ყოვლისშემძლე” დაზვერვის სამსახურის უფლებამოსილების შეზღუდვას, არამედ 1961 წელს უწყების დირექტორი ალან დალესიც კი გაათავისუფლა თანამდებობიდან. თუმცა, ისტორიკოსების ნაწილს მსგავსი ვერსია მაინც ნაკლებად სარწმუნოდ მიაჩნია, რადგან წარმოუდგენელია, რომ 1960-იანი წლების დასაწყისში, როცა დაზვერვის უწყებას პრეზიდენტზე მეტი წონა და გავლენა ჰქონდა ამგვარი მუქარის შეშინებოდა.
აღსანიშნავია, რომ დაზვერვის სააგენტოს კვალი ისტორიკოსებმა მარტინ ლუთერ კინგსა და პრეზიდენტის ძმაზე, რობერტ კენედიზე განხორციელებულ თავდასხმაშიც აღმოაჩინეს, მით უფრო, რომ უფროსი ძმის მსგავსად, უმცროსიც სერიოზულ რეფორმებს გეგმავდა დაზვერვის უწყებაში.
ვერსია მეოთხე – მაფიის მონაწილეობა
ერთადერთი სტრუქტურა, რომელიც 1960-იან წლებში სიძლიერითა და წონადობით გაბედავდა დაზვერვის სააგენტოსთან გაჯიბრებას – ორგანიზებული დანაშაულებრივი სამყარო იყო. მეტიც, გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებით, მაფიის ბოსები არა უბრალოდ განიხილავდნენ ამერიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკას საკუთარ შეხვედრებზე, არამედ აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის მართვაში, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ კენედიმ მათაც ბრძოლა გამოუცხადა. ამასთანავე, ექსპერტთა მტკიცებით, მაფია ყოველთვის მჭიდროდ თანამშრომლობდა დაზვერვის სააგენტოსთან, რაც ვერსიას, თითქოს ორმა უძლიერესმა სტრუქტურამ ერთობლივად განახორციელა პრეზიდენტზე თავდასხმა იმ რადიკალური დაჯგუფების მონაწილეობით, რომელსაც ოსვალდი და შოუ მიეკუთნებოდნენ, აბსოლუტურად მისაღები და გამართლებულია.
ამავე ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს მკვლელობის ისტორიაში ჯეკ რუბის მონაწილეობაც, რომელსაც არასასურველ მოწმედ ქცეული ოსვალდის ლიკვიდაცია დაევალა. სხვათა შორის, რუბი რამდენჯერმე დაუკავშირდა ერლ უორენს და მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთების სურვილით სთხოვა ვაშინგტონში გადაყვანა, რადგან დალასში საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა, იურიდიული შეფერხებების გამო, მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა.