აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქების აღდგენას 100 წელი დასჭირდება. ამის შესახებ მან ფლორიდაში, საკუთარ რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტრამპის თქმით, უკრაინაში ადამიანებს ხოცავენ არნახული მასშტაბით. მანვე აღნიშნა, რომ ორივე მხარეს დაღუპული სამხედროების რაოდენობა ასტრონომიულია.
„რაც იქ ხდება, ორივე მხარისთვის ბევრად უარესია, ვიდრე ამის შესახებ აცხადებენ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, მან განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთი არ ფიქრობდა უკრაინაში შეჭრაზე.
„როდესაც რუსეთმა დაინახა, რა მოხდა ავღანეთში, ვფიქრობ, ამან მიაწოდა მათ ეს იდეა“, – განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმებაა საჭირო. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ის ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს.
დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე ომს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშინელი სასაკლაო უწოდა და აღნიშნა, რომ ეს უნდა დასრულდეს.