ცოტა არ იყოს, რთულია, ღიმილის გარეშე უყურო მეწაღე ბიჭის ამბავს, რომელსაც მაწვნის გასაყიდად სოფლიდან ქალაქში ჩამოსული გოგონა მოეწონება და მაშინვე მის ცოლად მოყვანას გადაწყვეტს. ყოველგვარი შეხვედრის, წინასიტყვაობის, გრძნობის გამხელისა და სამომავლო გეგმებზე საუბრის გარეშე, გოგია იმავე საღამოს მიდის ტასიასთან და “ნიშანს” მიუტანს. ის თანახმაა, დამთავრდა, ქალი მისია, ამ დღეებში ქალაქიდან ამოვა და თავისთან წაიყვანს. მაგრამ ეს “ბანალური იდილია” მაშინ დგება საფრთხის ქვეშ, როცა გოგონა ბატონის სახლში მოსამსახურედ მიჰყავთ და სულ მალე მასპინძელი ახალგაზრდა ქალზე დაქორწინებას გადაწყვეტს, თუმცა, საბოლოოდ, მისი გეგმა არ განხორციელდება და ახალგაზრდების “სიყვარული იმარჯვებს”…
1964 წელს რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი მუშაობას იწყებს მუსიკალურ კომედიაზე “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”, რომელშიც იმ პერიოდში საქართველოში ცნობილ მსახიობებს იწვევს. ესენი არიან: აკაკი ხორავა, ვასო გოძიაშვილი და ვერიკო ანჯაფარიძე – მხოლოდ ეს სამი სახელი საკმარისი იყო, აქვსენტი ცაგარელის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით გადაღებულ ფილმს მაყურებელი მოეზიდა.
ფილმში მთავარ როლებზე დააკავეს ახალგაზრდები: სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია. გარდა ამისა, თავიანთ შემოქმედებით გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სახე შექმნეს ვახტანგ ნინუამ, რომელიც თავადი ავთანდილის როლს ასრულებს და არჩილ გომიაშვილმა. იმერულ კილოზე მეტყველი, სხარტი კოსტაია, თავის დაუვიწყარი კითხვით “ხაჭაპური ხოჩეშ?” – ღიმილს იწვევს ქართული კინოს მიმართ ყველაზე გულგრილ მაყურებელშიც კი. მიხეილ ჭიაურელი მრავალმხრივი ნიჭისა და ინტერესების ადამიანი იყო. თბილისის სახელოსნო სასწავლებელი დაამთავრა, სადაც სკულპტურა იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით შეისწავლა. შემდეგ ცოდნა დრეზდენში გაიღრმავა. 1915 წლიდან მუშაობდა თბილისის, ბათუმის და ქუთაისის თეატრებში, როგორც მსახიობი, რეჟისორი და მხატვარი. თავდაპირველად კინოში მსახიობის ამპლუაში გამოჩნდა. მონაწილეობდა ფილმებში: “არსენა ჯორჯიაშვილი”, სურამის ციხე”, “ხანუმა” და სხვა. ხოლო თავად გადაიღო 15 ფილმი, მათ შორისაა: “უკანასკნელი მასკარადი”, “არსენა”, “ფიცი”, “ოთარაანთ ქვრივი”…
გასული საუკუნის 20-იანებიდან მოყოლებული, მრავალი წელი, ქართული ფილმების უმრავლესობას ბევრი უწუნებდა: მხატვრულ დონეს, შინაარს, ხარისხს, მსახიობსაც ზედმეტ ხელოვნურობაში “ამხელდნენ”, თუმცა, როგორც დღეს, ისევე მაშინ, ხელოვანთა წრეში ხშირად ისმოდა ფრაზები: “ყველაფერი ნაცნობობით ხდება”; “ჩაწყობილი ამბავია”; “ყველა საქმეში უპირატესობას ნაცნობ-მეგობრებს ანიჭებენ”. სწორედ ეს ბრალდებები გაისმა მიხეილ ჭიაურელის მისამართითაც, როცა იმ ეპოქის სხვა პოპულარულ მსახიობებთან ერთად, რეჟისორმა თავის ერთ-ერთ ბოლო ფილმში საკუთარი ოჯახის სამი წევრი დააკავა: მეუღლე ვერიკო, შვილი სოფიკო და მაშინდელი სიძის – გიორგი შენგელაიას გადაღებამ საზოგადოების ნაწილში გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა, ფილმი მაინც შედგა და პრემიერის შემდეგ მიხეილ ჭიაურელმა მულტიპლიკაციაში გადაინაცვლა…
წაიკითხეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები