გუშინ, ღამით, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში სასტიკად მოკლეს ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე. მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი უკვე დაკავებულია. კესარიას მეგობარი ვანიკო კარელიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ჯაიანს პირადად იცნობდა. ტოქსიკური ურთიერთობის გამო, წყვილი ხშირად შორდებოდა ერთმანეთს, თუმცა, საბოლოოდ, მაინც რიგდებოდნენ.
რა მოხდა ავთანდილის ქუჩაზე, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ ბინაში და რა უძღვოდა მკვლელობას წინ, დეტალებზე მოკლულის მეგობარი გვესაუბრება.
– როგორ გაიგეთ მომხდარის შესახებ, ბოლოს როდის ესაუბრეთ კესარიას?
– ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით, ყოველდღე ვსაუბრობდით, დღეში ოთხჯერ-ხუთჯერაც კი. იმ დილასაც რაღაც გამომიგზავნა, მომხდარს არ შეეხებოდა. შემდეგ მთელი დღე აღარ შემხმიანებია. საღამოს, ფოტო გამოაქვეყნა შეყვარებულთან ერთად, ვიცოდი, რომ დაშორებული იყო მასთან, მაგრამ არ დავურეკე, ვიფიქრე, რომ მარტო არ იქნებოდა.
– არ გაგიკვირდათ, ეს ხომ პირველი საჯარო ფოტო იყო ბექა ჯაიანთან ერთად?
– დიახ, პირველად გამოაქვეყნა, ვიფიქრე, რომ შერიგდნენ და მან დაადებინა. ორი წელი ერთად იყვნენ. ორი კვირის წინ ჩვენ სამნი ერთად ვიყავით აუზზე, ვიდრე დაშორდებოდნენ.
– ამბობენ, რომ ტოქსიკური ურთიერთობა ჰქონდათ, ბექა ჯაიანი მოძალადე იყო?
– დიახ, ტოქსიკური ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ არასოდეს უთქვამს კესოს, რომ სცემდა. თუმცა ერთხელ შევნიშნე, რომ ყელთან ჩალურჯება ჰქონდა, მითხრა, რომ ძლიერად მიჩქმიტაო. როგორც მივხდი, ერიდებოდა ჩემთან ამაზე ლაპარაკს, ვეტყოდი, შეეშვი, დაანებე თავი – მეთქი. მათი ურთიერთობის მომხრე არ ვიყავი, სულ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ნახეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები