დღის ამბები პოზიტივზე
დღის ამბები -„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 სექტემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს ზაჰესში, მუხათგვერდსა და სოფელ გლდანში.
მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
****
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2021-2023 წლებში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და ეროვნული გალერეის ფონდებისათვის დაბრუნებული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
ეს ექსპონატები 1993-2010 წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში, ასევე სამინისტროებსა თუ უცხო ქვეყნის ორგანიზაციებში იყო გატანილი. ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა გრიგორი გაგარინის, ლევ ლაგორიოს, კარლ ჟუკოვსკის, ევგენი ლანსერესა და ბორის ფოგელის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები, რომლებსაც საქართველოსათვის უდიდესი ისტორიულ-ეთნოგრაფიული და მხატვრული მნიშვნელობა აქვს.
როგორც კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, გამოფენის ნახვას საზოგადოება 15სექტემბრის ჩათვლით შეძლებს.
****
პოპულარული შეფ-მზარეული, ჯეიმი ოლივერი ონლაინ პლატფორმებზე საქართველოს გასტრო ტურისტული მიმართულების შესახებ მორიგ ვიდეო რგოლს ავრცელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბრიტანელი შეფ-მზარეული Facebook-ზე, Iinstagram-სა და Tik Tok-ზე გავრცელებული ვიდეორგოლით საქართველოში კულინარიულ მოგზაურობას აღწერს.
****
დათო მაღრაძე პოემა „ბარაქიანი მიწის“ თურქულ ვერსიას სტამბოლის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის IPFL- 2024-ის ფარგლებში IPFL-ის აღმასრულებელი საბჭოს მიწვევით წარადგენს.
6 ოქტომბერს თურქული პენ-ცენტრის და ქართული კულტურის ცენტრის ინიციატივით “ ბარაქიანი მიწის” პრეზენტაცია გალათას კოშკთან, Bilim Beioglu-ს დარბაზში გაიმართება.
პოემა თურქულ ენაზე ჰასან ჩელიკმა თარგმნა.
****
საქართველოში მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი 47 ატრაქციონია რეგისტრირებული, აღნიშნულიდან 11 თბილისშია განთავსებული. ამასთანავე, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ცნობით, 2020
წლიდან დღემდე 108 ინსპექტირება განხორციელდა, რომელთაგანაც 30 დედაქალაქში ჩატარდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისში ატრაქციონის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობის გამო, 2 ობიექტი დაჯარიმდა.
****
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.9 პროცენტით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.4-პროცენტიანი ზრდით, რამაც 1.06 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
****
„ფასის შემცირების ტენდენციაა – უფრო მეტი გასაქირავებელი ბინა შემოგვდის, ვიდრე მოთხოვნაა“ ,- ამის შესახებ უძრავი ქონების აგენტმა, ნელიკო გოგუაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქში მზარდი მშენებლობების პირობებში, ეკონომ- კლასის ბინებს უმრავლესობა იმ მოტივით ყიდულობს, რომ შემდეგ გააქირაოს. შედეგად, ჭარბმა მიწოდებამ, ფასების შემცირება გამოიწვია.
მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის ივლისში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა „საგრძნობლად გაიზარდა“ და გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 435 შეადგინა, რაც 3%-ით აღემატება 2023 წლის ივლისის და 18%-ით 2024 წლის ივნისის მაჩვენებლებს.
****
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროსუქტი-ს ზრდამ 13% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი 7 თვის საშუალო მაჩვენებელი 9.7%-ით განისაზღვრა.
რაც შეეხება ინფლაციას, აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ -0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის აგვისტოში, წლიურად 0.9% იყო.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდით არამარტო რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებს შორის.
****
დღის ამბები -წლევანდელ ზაფხულს რუსების დასასვენებელი მარშრუტი 6 ძირითად მიმართულებას მოიცავდა: აფხაზეთი, თურქეთი, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ტაილანდი. მათი 90% სწორედ ამ ქვეყნებში გადანაწილდა.
პირველ ადგილზე, კონკურენტებისგან დიდი სხვაობით, თურქეთია. რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ანალიტიკური სამსახურის მონაცემებით, ზაფხულის სამი თვის განმავლობაში, რუსებმა ამ ქვეყანაში დაახლოებით 2.75 მილიონი ვიზიტი განახორციელეს, რაც 2023 წლის ზაფხულთან შედარებით 7,8%-იან ზრდას წარმოადგენს.
****
პარიზის ოლიმპიადის დაწყებამდე ეიფელის კოშკზე დამონტაჟებული ოლიმპიური რგოლები შესაძლოა, სამუდამოდ დარჩეს. ინიციატივა ქალაქის მერს ენ იდალგოს ეკუთვნის.
პარიზში ოლიმპიური თამაშები 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა, ხოლო მიმდინარე პარაოლიმპიადა 8 სექტემბერს დასრულდება.
მერის თქმით, ოლიმპიური რგოლები ხალხს ამ მოვლენებს გაახსენებს.
დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები