მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს.
ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა.
წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ სამი მოციქული: პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა, თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.
მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი იესოსთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს თავს ელვარე ღრუბელი დაადგა და ხმა ჩაესმათ: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.
ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს, თაბორის მთა ღრუბლით იფარება.
მარიამობის მარხვა ფერისცვალებას თევზით ხსნილია. ამასთან ერთად, დღეს ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება.
მასალის გამოყენების პირობები