„შენობა, რომელზეც არის რაიმე სახის დაშენება-მიშენება, ყველანაირი გამონაკლისის გარეშე არის ავარიული,“ – ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მთავარმა არქიტექტორმა ირაკლი როსტომაშვილმა განაცხადა.
1992 წლიდან საქართველოში მშენებლობის კონსტრუქციული ნაწილის საანგარიშო ნორმები შეიცვალა და გახდა 8 ბალი. საუბარია, თბილისზე. 1992 წლამდე იყო 7 ბალი. მას შემდეგ იყო რამდენიმე სიძლიერის მიწისძვრა და მაშინ მხოლოდ ე.წ. უკანონო მიშენებები დაზიანდა. ნგრევა კი ძველ ისტორიულ ზონებში დაფიქსირდა,“
ამასთან შენობა, რომელიც პროექტის შესაბამისად არის აშენებული, რომელსაც ზედამხედველობის სამსახური გრაფიკის მიხედვით აკონტროლებს და იბარებს, ის შენობა, თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ არის მყარი.- განაცხადა როსტომაშვილმა
****
2024 წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 620, ათასი ტონა შეადგინა, რაც 66 ათასი ტონით ანუ 11,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობ-პროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2024 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 307,2 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 313 ათასი ტონა.
****
ბოლო სამ თვეში (აპრილი, მაისი, ივნისი), რეად-მისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 1103 პირზე გაიცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში რეად-მისიის სულ 1109 განცხადება განიხილეს, საიდანაც უარი მხოლოდ 6-ზე გაიცა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი – 754 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. შემდეგ მოდის საფრანგეთი (131); საბერძნეთი (59); შვეიცარია (34); პოლონეთი (21); იტალია (20); ესპანეთი და ავსტრია (13-13); ირლანდია (10); ნიდერლანდები და ბელგია (9-9).
****
2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 2.6%-ით გაიზარდა, აფხაზეთის რეგიონში კი 5.6%-ით შემცირდა. ამის შესახებ „გალტ&თაგარტის“ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაშია საუბარი.
კვლევის მიხედვით, ადგილობრივი მოხმარების ზრდა საცალო (+4.9% წ/წ) და პირდაპირი მომხმარებლების (+4.9% წ/წ) გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. თავის მხრივ, პირდაპირი მოხმარების ზრდა კი, კვლევის ავტორების შეფასებით, კრიპტო-მაინინგის და მეტალურგიის გააქტიურების შედეგია და ზრდის გაგრძელება ისევ მოსალოდნელია.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შემოსვლის და საზღვრის კვეთის სტატისტიკა აღირიცხა.
მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ყველაზე მეტჯერ რუსეთიდან გადმოკვეთეს. ამ პერიოდში საქართველოში რუსეთიდან 21 205 ადამიანით მეტი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში რუსეთიდან 439 638 პირი შემოვიდა, გასვლით კი – 418 442 მოქალაქე გავიდა.
საზღვრის კვეთის რაოდენობით, მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც საზღვრის გადმოკვეთის 417 363 და საქართველოდან თურქეთში გასვლის 413 433 შემთხვევა აღირიცხა.