ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია…
გატაცება
1968 წელს, ეგრეთ წოდებული, „პრაღის გაზაფხულის“ შემდეგ, როდესაც „ვარშავის ხელშეკრულების“ ძალები „წითელი არმიის“ მეთაურობით ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქში შეიჭრა და მოსახლეობის ანტისაბჭოთა, ანტიკომუნისტური გამოსვლები სისხლში ჩაახშო, ბერლინში ქართველმა ტანკისტმა ნოდარ გობრონიძემ ტანკით ბერლინის კედლის ერთ-ერთი მონაკვეთი გაარღვია და დასავლეთ ბერლინში გადავიდა. იქვე დისლოცირებულმა ამერიკული ჯარის ნაწილებმა მიიჩნიეს, რომ რუსებმა ომი დაიწყესო და შეტევის მოსაგერიებლად მოემზადნენ. თუმცა, გობრონიძემ ტანკი გააჩერა და ლულა კომუნისტური ბერლინისკენ მიმართა. შემდგომ ტანკის ლუკი გააღო და თეთრი ქსოვილი ააფრიალა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ თავდასხმას არ აპირებდა. შემდეგ თავადაც ამოვიდა და გონებამიხდილი, ხელებგაკოჭილი საბჭოთა პოლკოვნიკი ამოათრია და ტანკის კორპუსზე დააწვინა. გობრონიძე 21 წლის იყო. ის და გაკოჭილი პოლკოვნიკი ამერიკელების შტაბში მიიყვანეს. ტყვე რუსი პოლკოვნიკი სტეპან ბარანოვი აღმოჩნდა, რომელიც საიდუმლო განყოფილებას (Îñîხûé îòჰåë) მეთაურობდა. ნოდარ გობრონიძე ამერიკელებს წარუდგა და განაცხადა, რომ სტეპან ბარანოვი გაიტაცა.
გატაცების მიზეზი
პოლკოვნიკი, თანაც საიდუმლო განყოფილების ხელმძღვანელი, „მსუყე ლუკმა“ იყო „ცეერუსთვის“. გობრონიძემ თავისი ქმედება ასე განმარტა: მას გერმანელი სტუდენტი გოგონა, 20 წლის გრეტა ბუში უყვარდა. გოგონა მამით გერმანელი, დედით ჩეხი იყო და მას ჩეხოსლოვაკიაში მიმდინარე სისხლიანი მოვლენები გაუპროტესტებია. ბერლინის უნივერსიტეტში ერთ-ერთი ლექციის დროს დიდ აუდიტორიაში სიტყვით გამოსულა და კომუნიზმისთვის დამპალი იდეოლოგია უწოდებია, ხოლო „წითელი არმიისთვის“ კი – სისხლიანი, ღორი, მკვლელი რუსების ბანდა… გრეტა ქუჩაში აუყვანია გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურს, „შტაზს“ და უკვე მესამე დღეა, რაც იქ იმყოფებაო. („შტაზი“, როგორც იქ ნამყოფი ადამიანები ჰყვებოდნენ, „გესტაპოსა“ და „კაგებეზე“ საშინელი ორგანიზაცია იყო და იქ დახვეწილი ჯალათები მუშაობდნენ). გობრონიძე, ბარანოვის გრეტაზე გაცვლას ითხოვდა და იმავდროულად, ფედერაციულ გერმანიაში დარჩენის თხოვნით მიმართა ადგილობრივ მთავრობას.
გაცვლა
სტეპან ბარანოვი ერთ-ერთი ყველაზე ინფორმირებული მაღალი რანგისა და მაღალი თანამდებობის ოფიცერი იყო გერმანიაში დისლოცირებულ საბჭოთა ჯარში. მას რომ „პირი დაეღო“, „ცეერუ“ საკმაოდ მდიდარ საიდუმლო ინფორმაციას შეიტყობდა. მათ შორის სტრატეგიულსაც. ამიტომ, საბჭოთა უშიშროება მაშინვე დაეთანხმა დასავლეთ გერმანიის მთავრობის შემოთავაზებას (სინამდვილეში მათ უკან „ცეერუ“ იდგა) გრეტა ბუშის ბარანოვზე გაცვლის თაობაზე. თუმცა, „ცეერუმ“ ბარანოვს თანამშრომლობა და ფული შესთავაზა. საბჭოთა პოლკოვნიკმა უარი განაცხადა და ამერიკელებს მისი გადაბირება აღარ უცდიათ. თავდაპირველად შეთანხმდნენ, რომ ბუშსა და ბარანოვს კომუნისტურ ბერლინში, საბჭოთა კავშირის საელჩოს შენობაში გაცვლიდნენ. შემდგომ ეს შეთანხმება შეცვალეს და გადაწყვიტეს, გაცვლის ცერემონია დასავლეთ გერმანიაში, ბონში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შენობაში შემდგარიყო. ამერიკელები შუამავლის როლში გამოდიოდნენ. ეს საბჭოეთისთვის დიდი პოლიტიკური დამცირება იყო, მაგრამ მაინც დათანხმდნენ და გაცვლა შედგა. ბარანოვი „კაგებემ“ წაიყვანა და გრეტა ბუში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში დატოვეს. საბჭოთა ტანკს კი ტროსი გამოაბეს, ბუქსირზე აიყვანეს და კვლავ აღმოსავლეთ ბერლინში გადაათრიეს. ფედერაციული გერმანიის მთავრობამ უფლება არ მისცა საბჭოთა ტანკისტს, რომ თავის ტერიტორიაზე შეეშვა და ტანკი მას გადაეყვანა. ეს ფაქტი მორიგი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
ცოლ-ქმარი
ნოდარ გობრონიძემ და გრეტა ბუშმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეობა მიიღეს. ქალ-ვაჟი 1969 წლის თებერვალში დაქორწინდა, ბონში დასახლდნენ და „რადიო ევროპაში“ დაიწყეს მუშაობა. ისინი ანტისაბჭოთა, ანტიკომუნისტურ პროპაგანდას ახორციელებდნენ და თამამად ამხელდნენ მათ სხვადასხვა დანაშაულს. „კაგებემ“ მათი ლიკვიდაცია სცადა და 1969 წლის აგვისტოში ცოლ-ქმარს ავტოავარია მოუწყვეს. გრეტა ფეხმძიმობის მეექვსე თვეზე იყო. სატვირთო მანქანის მძღოლი „კაგებეს“ მიერ იყო მოსყიდული, მაგრამ მან დავალების შესრულება ვერ მოახერხა და ცოლ-ქმარი უვნებლად გადარჩა. მძღოლი კი პოლიციამ დააპატიმრა და მან აღიარა, რომ შეკვეთილი მკვლელობა უნდა შეესრულებინა. ის ციხეში ჩასვეს. ცოლ-ქმარს კი დაცვა მიუჩინეს. ამის შემდეგ მათზე თავდასხმის მცდელობა აღარ ყოფილა. გრეტასა და ნოდარს 5 შვილი შეეძინათ. ოჯახი ბონის გარეუბანში დასახლდა.
წყარო: ჟურნალი თბილისელები
მასალის გამოყენების პირობები