24 ივლისს, პოლონელმა მყვინთავებმა განაცხადეს, რომ გასულ კვირას ბალტიის ზღვაში, შვედეთის სანაპიროსთან, XIX საუკუნეში ჩაძირული გემი აღმოაჩინეს, რომლის ტრიუმი შამპანურისა და ფაიფურის ყუთებით იყო სავსე. ჯგუფის განცხადებით, ძალიან გაუხარდათ გემის ბორტზე იშვიათი „განძის“ პოვნა, რომელსაც ჩაძირულ სავაჭრო გემში მიაგნეს. „მთელი გემი სავსეა შამპანურის, მინერალური წყლისა და ფაიფურის ყუთებით“, – განუცხადა სააგენტო „ფრანს პრესს“ „ბალტიკტეჩის“ მყვინთავთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ტომას სტაჩურამ. მისი თქმით, სხვა ნივთებთან ერთად, მყვინთავებმა გემზე შამპანურის 100-მდე ბოთლიც ნახეს.
„40 წელია ვყვინთავ და ხშირად ხდება, რომ ფსკერზე ერთი-ორ ბოთლს ვიპოვი ხოლმე, ჩაძირულ გემზე ასეთი რაოდენობის ტვირთის აღმოჩენა კი ჩემთვის პირველი შემთხვევაა“, – დასძინა სტაჩურამ. პოლონელი მყვინთავები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში იკვლევენ ზღვის ფსკერს ჩაძირული გემების აღმოჩენის მიზნით, აღნიშნავენ, რომ შვედეთის კუნძულ ოლანდიდან სამხრეთით, დაახლოებით 20 საზღვაო მილის (37 კმ) მანძილზე ჩაძირულ გემს შემთხვევით წააწყდნენ. „ახალ ადგილებს მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო ვამოწმებდით და ეს გემი სწორედ მაშინ აღმოვაჩინეთ“, – ამბობს სტაჩურა. დალუქული თიხის ბოთლების პოვნა, რომლებშიც მინერალური წყალი აღმოჩნდა, ჯგუფს იმის დადგენაში დაეხმარა, რომ გემი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩაიძირა.
„ჩვენ მოვახერხეთ თიხის ბოთლზე ამოტვიფრული ბრენდის სახელის ფოტოგრაფირება. აღმოჩნდა, რომ ეს არის გერმანული კომპანია „სელტერსის“ ბოთლები, მათ ლოგოს კი ასეთი ფორმა სწორედ XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჰქონდა“, – ამბობს სტაჩურა. მყვინთავების თქმით, აღმოჩენის შესახებ მათ შვედეთის რეგიონულ ხელისუფლებას აცნობეს და ასევე განმარტეს, რომ ადმინისტრაციული ბარიერების გამო, ზღვიდან შამპანურის საგანძურის ამოღებას გარკვეული დრო დასჭირდება. „ის ზღვის ფსკერზე 170 წელი იყო, ასე რომ, კიდევ ერთი წელიც რომ იყოს, არაფერი დაშავდება, ჩვენ კი გვექნება დრო, შამპანურის ამოღების ოპერაციისთვის უკეთ მოვემზადოთ“, – აცხადებს სტაჩურა.
მასალის გამოყენების პირობები