ნიკუშა შენგელაიას “უცნობი მხარე”👇
– ვინ არის ნიკუშა შენგელაია?
ნიკუშა შენგელაია: მთელი ცხოვრებაა, ამას ვარკვევ. ჯერ არ ვიცი. თუ ღმერთი მომცემს შესაძლებლობას, რომ კიდევ ვიცოცხლო, შეიძლება, გავარკვიო. თუმცა, შეიძლება, პასუხგაუცემელიც დამრჩეს ეს შეკითხვა.
– თქვენი საოცნებო ცხოვრება როგორია?
– მადლობელი ვარ უფლის იმის გამო, როგორც ვცხოვრობ. ოცნება სხვა რამეა, ჩემთვის მადლიერების გრძნობაა მთავარი. ეს მაქვს. მადლიერი ვარ იმის გამო, რომ ჩემს ოჯახში გავჩნდი, ჩემს ქვეყანაში გავჩნდი, მყავს ისეთი სამეგობრო, როგორიც მყავს და ვცხოვრობ ისე, როგორც ვცხოვრობ. არაფერ სხვაზე არ ვოცნებობ, ეს ყველაფერი ჩემთვის საკმარისია.
– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?
– სიძულვილით არაფერი, მაგრამ ახალგაზრდობაში მამაჩემი მეგობრებთან ერთად მამუშავებდა ეზოში. ბეტონიც ჩაგვისხამს, ღობეც გაგვიკეთებია, ტალავერიც. სინამდვილეში, ეს ყველაფერი კარგ მოგონებებად მაქვს. არაფერი არ მიკეთებია ისეთი, რაც მძულდა. მონათმფლობელობა აღარ არის, არავინ გაძალებს ის გააკეთო, რაც გძულს. თუმცა, შეიძლება, გარკვეული მიზეზების გამოც მოიქცე ასე. არ ვიცი, ვერ გეტყვით.
– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?
– მშობლების წასვლის დროს ვიტირე. დანარჩენი რა ვთქვა, ხომ იცით, მხოლოდ ცრემლებში არ გამოიხატება ემოციები. შეიძლება, მოგაწვეს ძალიან, მაგრამ არ იტირო, ყელში გაგეჩხიროს ბურთი. არის ცხოვრებაში ასეთი მომენტები და მეც ემოციურად ვრეაგირებ.
– თქვენთვის რას გააკეთებდით? უკეთესი სახლი, ავტომობილი…
– სამოგზაუროდ თუ წავიდოდი, მეტი არაფერი. აბსოლუტურად მაკმაყოფილებს ის, რაც მაქვს. უკეთესი და უკეთესი არ არის ჩემი მოთხოვნილება. მე მაქვს სახლი აივნით, რომელიც კავკასიონს და ზედაზენს უყურებს, წყნეთში ვცხოვრობ. ეზო მაქვს, ვარდებით, ხეხილით და მათ ვუვლი. ყველაფერი მაქვს და მიხარია მათი მოვლა. სამოთხესავით ადგილია, მეტი რაღა უნდა ვინატრო?! ჭერი მაქვს თავზე, მეტი რა მჭირდება. სხვა ტიპის ადამიანებს სჭირდებათ სასახლეები. მე არ მაინტერესებს, მთავარია, სახურავი იყოს თავზე და ხედი, რომ შენს სამშობლოს უყურო. მაგიდა გქონდეს, სადაც ოჯახი და სამეგობრო დაეტევა, დაჯდები და უფალს მადლობას ეტყვი, რომ მათთან ერთად ლუკმას ჭამ. ბედნიერებას სახლის ზომა არ განსაზღვრავს. ბედნიერება ადამიანებსა და ურთიერთობებშია.
– გიოცნებიათ მსოფლიო მასშტაბის ცნობადობასა და გავლენაზე?
– ასეთ რამეზე ნამდვილად არასდროს მიოცნებია. თუ ისეთი ძალაუფლება მექნება, რომ სიკეთისკენ და უკეთესობისკენ შევცვალო მსოფლიო, კარგი იქნება, მაგრამ სამწუხაროდ, ამას ერთი კაცი ვერ აკეთებს. სისულელეა, მატერიალური მისწრაფებების, სიხარბის, გამდიდრების სურვილის ან ძალაუფლების შეგრძნების გამო რომ ხოცავენ ერთმანეთს ოცდამეერთე საუკუნეში. არადა, ჩვენ კიდევ ამას ვუყურებთ. ეს სიგიჟეა. ადამიანი განვითარდა სხვა მხრივ, მეცნიერება და ტექნოლოგიები ვითარდება, მაგრამ რისთვის ვიყენებთ? სამწუხაროდ, სულიერი მხარე არ ვითარდება. ისევ იმ გამოქვაბულში ვართ, მაგრამ სამაგიეროდ, ახალ-ახალი ტექნოლოგიური იარაღებით ხოცავენ ერთმანეთს, რომ მიწები, რესურსები და გავლენები მოიპოვონ. ეს დიდი უბედურებაა.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე მცდარ საქციელად, რასაც შეიძლება, სინანულიც უკავშირდებოდეს?
– ბევრი რამ მინანია. შეცდომების მეტი რა მაქვს. შეუცდომელი ვინ არის? მთავარია, დაინახო, რომ არასწორად მოიქეცი, მიიღო და გულწრფელად მოინანიო. სხვამ არ უნდა დაგასწროს შენი ცუდი საქციელის დანახვა, თორემ ადამიანში მთელი ცხოვრება ბრძოლა მიდის. ზნეობრივი პარამეტრები, რწმენა გაქვს და ცდილობ, აღარ გაიმეორო ის შეცდომები, რომელიც შენივე ზნეობრივი პარამეტრებით მიუღებელია. ნახეთ სრულად