1-ლი ივლისიდან მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება. ამის შესახებ დადგენილება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა უკვე გამოსცა. მანამდე, პრემიერ მინისტრმა განმარტა, რომ პედაგოგებს ანაზრაურება სულ მცირე, 250 ლარით, მაქსიმუმ კი 800 ლარზე მეტით გაეზრდებათ.
განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ პედაგოგის სახელფასო სარგოს ერთ-ერთი განმსაზღვრელი კომპონენტი განათლება და კვალიფიკაცია იქნება.
გარდა ამისა, მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო დამოკიდებულია სამუშაო სტაჟზე.
დადგენილების მიხედვით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ფუნქციური დანამატი განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
წამყვანი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 150 ლარი; მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 300 ლარი.
****
საქართველოში ყველაზე ხშირად 100 ლარიანებს აყალბებენ. ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2023 წლის ანგარიშიდან ირკვევა.
კერძოდ, სებ-ის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით – 58.1%-ით, ხოლო ევროს ყალბი ბანკნოტების რაოდენობა – 27.6%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების და მონეტების ყველაზე მეტი 52.52% 100 ლარიანებზე მოდიოდა; მას მოსდევს 1-ლარიანი მონეტები – 21%-ით; ხოლო მე-3 ადგილზეა 50 ლარიანები – 19.5%-ით.
****
თბილისში, ავტობუსებზე მძღოლის პოზიციაზე 46 ქალია დასაქმებული. ამის შესახებ ინფორმაციას თბლისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, თბილისის ავტობუსების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანპორტო კომპანიის მიერ 2017-2019 წლებში განხორციელდა გენდერული საკონსულტაციო პროგრამა.
აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანი გახდა კომპანიისთვის, რადგან გადამზადდა და დასაქმდა 25 ქალი ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე.
ავტობუსის მართვის მოსამზადებელი კურსი ქალებისთვის 2023 წელსაც დაიგეგმა და 25-მა ქალმა გაიარა გადამზადება.
დღეისათვის, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მძღოლის პოზიციაზე სულ 46 ქალია დასაქმებული,“- ნათქვამია ინფორმაციაში.
****
სტუმრებისათვის ღვინის გაცნობა, ღვინის დაჭაშნიკება და ღვინით მომსახურების ძირითადი წესები – ამ თემებთან დაკავშირებით, აჭარაში ღვინის მარნების წარმომადგენლებს ტრენინგები უტარდებათ. ქობულეთის შემდეგ პრაქტიკულ-თეორიული სწავლება ბათუმში მიმდინარეობს. ტრენინგის მონაწილეები პროფესიონალი ღვინის მცოდნეებისგან ღვინის დაყენების თავისებურებებს, ღვინის კერძებთან შეხამების და მირთმევის (დაჭაშნიკების) წესებს, ღვინის ისტორიასა და მის როლს ტურიზმში ეცნობიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის შემდეგ ტრენინგებს ქედასა და ხელვაჩაურში არსებული ღვინის მარნების წარმომადგენლებისთვის ჩაატარებს. ტრენინგებში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა https://serviceajara.ge/-ზე შეუძლიათ.
****
ყირგიზეთი და უზბეკეთი ჩინეთთან რუსეთის გვერდის ავლით ევროპისკენ რკინიგზის მშენებლობაზე შეთანხმდნენ.
პროექტს, რომლესაც პეკინი, ბიშკეკი და ტაშკენტი 27 წელია, განიხილავენ, მხარეებმა 6 ივნისს, პეკინში მოაწერეს ხელი, ხოლო მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება. 450-500 კმ სიგრძის რკინიგზა ჩინეთის გლობალური ინციატივის, “ერთი სარტყელი, ერთი გზის” ნაწილი გახდება.
ექსპერტების შეფასებით, ტვირთის გადაზიდვის წლიური მოცულობა 15 მლნ ტონას მიაღწევს, ხოლო საბოლოო მომხმარებლისთვის საქონლის მიწოდების დრო 7 დღით შემცირდება.
****
დედაქალაქში 21, 22 და 23 ივნისს ფესტივალი Tbilisi Open Air 2024 გაიმართება. დაგეგმილი ღონისძიებების გამო სამივე დღეს ლისის ტბის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 10:00 საათიდან მომდევნო დღის 01:00 საათამდე იმოქმედებს, დანარჩენ პერიოდში კი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.
თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.
****
უხვმა ნალექმა ბაღდათის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ხანისწყალი ადიდდა.
ადიდებულმა მდინარემ სოფელთან დამაკავშირებელი გზის ნაწილი დააზიანა და კომპანია „ზეკარის“ ტერიტორია დატბორა.
სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
****
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ქობულეთში ერთ-ერთი საშაურმე კვებითი ინტოქსიკაციის სავარაუდო ფაქტზე შეამოწმა – სააგენტომ საშაურმე დააჯარიმა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე კი რეკომენდაციები გასცა.
ამის შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საშაურმეს ჯარიმა საქმიანობის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე განხორციელებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე ფუნქციონირებისთვის დაეკისრა.
სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებისთანავე აცნობებს.
****
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ და რეგიონული ინიციატივების ცენტრმა “ნათელი მომავალი” პროექტი “ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და შესაბამისი მექანიზმების ადვოკატირება იმერეთის საჯარო დაწესებულებებში” შეაჯამეს. პროექტი თვრამეტი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და იმერეთის 7 მუნიციპალიტეტს მოიცავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროფკავშირის ლიდერებმა პროექტში მონაწილეებთან როგორც საკანონმდებლო ბაზა, ისე, იმ ცვლილებების განხორციელების ეტაპები განიხილეს, რომელიც შემდგომ ადგილობრივ დონეზე უნდა აისახოს.
პროექტი, ასევე, გასვლით თემატურ ტრენინგს და პრაქტიკულ სამუშაოებსაც მოიცავდა.
****
ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საქმეთა საბჭომ, რომელიც დღეს ლუქსემბურგში შეიკრიბა, უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ჩარჩო დაამტკიცა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს ნიშნავს, რომ მხარეებს შეუძლიათ ოფიციალურად დაიწყონ მზადება 25 ივნისს დაგეგმილი მთავრობათაშორისო კონფერენციებისთვის, რომელიც ამ კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალური დასაწყისი გახდება.
ამასთან, ბელგიამ, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს, სოციალურ ქსელში მთავრობათაშორისო კონფერენციების შესახებ დეტალები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, უკრაინასთან კონფერენცია ლუქსემბურგში, ევროკავშირის საბჭოს სხდომის ფარგლებში, 25 ივნისს, ადგილობრივი დროით 15:30 საათზეა დაგეგმილი, მოლდოვასთან – კი – 18:00 საათზე.