რა ფორმით გაგრძელდება პროტესტი და როგორია ოპოზიციის გეგმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების შემდეგ ჯერჯერობით უცნობია.
ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ისინი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ და მზად არიან, ამისთვის ერთმანეთის მიმართ პოლიტიკური წყენაც დაივიწყონ. ოპოზიციის ლიდერებმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის წინ დამონტაჟებული სცენიდან ღამით მიმართეს.
“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათი მიზანი ოპოზიციის ერთიანობის დაფიქსირებაა და გუშინდელი გამოსვლები სწორედ ამის დემონსტრაცია იყო.
“ჩემს გამოსვლაზე არანაირი პროტესტი არ ყოფილა. ჩვენი მიზანი არის ოპოზიციის ერთიანობის დაფიქსირება და ეს გავაკეთეთ ჩვენ გუშინ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
****
დეპუტატი ფრიდონ ინჯია პარლამენტს საქართველოს სახელმწიფო გერბზე გაკეთებული დევიზის „ძალა ერთობაშია“ შეცვლას და მის ნაცვლად, „ენა, მამული, სარწმუნოების“ დაწერას სთავაზობს.
შესაბამისი წინადადებით ინჯია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილების განხილვისას გამოვიდა.
****
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაია ბრაჟე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ტყუილში ამხელს – ევროპელი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილისა და “ოცნების” ურთიერთობასთან დაკავშირებით მოსაზრება არ გაჟღერებულა.
“ჩვენ არ გვითქვამს, რომ არ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ “ქართული ოცნება” მართალია სააკაშვილთან დაკავშირებით” – დასძენს ბრაჟე და ფაქტს სიცრუეს უწოდებს.
ევროპელი პოლიტიკოსი ღიად აცხადებს, რომ შეხვედრაზე მხარეებმა იმ კონკრეტულ სანქციებთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით ისაუბრეს, რომელიც რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა, ივანიშვილს გუნდს დაუწესონ.
****
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე იმუშავებენ. ამის შესახებ მაღალჩინოსანმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.
ობრაიენი განმარტავს, რომ სანქციების დაწესება ერთ ღამეში არ ხდება და ამას ძლიერი სამართლებრივი საფუძველი სჭირდება.
“ეს არის საკითხი, რომელზეც ვიმუშავებთ. Როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებითა და ძალიან ძლიერი სამართლებრივი საფუძვლით. ეს არ არის ის, რაც ერთ ღამეში კეთდება“,- ამბობს ჯიმ ო’ბრაიენი.