გია ნიკოლაძის “უცნობი მხარე”👇
– ვინ არის გია ნიკოლაძე?
გია ნიკოლაძე: მკვლევარი. კაცობრიობამ არ ვიცით, რანი ვართ და წესით, ყველა მკვლევარი უნდა იყოს.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– ისეთი ცხოვრების მიღწევა, როგორიც ედემის წყობა იყო. ეს შესაძლებელია. ეს არის სამოთ-ხე და არა ჯოჯო-ხეთი. დიდი ხეები წაშლილია, აღგვილია პირისაგან მიწის. მათი თესლები შენახულია, მაგრამ გარკვეული ცვლილებაა საჭირო, რომ მიწაში ისევ აღმოცენდნენ. მერე ის ალი ისევ ამობრწყინდება. თუმცა, შეიძლება ის ალი უხეებოდაც ამობრწყინდეს. ეს ის ალია, რომელიც უფ-ალ-შია, რომელიც წყ-ალ-შია. მარცვალი ა და ლ, ა პირველი ასოა, ლ – მე-11. სამი ერთიანია, ანუ სამი ერთიანისგან შემდგარი სამება. მარცვალი ალ – ალი არის უფალშიც, ალაჰშიც, ინდოელთა კალიშიც, სვანებს ჰყავთ ქალღმერთი დალი. იოანე ზოსიმეს მიხედვით, ეს ასეა. ალი, რომელიც არის წყალში, რომლის მეშვეობითაც უფალს ყოველდღე ვთხოვთ წყ-ალობას, „უფალო შემიწყალე“. ის წყალი ჩვენ თან დაგვაქვს, ჩვენშია. 75 პროცენტი წყალი ვართ. ჩვენი გარდაცვალების შემდეგ წყალი არსად ქრება. ის იმდენივეა ამ სამყაროში, რამდენიც იყო დასაბამიდან. ჩვენში არსებული წყალი წავა და დიდ წყალს შეუერთდება იმ სტრუქტურით, როგორც ვიცხოვრეთ. ასე რომ, არაფერი იმალება. ამ წყ-ალ-ში ეს ალი, ახლა ჩამქრ-ალ-ია. დამალული ჰყავთ ქაჯებს, „ვეფხისტყაოსანშიც“ ეს წერია. ეს ალი უნდა გამოვიხსნათ, ეს ის ალია, ქრისტეს რომ ფერი უცვ-ალ-ა, რომელიც წყალს ამკვრივებს. ამ ალს რომ გამოვიხსნით, ის რომ ამობრწყინდება, ყველაფერი გაბწყინდება. შეიცვლება ყველაფერი, ადამიანს ტელეპათიური შესაძლებლობები აღუდგება, ძველი ენა დაბრუნდება. შესაძლოა, ბევრმა ვერ გაუძლოს და გაგიჟდეს. ასეც არის ნათქვამი წინასწარმეტყველებაში. თაობა, რომელიც ამ წყობაში დაიბადება, უკვე სულ სხვანაირად იცოცხლებს. თუმცა, შეიძლება, ჩვენც უფრო ბედნიერები ვიყოთ, თუ გადავკეთდებით და შევიგრძნობთ ცუდიდან კარგში გადასვლას. ეს არის ედემის წყობა და ზუსტად ასეთი ცხოვრება არის ჩემთვის საოცნებო.
– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?
– კი, სხვადასხვა კომერციული საქმე. ქუჩაშიც მირბენია. იძულებული ვყოფილვარ, რომ თავი დამეცვა, რომ მეც ისეთივე ვგონებოდი, როგორიც თვითონ იყვნენ და ზედმეტი არაფერი ეთქვათ.
– გულჩვილი ადამიანი ხართ?
– ალბათ, თავიდანვე ვიყავი, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტად გულჩვილი ვხდები. ეს ვერ გამეტებაში გამოიხატება. თუმცა, ზოგჯერ, ბოლოს მაინც იძულებული ხარ, გაიმატო, რომ სხვამ იგივე ვეღარ გაგიბედოს.
– ბოლოს როდის იტირეთ?
– ბოლო დროს ყველაფერზე ნიკაპი მიკანკალებს. გულამოსკვნილს არ ვიცი, მაგრამ თავზარდამცემი იყო, ჩემი გოგია მიქელაძის ამბავი და ძალიან ვიტირე.
– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი იყოთ?
– არაფერი არ მინდა, გარდა იმისა, რომ ეს მოხდეს და მე საერთოდ დავიმალები. მთავარია, ეს თემა გახდეს ცნობილი და დედამიწა დავშაქროთ. მინდა, ეს გამოწვევა ჩვენგან აგორდეს. მინდა, როგორც წყლის გადასხმის ჩელენჯი იყო, ისე აგორდეს შაქრის დაყრის ჩელენჯი, ოღონდ საქართველოდან, იმ მოტივით, რომ დავატკბოთ დედამიწა, თორემ ცრემლისგან გადამლაშებულია და იქნებ, შევწყვიტოთ სისხლის ღვრა. სამი დღით მაინც ფერმებმა აღარ დაკლან არაფერი არცერთ ქვეყანაში. ფერმებიდან ჩადის ყველაზე მეტი სისხლი, ომიდან – ამდენი არა.
– ფიქრობთ, რომ დღეს სამყარო ამ ცვლილებისთვის მზად არის?
– მგონი, მზად არის. კოვიდის მერე იფიქრეს და დღეს მზად არიან. ღმერთმა არ ქნას, მაინცდამაინც ომი დასჭირდეს. მადლობა ღმერთს და მთავრობასაც, რომ ეგ აგვარიდა. თორემ ჰკითხე უკრაინელებს, რა დღეში არიან. იქ უკვე საერთოდ სხვა ფსიქიკა აქვთ, ვეღარ აფრქვევენ საჭირო ენერგიას. შეიძლება, ასეთ მდგომარეობაში დადებითსაც უფრო ჭარბად აფრქვევენ, მაგრამ ერი გაბრაზებულია, შურისძიებაზე ფიქრობს, ასეთია ადამიანის ჯოჯოხეთური ბუნება. ასეთ მდგომარეობაში ალს ვეღარ მოიზიდავ. ეს ალი მოდის ძალიან განწმენდილ ადამიანთან. ბავშვივით უნდა იყო. მონანიებას უნდა ცდილობდე, უნდა შეგეძლოს პატიება, სხვების დანდობა. მე ვნახე ერთხელ ეგ ალი, ეგეთ განწყობაზე ვიყავი, თითზეც შემეხო. იმის შემდეგ სულ ვცდილობ, მაგრამ ვეღარ… იმას ვაბრალებ, რომ იმ განწყობაზე ვეღარ ვდგები. არ ვიცი, რისი ბრალია, ასაკის, ცხოვრების, მაგრამ ასეა და იმედი მაქვს, რომ კიდევ ვიხილავ. ნახეთ სრულად