საერთაშორისო ჟურნალისტური ქსელის გამოძიების მიხედვით, „ჰავანის სინდრომი“ თბილისში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის მეუღლესაც დაუფიქსირდა. ამის შესახებ საუბარია „ინსაიდერის“, „სიბიესის“ და „შპიგელის“ ერთწლიან ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომლის ავტორები აცხადებენ, რომ „ჰავანის სინდრომთან“ რუსეთის სპეცსამსახურების კავშირი დაადგინეს.
„ჰავანის სინდრომი“ ჯერჯერობით ამოუხსნელი მიზეზის მქონე ჯანმრთელობის დაზიანებაა. ამ სინდრომზე წლებია, საუბრობენ ამერიკელი დიპლომატები და სპეცსამსახურების თანამშრომლები. ის პირველად კუბის დედაქალაქში მდებარე აშშ-ის საელჩოში დაფიქსირდა.
ჟურნალისტური გამოძიება თბილისში, 2021 წლის 7 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტს აღწერს, რომლის მიხედვითაც „ჰავანის სინდრომი“ აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის მეუღლეს დიღომში, ე.წ. ამერიკულ სოფელში დაუფიქსირდა.
გამოძიების მიხედვით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ატაშეს მეუღლე აცხადებს, რომ სახლში ყოფნისას მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ის აღწერს ყურისა და თავის ტკივილს, რის შემდეგაც გული აერია. როგორც თავად ქალი ამბობს, ამის შემდეგ მან უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით, სახლის გარე პერიმეტრი შეამოწმა და იქვე გაჩერებული შავი ფერის „მერსედესის“ მარკის ავტომობილი შენიშნა. გარეთ გასულმა კი მაღალი, გამხდარი მამაკაცი დაინახა, რომელსაც ტელეფონით ფოტო გადაუღო, რის შემდეგაც მამაკაცი მანქანით გაიქცა.
როგორც აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის მეუღლე აცხადებს, სამი წლის შემდეგ მან თბილისში ნანახი მამაკაცი ერთ-ერთ ფოტოზე ამოიცნო, როგორც ალბერტ ავერიანოვი, რომელიც რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს აგენტია.
პუბლიკაციაში წერია, რომ ალბერტ ავერიანოვის თბილისში ყოფნა დაადასტურა აშშ-ის მთავრობის ორმა წარმომადგენლებმაც, რომლებიც „სიბიესის“ გადაცემა „60 წუთის“ ჟურნალისტებს ესაუბრენ. ჟურსნალისტური გამოძიების მიხედვით, ავერიანოვი არის რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს ელიტური ქვედანაყოფის „29155“-ის წევრი და ის პასუხისმგებელია მსოფლიოში მოწყობილ არაერთ სპეცოპერაციაზე, მათ შორის ლონდონში სკრიპალების მოწამვლასა და 2014 წელს ჩეხეთში, საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქებაზე.
გამოძიებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2014 წელს რუსი აგენტების სხვადასხვა ევროპულ ქალაქებში გადაადგილება დროში ემთხვევა ფრანკფურტში მდებარე ამერიკულ საკონსულოს თანამშრომლებზე განხორციელებულ „უცნაური თავდასხმების სერიას“. ანალოგიური ინციდენტები მოხდა 2016-2017 წლებში ჩინეთში, ასევე 2021 წელს სერბეთსა და ვიეტნამში.
„მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომ „აკუსტიკური იარაღის“ გამოყენებასთან რუსეთის სამხედრო დაზვერვაა დაკავშირებული, ახლა ხელისუფლებას შეუძლია, გადახედოს მიდგომას „ჰავანის სინდრომისადმი“ და დაიწყოს ინციდენტების სრულფასოვანი გამოძიება“, – აცხადებენ გამოძიების ავტორები.
მასალის გამოყენების პირობები