საქარველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მსოფლიო მედია ეხმაურება. სტატიები გამოქვეყნდა ისეთ წამყვან მედიასაშუალებებში როგორებიცაა: „ბიბისი“, „როიტერი“, „დოიჩე ველე“, „ასოშიეითედ პრესი“ და სხვა.
გთავაზობთ, მათი სტატიების მნიშვნელოვან ფრაგმენტებს:
საქართველომ საბერძნეთთან პენალტების სერიაში გამარჯვებით ისტორია დაწერა – „ბიბისი“ წერს, რომ გამარჯვება საქართველოს ნაკრებს ნიკა კვეკვესკირის მიერ საბერძნეთის ნაკრების კარში გატანილმა პენალტმა მოუტანა, რასაც თბილისში, ჯერ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონსა და შემდეგ დედაქალაქის ქუჩებში გულშემატკივართა ზეიმი მოჰყვა.
„თამაშის დასრულების შემდეგ ქართველი გულშემატკივრები სტადიონზე გადავიდნენ, რათა ნაკრების წევრებისთვის მიელოცათ. საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი 1990 წელს, ჯერ კიდევ მაშინ ჩაატარა, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირში იყო. მნიშვნელოვან ტურნირზე საქართველო საკვალიფიკაციო ეტაპის მეთხუთმეტედ გავლის შემდეგ მოხვდება“, – წერს „ბიბისი“.
„ბიბისი“ წერს, რომ საქართველოსა და საბერძნეთის საფეხბურთო დაპირისპირება განსაკუთრებით დაძაბული და ცოცხალი დამატებით დროში იყო.
„საქართველოს აღზევება“ – ასეთი ქვესათაური აქვს „ასოშიეითედ პრესის“ სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართველი მოთამაშეები ადრეც გახდნენ ევროპის ჩემპიონები – კერძოდ, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 1960 წელს.
„ახლა საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ, მოიპოვა უფლება, საკუთარი საფეხბურთო ისტორია დაწეროს გერმანიაში“, – წერს „ასოშიეითედ პრესი“.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნაკრები და მისი ვარსკვლავი, ფორვარდი ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტები იქნებიან. საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირებას „ასოშიიეთედ პრესი“ აფასებს, როგორც „დაძაბულსა და გამომცდელს“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ გამარჯვების გოლი პენალტების სერიაში შეცვლაზე გამოსულმა ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა, „ეს იყო იდეალური დარტყმა ქვედა კუთხეში“, – აღნიშნულია სააგენტოს სტატიაში.
საქართველოს ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა სააგენტო „როიტერი“. როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოსა და საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირება არეული და ნერვული გამოდგა, ხოლო ძირითად დროში მხარეებს წარმატების მიღწევის ძალიან ცოტა შანსი ჰქონდათ.
სააგენტოს სტატიის მიხედვით, სიტუაცია პირველი ტაიმის ბოლოს დაიძაბა, როდესაც ორივე ნაკრების სათადარიგო სკამზე მყოფი ფეხბურთელები მოედანზე გავიდნენ და საქართველოს ნაკრების სათადარიგო მეკარემ წითელი ბარათი მიიღო.
„როიტერი“ ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდის, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ დარღვევების გამო ბერძენმა ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში სამი ყვითელი ბარათი მიიღეს.
„ოპტიმისტურად განწყობილმა ქართველმა გულშემატკივრებმა თამაშის წინ სტადიონზე მიიტანეს პლაკატი წარწერით – „საქართველომ ისტორია დაწერა“. თამაშის ბოლოს მათ ამაყად შეეძლოთ ამ პლაკატის აფრიალება, როდესაც ნიკა კვეკვესკირის პენალტის შემდეგ ბურთი ბადეში გაეხვია და საქართველოს ნაკრები „ევრო 2024“-ზე გაიყვანა“, – წერს „როიტრი“.
გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ყოფილი ჩემპიონი საბერძნეთი დაამარცხა და გერმანიაში დაგეგმილ ტურნირზე ერთადერთი დებიუტანტი იქნება.
„როდესაც ცხადი გახდა, რომ საქართველოს ნაკრები გამარჯვებულია გულშემატკივრებმა თბილისში სტადიონზე დამონტაჟებული ყველა ჯებირი გაარღვიეს. ბევრი მათგანი ღობეს გადაახტა და მოედანზე გადავიდა, სადაც ნაკრებთან ერთად ისტორიული წარმატება აღნიშნა“, – წერს „დოიჩე ველე“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაკრები მნიშვნელოვან საფეხბურთო ჩემპიონატზე წარდგება.
მასალის გამოყენების პირობები