გასულ კვირას, ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის პრინცესა სიმსივნეს ებრძვის. თავდაპირველად სასახლეს ქეით მიდლტონის დიაგნოზზე საუბარი არ სურდა, მაგრამ საზოგადოების ზეწოლის გამო იძულებულები გახდნენ, რომ განცხადება გაეკეთებინათ.
მიდლტონმა ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ვიდეომიმართვიდან საზოგადოებამ შეიტყო, რომ ქეითს იანვარში ჩაუტარდა მუცლის ღრუს ოპერაცია, რის შემდეგაც სიმსივნე დაუდგინდა. პრინცესა ახლა ქიმიოთერაპიის ადრეულ ეტაპზეა. ქეითი მიმართვაში დაავადების დეტალებზე არ ლაპარაკობს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი უმტკივნეულო უნდა იყოს მისი შვილებისთვის, ამიტომ სამეფო ოჯახის სურვილია დაცული იყოს კონფიდენციალურობა.
ქეითის ამბავმა 7 წლის მილა სნედონამდეც მიაღწია. გოგონას ოთხი წლის ასაკში ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. 2020 წელს ქეით მიდლტონი და მისი მეუღლე უილიამი კურირებდნენ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ბრიტანეთის მოქალაქეები იღებდნენ ფოტოებს, რაც გამოხატავდა იმ სიძნელეებს, რომლებიც მათ პანდემიის დროს შეხვდათ. მილა ერთ-ერთი მათგანი იყო, რომლის ფოტოც პროექტში მოხვდა და პრინცესა მას ორჯერ შეხვდა. ფოტოზე გადაღებულია ის მომენტი, როდესაც გოგონა მამას ფანჯრიდან კოცნას უგზავნის, ამ დროს მილა ლეიკემიის დიაგნოზით ინტენსიური ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა.
ფოტო, სახელწოდებით Shielding Mila, გოგონას დედამ ლინდამ გადაიღო და იყო ერთ-ერთი 100 სურათიდან, რომელიც ქეითის წიგნში “Hold Still: A Portreit of Our Nation 2020” შევიდა.
მას შემდეგ, ქეითმა პატარა გოგონას დაურეკა. სატელეფონო ზარისას მილამ აღფრთოვანებულმა უთხრა ქეითს, რომ სიამოვნებს ძაღლის გასეირნება, იცის მისი და უილიამის ყველა შვილის სახელი და მოსწონს ვარდისფერი – შემდეგ კი პრინცესას სთხოვა, რომ შეხვედრის შემთხვევაში ვარდისფერი კაბა ჩაეცვა.
ქეითმა მილას დანაპირები შეუსრულა და შეხვედრისას სპეციალურად მილასთვის ვარდისფერი კაბა ჩაიცვა. “მინდა ძლიერად ჩაგეხუტო… მომწონს შენი კაბა, შეგიძლია დატრიალდე?” – უთხრა იმ დღეს მილამ პრინცესას.
მას შემდეგ, ისინი რამდენიმეჯერ კიდევ დაუკავშირდნენ ერთმანეთს, მილა სასახლეში შობის დღესასწაულზეც მიიწვიეს.
გოგონამ მოახერხა დაავადების დამარცხება. ახლა კი, როდესაც ქეითის დიაგნოზის შესახებ გაიგო, პრინცესას მისწერა, რომ ამ სენს ის აუცილებლად გაუმკლავდებოდა.
“შენ მამაცი ხარ ისევე, როგორც მე და შენც იბრძოლებ ისე, როგორც მე ვიბრძოლე“, – მიმართავს მილა ქეითს და დასძენს: “იმედი მაქვს, რომ მალე გამოჯანმრთელდება. მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.”
“ქეითის ვიდეო მილას რემისიის ორი წლისთავზე გამოქვეყნდა. მილა მომიბრუნდა და მითხრა, რომ სურდა ქეითისთვის ბარათი მიეწერა. წლების წინ ქეითმა მილას მიმართ დიდი თანაგრძნობა, ზრუნვა და მხარდაჭერა გამოავლინა, როგორც მკურნალობის დროს, ასევე მის შემდეგ, ამიტომ ძალიან ემოციური იყო ბავშვისთვის მისი ვიდეოს ნახვა. მილა ამ ამბავს საკუთარ ჯანმრთელობასთან აკავშირებს“, – ამბობს გოგონას დედა. წყარო
მასალის გამოყენების პირობები