ქალი 29 წლის იყო, მამაკაცი – მასზე 29 წლით უფროსი. და მაინც, ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ. ამ საოცრად ლამაზ ქალს პირველად მამაკაცის გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე შევხვდი. მითხრა, – 15 წლის განმავლობაში უერთმანეთოდ მხოლოდ 10 დღეს ვიყავით და რა უნდა ყოფილიყო საპირწონედ ჩემს ცხოვრებაში უკეთესი, რაც თუნდაც დღევანდელ მარტოდ დარჩენას გადამატანინებდა, თუ არა ის, რაც ჩვენ ერთმანეთს მივეცითო?
მამაკაცი ხშირად ეუბნებოდა მას: მთელი ცხოვრება შენ მაკლდი. შენში ვხედავ სატრფოს, ცოლს, დებს და შვილის უერთგულეს დედას. ასეთი სიახლოვე არავისთან მქონიაო. ერთსულ და ერთხორც იყვნენ და უბედნიერესი 15 წელიწადი გაატარეს ერთად, მერე კი მათი ერთობა გარდაცვალებამ გაჰყო და ქალი მარტო დარჩა…
მამაკაცი – აღმოსავლეთმცოდნე და მთარგმნელი, ფოლკლორისტი და პოეტი, შესანიშნავი სონეტების ავტორი ვახუშტი კოტეტიშვილი გახლავთ, 85 წლის წინ დაიბადა, 4 აგვისტოს და 12 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა.
ამ ქვეყნიდან სამშობლოს ბევრი ტკივილი და ცრემლი გაიყოლა… ბატონი ვახუშტი იშვიათად დიდი ადამიანი იყო, სულით, შემოქმედებითა და გრძნობებით მდიდარი და, ცხოვრებაც იშვიათი ჰქონდა, ბობოქარი – ბევრი ტკივილით, ბევრი სიხარულით და… უსაზღვრო სიყვარულით, ათას ცხოვრებას რომ ეყოფა, ისეთით. ამიტომაცაა, რომ ბატონი ვახუშტისა და მზეო გოგოჭურის სიყვარულის ბალადა დღემდე გრძელდება და, როგორც ჩანს, უსასრულოდ ასე იქნება…
მზეო გოგოჭური:
– თელავში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი სახლი პოეზიით იყო გაჟღენთილი, ამიტომ ჩემი სამყაროც პოეზია იყო. მკაცრი პედაგოგი მშობლები მყავდა და პედაგოგიკური სტანდარტებით გამზარდეს – ვიყავი ხუთოსანი, ქების სიგელებით დახუნძლული და სკოლის საპატიო დაფაზე ჩემი ფოტოც ეკიდა. მიკვირს, ჩემმა პოეტურმა, მუსიკალურმა და არტისტულმა ბუნებამ ცხოვრების ასეთ წესს როგორ გაუძლო. ამით ბევრი სურვილი და მოთხოვნილება ჩამიკლეს. მშობლების “განაჩენით” აღმოვჩნდი თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტზე.
მერე კი, ცხოვრების სტილის შეცვლა გადავწყვიტე: 22 წლისა გავთხოვდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯი გადავდგი. მეუღლის ცხოვრების სტილი ჩემთვის ცოტათი დამღლელი აღმოჩნდა და დავშორდი. გადავწყვიტე, ჩემი პროფესიაც და პირადი ცხოვრებაც შემეცვალა და თბილისში წამოვედი. კულტურის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე და სარეჟისოროზე ვაპირებდი გადასვლას. მთავარი იყო, საკუთარი თავის რეალიზაცია შემძლებოდა.
ინსტიტუტში მისულს, თურმე, სიურპრიზი მელოდა – ლექტორი ვახუშტი კოტეტიშვილი, რომელსაც მანამდე არასდროს შევხვედროდი, მაგრამ დიდ პატივს ვცემდი, ამიტომ გაბადრულმა შევუღე კარი. მას ლურჯი ბერეტი ეხურა, ყავისფერი ტყავის ქურთუკი ეცვა და “პრიმას” ეწეოდა. მოწიწებით წარვუდექი და მერხთან დავჯექი.
წლების განმავლობაში ვახუშტი დაუსრულებლად იხსენებდა ხოლმე ამ პირველ შეხვედრას ან როგორც თვითონ ამბობდა, – შემოფეთებას. ერთი ლექციის განმავლობაში იმდენი კითხვა დამაყარა, ლამის, ჩემი ანკეტა შეავსო. მე და ჩემი ჯგუფელები ამით ძალიან გავხალისდით. მივხვდი, რომ მოვეწონე, თავს აღარ მანებებდა და აღარც მალავდა.
ლექციის ბოლოს კი მკითხა: რატომ ჩამიშალე ლექცია, რატომ ამამღვრიეო? ხომ ჩამიშალეო? – ჩამეკითხა, თან პასუხს ელოდა. სხვა რა გზა მქონდა და მეც სიცილით დავეთანხმე. მერე და მერე ძალიან დავმეგობრდით. ჩემს დაქალებთან ერთად ხშირად მეპატიჟებოდა შინ და ჩემდამი გრძნობას არ მალავდა – პატარა ბიჭივით იყო ანთებული. ასე, ნელ-ნელა შემოვუშვი ჩემში მისი სამყარო. აღმოჩნდა, რომ უამრავი ტრაგედია, ტკივილი და პირადი პრობლემა ჰქონდა. გაორებული იყო. მერე მეორე მეუღლესაც დასცილდა…
ვერაფრით წარმოვიდგენდი, 29 წლით უფროს მამაკაცს თუ შევიყვარებდი და ცოლად გავყვებოდი, მაგრამ… მივხვდი, რომ რატომაც გავყევი, გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის, რაც მაშინებდა… მაშინებდა, რომ მას მალე დავკარგავდი და აკი დავკარგე კიდეც! სიცოცხლის ბოლო პერიოდში დარდი და დეპრესია მოეძალა, რამაც ხასიათი დაუმძიმა, მაგრამ ესეც ღირსეულად გადავიტანეთ. მიუხედავად ამ სირთულეებისა, მან იცოდა, რომ უმისოდ ვერ ვიცხოვრებდი. მაგრამ საშინელება ის იყო, რომ ძალიან ცოტა დრო გვრჩებოდა! თუმცა ვიდრე დავკარგავდი, მან უდიდესი საზრდო მომცა. ვახუშტის სიყვარული ისე ამაღლებული, უსაზღვრო და ფაქიზი იყო, ისეთი სიტყვებით შეეძლო მოემართა და ისეთი ბედნიერება იყო, რაც მისთვის ვიყავი, უარი ვერ ვთქვი… წარმოგიდგენიათ, 60 წლის საშინლად, ყურებამდე შეყვარებული ვახუშტი? ეს იცით, რა სასწაული იყო (ცრემლები მოერია)?
– მისდამი სიყვარული წლების ნაგროვები ემოცია ხომ არ იყო, ერთბაშად რომ იფეთქა?
– სწორედ ეგ იყო. ვახუშტიში ვიპოვე ყველაფერი, გესმით? ის სიყვარული კი არ იყო, ვნებებს რომ ვერ იოკებ, არამედ იმაზე ათასჯერ მეტი იყო. ღამეებს ლაპარაკში ვათენებდით, უმცირეს, პატარა დარდსაც კი ერთმანეთს ვუზიარებდით და რა ბედნიერები ვიყავით! მხოლოდ იმას დარდობდა, გვიან რომ შევხვდით და საერთო შვილი რომ არ გვყავდა, რაც ცოტათი მაინც ჩემი ბრალიც იყო – დედობის სურვილი გვიან გამიჩნდა.
მანამდე კი ისეთი გატაცებული და დაკავებული ვიყავით ერთმანეთით, თითქოს მესამე ადამიანი არც გვახსენდებოდა. სწორედ ამ პერიოდში ვახუშტის თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა და შემოქმედებითი ცხოვრების ახალი ეტაპი დაეწყო: მაშინ თარგმნა რუსული და ჰოლანდიური პოეზია, მაშინ დაწერა ავტობიოგრაფიული რომანი “ჩემი წუთისოფელი”, საკუთარი ლექსების კრებული, ქართული ფოლკლორის ნიმუშების რამდენიმე კრებული, ფერეიდნული ფოლკლორის კრებული, თავისი ინტერვიუებისა და პუბლიკაციების კრებული “მართალს ვიტყვი” და სონეტები, რომლის გამოცემასაც ვეღარ მოესწრო…წაიკითხეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები