ჟირაფები, ანტილოპები, ზებრები, ბეჰემოთები, მარტორქები – ეს იმ ბინადრების არასრული ჩამონათვალია, რომლის მონახულებაც ვიზიტორებს თბილისის ზღვაზე მდებარე ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე შეეძლებათ.
ტერიტორიაზე, რომლის ფართობი 48 ჰექტარია, ორი მთავარი მიმართულება იქნება – კავკასიური და აფრიკული სავანა. როდის გაიხსნება თბილისის ახალი ზოოპარკი და რა სიახლეები ელით დამთვალიერებლებს, ამ საკითხებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს ესაუბრა.
– ბატონო ზურაბ, რა ეტაპზეა თბილისის ახალი ზოოპარკის გადატანის პროცესი? რა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და როდის ექნებათ ვიზიტორებს ზოოპარკის ახალი იერსახით დათვალიერების საშუალება?
– მიმდინარეობს მშენებლობა, ცხოველების გარკვეული ნაწილი გადაყვანილია. დაგეგმარება მსოფლიო ბიოგეოგრაფიული ერთეულების შესაბამისად იქნება. ახალ ზოოპარკში ორი მთავარი მიმართულება იქნება – კავკასიური და აფრიკული სავანა. კავკასიის დიდი ნაწილი არის გადაყვანილი. ერთ-ერთი ძირითადი ექსპოზიცია სწორედ კავკასიის იქნება. გარდა ამისა, ჩვენ კავკასიაში ვცხოვრობთ და მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამყარო უნდა იყოს. მეორე ფაზა გახლავთ აფრიკული სავანის მშენებლობა, რომელიც ახლა მიმდინარეობს. აფრიკული სავანა განკუთვნილი არის დიდი ზომის ჩლიქოსნებისთვის და მსგავსი ცხოველებისთვის, იგულისხმება არასახიფათო ცხოველები. აქ ერთად იქნებიან განთავსებული ანტილოპები, ზებრები, ბეჰემოთები, მარტორქები და ჟირაფები. ზამთრის ვოლიერის მშენებლობა უკვე მთავრდება. თითქმის დასრულებულია ზებრებისა და ანტილოპების ზამთრის სადგომის აშენება. ჟირაფების, მარტორქებისა და ბეჰემოთების სადგომიც უკვე დასრულების პირასაა. ზაფხულის ვოლიერი ჯერ აშენებული არ არის. ჯერჯერობით, ზამთრის ვოლიერი შენდება და შემდეგ გარშემო უნდა ავაშენოთ ზაფხულის ვოლიერი. ახლა გვაქვს ასაშენებელი ძირითადი, ე.წ. ზაფხულის ვოლიერი. ჩვენი კლიმატი სრულიად მისაღებია იქაური ცხოველებისთვის, მაგრამ ზამთრის ვოლიერი მაინც საჭიროა. შემდეგი ეტაპი არის ზაფხულის ვოლიერის აშენება, რომელიც საკმაოდ დიდი იქნება, არ არის მარტივი ნაგებობა. მისი ფართობი დაახლოებით 8-9 ჰექტარი იქნება. როდესაც ადგილზე მოხდება დაგეგმარება და შემოღობვა, ალბათ, ზუსტი ფართობი მერე უფრო დაზუსტდება, მაგრამ რაც რუკაზე არის, 8- 9 ჰექტრამდე იქნება. ეს არის საკმაოდ დიდი ტერიტორია, სადაც პატარა ვოლიერები იქნება განთავსებული. მაგალითად, პრიმატებისთვის სხვადასხვა ვოლიერი იქნება. ცხოველები ნახევრად თავისუფალ პირობებში იქნებიან. პრიმატების კუნძულიც მალე დამთავრდება, გარკვეული შენობები აკლია. იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე დავასრულებთ. გარშემო იქნება დიდი ვოლიერი, სადაც ცხოველები იმოძრავებენ, მათ შორის ყველა ცხოველი ერთად, როგორც ეს მაგალითად, აფრიკის სავანაშია. ეს არის მთავარი იდეა. გარდა ამისა, გვჭირდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, როგორიც არის წყალარინების სისტემა, ელექტროდენის გაყვანა, ბილიკების მოწყობა, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობა და ა.შ. ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება, ახალი ზოოპარკი გაიხსნას. გარდა ამ სიახლეებისა, ადგილზე ვიზიტორებს ასევე დახვდებათ საცხენოსნო კლუბიც.
– როდის გაიხსნება ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებისთვის?
– ამის პროგნოზირება ცოტა რთულია, რადგან დაფინანსებაზე არის დამოკიდებული. დაფინანსება როგორც კი გვექნება, იმის მიხედვით დასრულდება.
– არის თუ არა ბიუჯეტის დაფინანსება ახალი პროექტის სრულყოფილად განსახორციელებლად საკმარისი და გესაჭიროებათ თუ არა დამატებითი შემოსავლები? მიგაჩნიათ თუ არა, რომ პროექტის განსახორციელებლად კერძო სექტორის ჩართვა არის საჭირო?
– კერძო სექტორთან ჩვენ გვქონდა გარკვეული ურთიერთობა, მაგრამ მათი მხრიდან მაინც და მაინც დიდი ენთუზიაზმი არ ჩანდა არა მარტო ზოოპარკის მშენებლობასთან დაკავშირებით, არამედ კონსერვაციულ საქმიანობაზეც გვქონდა რამდენიმე პროექტი, რომელშიც ვცდილობდით კერძო სექტორი უფრო აქტიურად ყოფილიყო ჩართული ჩვენი ქვეყნის ბუნების დაცვაში, მაგრამ მათ მხრიდან მაინც და მაინც დიდი ენთუზიაზმი არ გამოუწვევია. ერთადერთი, ვინც გვაფინანსებს, ეს არის სახელმწიფო. სწორედ მათ გამოჰყვეს თანხები და ამით შევძელით სამუშაოების გარკვეულ დონემდე განხორციელება. გარდა ამისა, ურთიერთობა გვაქვს უცხოურ ფონდებთან. მაგალითად, ერთ-ერთი არის „ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალი“, რომელთან ერთადაც შენდება ვეტერინარული კლინიკა, რომელიც პარალელურად, სარეაბილიტაციო ცენტრიც იქნება. შენობა არის აშენებული, ახლა შიდა სამუშაოები არის ჩასატარებელი. იმედია, ეს პროექტი წელს დასრულდება. რაც შეეხება მშენებლობას, ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი თანამშრომლების ხელით არის აშენებული. ჩვენ გვყავს ჩვენი მშენებლები, თუმცა, ჩვენი ჯგუფი საკმაოდ მცირერიცხოვანია, ისინი საკმაოდ ბევრ სამუშაოს ასრულებენ. ნებისმიერი თანამშრომელი, ვისაც რაიმეს გაკეთება შეუძლია საკუთარ პროფესიულ დონეზე, ყოველთვის მონაწილეობს ზოოპარკის მშენებლობაში. არსებული ვოლიერების დიდ ნაწილი სწორედ ჩვენი თანამშრომლებიც ხელით არის აშენებული.
– დაახლოებით რა თანხა გჭირდებათ იმისთვის, რომ ახალი ზოოპარკის პროექტი სრულად განხორციელდეს?
– ზოოპარკი რომ მთლიანად გადავიდეს და საბოლოო სახე მიღოს, დაახლოებით 40-50 მლნ ამერიკული დოლარი არის საჭირო, მაგრამ ზოოპარკის გახსნისთვის აუცილებელი არ არის, რომ ყველა ექსპოზიცია იყოს. ზოოპარკი ყოველთვის შეიძლება განვითარდეს, სხვა შემთხვევაში, შეიძლება მოსაწყენიც გახდეს. მისი განვითარება გახსნის შემდეგაც არის შესაძლებელი. იმისთვის, რომ ახალი ზოოპარკი გავხსნათ, დაახლოებით 7 მლნ ლარია საჭირო.
– რა რაოდენობის თანხა არის ბიუჯეტით გათვალისწინებული?
– ჯერ ამ წლის ბიუჯეტი არ გვაქვს. ველოდებით პასუხს, ალბათ, უახლოეს დღეებში გვეცოდინება რამდენი იქნება.
– როდის შეემატება ზოოპარკს ახალი ბინადრები, ცნობილია, რომ ჟირაფების ჩამოყვანა იგეგმება. როდის და რამდენ ჟირაფს ჩამოიყვანთ?
– ჟირაფი დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა სხვა სახეობების ჩამოყვანასაც ვაპირებთ, მაგალითად მარტორქების. ერთი მარტორქა გვყავს, მაგრამ კიდევ უნდა დავუმატოთ მარტორქები, ბეჰემოთები, ასევე ანტილოპები. არიან გადაშენების პირას მყოფი სახეობები, რომელიც შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ჟირაფი არის ვარსკვლავი სახეობა, ძალიან პოპულარული და რაც მთავარია, ხალხს ჟირაფის ნახვა უნდა. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, წავიდეს და ჟირაფი აფრიკაში ნახოს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ახალ ზოოპარკში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ჟირაფი იქნება. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ზოოპარკი „ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის“ წევრია. შესაბამისად, როდესაც წევრი ხდები, გაქვს უფლება, წვდომა გქონდეს ისეთ ცხოველებზე, რომელიც ამ სივრცის გარეთ ძალიან რთული საშოვნელია, მათ შორის არის ასეთი ჟირაფი. პროცედურულად ცხოველების გადმოცემის თაობაზე აკეთებ განაცხადს, მათ ჰყავთ ჯგუფები, რომელსაც კომპეტენტური ადამიანები ხელმძღვანელობენ, მივმართავთ მათ და შემდეგ ისინი ჩვენს პირობებს შეამოწმებენ. საკმაოდ დიდი განაცხადია, სადაც დეტალურად არის აღწერილი, როგორ პირობებში იქნება ცხოველი და ვის, რა კვალიფიკაცია აქვს, დაწყებული დირექტორიდან, დამთავრებული მომვლელით. გარდა ამისა, მითითებულია როგორი შენობაა, კლიმატი როგორი გვაქვს. ყველაფრის აღწერა ყველა ცხოველზე დეტალურად ხდება, არა მხოლოდ ჟირაფზე. ჩვენ ამ მონაცემებს ვგზავნით და შემდეგ უკვე მოგვიძებნიან ცხოველს სხვადასხვა ზოოპარკში. სასურველია, სხვადასხვა ზოოპარკიდან იყოს, რომელსაც შემდეგ საქართველოში წამოვიყვანთ.
ჯერჯერობით, ჩვენ განაცხადი გაკეთებული გვაქვს 5 ჟირაფზე, თუმცა, ჩვენი შენობა დაახლოებით 10 ჟირაფისთვის არის საკმარისი, თან ეს შენობა არ არის მათი ხანგრძლივი ყოფნისთვის განსაზღვრული იმიტომ, რომ ჩვენი კლიმატიდან გამომდინარე, ამის საჭიროება არ არის. ჟირაფის გარდა, გათვალისწინებული არის 3 მარტორქა და 3 ბეჰემოთი.
ზოგადად, ზოოპარკის ბინადრების ტრანსპორტირება საკმაოდ რთულია. არიან შესაბამისი კომპანიები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. ჩვენ ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს ერთ-ერთ ჰოლანდიურ კომპანიასთან, მათ შორის არიან ქართული კომპანიებიც. სწორედ მათი მეშვეობით ხდება ცხოველების ტრანსპორტირება, ჟირაფების შემთხვევაშიც ასე მოხდება. პროფესიონალები, რომლებიც ჩაერთვებიან, უზრუნველყოფენ იმას, რომ ყველანაირი წესები დაცული იყოს. ცხოველების გადაყვანას თავისი წესები აქვს. ალბათ, ჩვენს შემთხვევაში, საჰაერო გზით ჩამოვა ახალგაზრდა ჟირაფები, სიმაღლეც თვითმფრინავში შეზღუდულია და უნდა შეეტიოს. დაახლოებით 4 მეტრამდე ცხოველები არიან. მიუხედავად იმისა, რომ სატვირთო თვითმფრინავით ხდება ცხოველების ტრანსპორტირება, მას უნდა ჰქონდეს სათანადო პირობები იმისთვის, რომ ცხოველები გადაიყვანოს. ცხოველების ჩამოყვანა არცთუ იაფი სიამოვნებაა. მათი შესყიდვა საჭირო არ არის, უფასოდ ვიღებთ, მაგრამ ტრანსპორტირება დიდ თანხებთან არის დაკავშირებით. იყო შემთხვევა, განსაკუთრებით წყალდიდობის შემდეგ, როდესაც ავიაკომპანიებმაც ანგარიში გაგვიწიეს და დაბალი ფასები შემოგვთავაზეს.
– რა ბედი ელის თბილისის ძველ ზოოპარკს?
– ჯერჯერობით, ზოოპარკი იქნება, შემდგომში არ ვიცი. ბინადრების ნაწილი გადავა ახალ ზოოპარკში, დანარჩენებისთვის ჯერ კიდევ ასაშენებელი იქნება პირობები, მაგრამ აქ არსებული პირობები აბსოლუტურად ნორმალურია. შეიძლება არ არის ისეთი ვარსკვლავური პირობები, როგორც თბილისის ზღვაზე მდებარე ახალ ზოოპარკში უნდა იყოს, მაგრამ ეს ზოოპარკიც სტანდარტებს ექვემდებარება. სწორედ ამიტომ არის დღეს სახეობების შეზღუდული რაოდენობა აქ. ძველ ზოოპარკში არსებული ცხოველები სტანდარტების შესაბამის პირობებში იმყოფებიან, განსაკუთრებით კვების თვალსაზრისით.
– ქვეწარმავლებს რაც შეეხება…
– ქვეწარმავლებისთვის ასაშენებელი არის ტერარიუმი. ამასთან, ყველაზე ძვირადღირებული შენობა, რაც უნდა აშენდეს, ეს არის აკვარიუმი. გარდა ამისა, ე.წ. ტროპიკარიუმის მოწყობაც გვაქვს დაგეგმილი. გვინდა, რომ ეს იყოს ტროპიკული აზიის ძალიან საინტერესო ფაუნა, მაგრამ ეს ყველაფერი სამომავლო გეგმებია.
– იგეგმება თუ არა გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება?
– ჩვენი ზოოპარკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ გადაშენების პირას მყოფის სახეობების აღდგენა არის. კავკასიის ფაუნა წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილს. სულ 35 ცხელი წერტილი არის მსოფლიოში, აქედან ერთი არის კავკასია. ეს ნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფაუნის არსებობა. ძალიან ბევრი სახეობა გადაშენების პირას იმყოფება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ასეთი სახეობების აღდგენა. აქედან ჩვენ გვყავს ირმები. თავდაპირველად, ერთი წყვილი ირმისგან დავიწყეთ და დღეს უკვე 22 სულიანი, გენეტიკურად კარგად ჩამოყალიბებული ჯგუფი გყავს, რომელიც ალბათ, ძალიან მალე გადავა ალგეთის ეროვნულ პარკში. გარემოს დაცვის სამინისტროს ველური ბუნების დაცვის დეპარტამენტის, ველური ბუნების დაცვის სააგენტოს, ბიომრავალფეროვნების სამსახურის მონაწილეობით დაწყებულია გარკვეული სამუშაოები. წელს აშენდება ე.წ. სარენტროდუქციო ვოლიერი და ჩვენი ირმების დიდი ნაწილი სწორედ ამ ვოლიერში გადავა. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც აქ ადაპტაციას გაივლიან, ბუნებაში გაუშვებენ, ამას ჰქვია თანდათანობითი გაშვების მეთოდი. ასეთივე მდგომარეობაში გვყავს ნიამორები, რომელიც სამხრეთ კავკასიაში, საქართველოში საერთოდ გადაშენების პირას არიან, ერთეული ინდივიდები შემოდიან ხოლმე აჭარაში პერიოდულად. ამიტომ, ჩვენ შერჩეული გვაქვს ისეთი ადგილი, სადაც ნიამორების რეინტროდუქცია გვინდა. ასევე, დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, რომელიც გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. მაგალითად, ირემი გლობალურ დონეზე გადაშენების პირას მყოფი სახეობა არ არის, არც ნიამორი, მაგრამ დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, რადგან ჩვენი ენდემია, მას საკმაოდ შეზღუდული აქვს ტერიტორია. ამიტომ, მას აქვს გლობალური მნიშვნელობა. ამასთან, ჯიხვის აღდგენა მსოფლიო მნიშვნელობისაა და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. ჩვენ ჯიხვი ჩამოყვანილი გვყავს ფრანკფურტიდან, პარიზის ზოოპარკიდან, წელს მოგვყავს ჩეხეთისა და გერმანიის ზოოპარკებიდან დამატებით, რომ გენეტიკურად მდგრადი ჯგუფი შეიქმნას, შემდეგ უკვე ვიზრუნებთ მათ ბუნებაში დაბრუნებაზე. კიდევ ერთი პროექტი არის დომბა. ევროპული ბიზონი, ევროპის ყველაზე დიდი ცხოველი იყო, რომელიც 20-ე საუკუნის დასაწყისში მთლიანად გადაშენდა, შემდეგ პირველად აღდგა პოლონეთში, ასევე ბელარუსში და თითქმის მთელ ევროპაში მიმდინარეობს ამ სახეობის აღდგენა, მათ შორის ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში. ჩვენც ჩამოვიყვანეთ, ორი სახეობა იყო. იყო ევროპული დომბა, პოლონური და კავკასიური. ორი ნაშიერიც მივიღეთ შარშანწინ. ასევე, არსებობს გადაშენების პირას მყოფი სახეობების ეროვნული მოქმედების გეგმა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ეგიდით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეიმუშავა და ჩვენც ჩართული ვიყავით. სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ასევე, გვაქვს პროექტები ფრინველებთან დაკავშირებით.
– ზოოპარკის ბინადართა მომვლელებზე რას გვეტყვით. ხომ არ გაქვთ კადრების დეფიციტი?
– კადრების დეფიციტი არის. მთავარი მიზეზი ისაა, რომ არც ისე მაღალი ანაზღაურებაა. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაგვტოვა, რომლებსაც ტრენინგი ჰქონდათ გავლილი. ზოოპარკში მუშაობა საკმაოდ კარგ ცოდნას მოითხოვს, მათ შორის ცხოველებთან ურთიერთობაში და გარდა ამისა, პრაქტიკულ გამოცდილებასაც. ჩვენი თანამშრომლები ევროპის და აშშ-ის სხვადასხვა ზოოპარკში გადამზადებას რეგულარულად გადიან, განსაკუთრებით, როცა დიდი ზომის ცხოველებს შეხება საქმე. მაგალითად, ჩვენი ორი ვეტექიმი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მიემგზავრება, სადაც ისინი ისწავლიან, როგორც იმუშაონ ველურ პირობებში დიდი ზომის ცხოველებთან. გარდა ამისა, მოხალისეები გვყავს. ეს არის ძალიან კარგი რესურსი. რა თქმა უნდა, მათ ყველანაირი საქმეს ვერ დაავალებ, მაგრამ მოხალისეები ძალიან კარგი რესურსია მათი შემდგომ თანამშრომლებად გარდაქმნისთვის, ისინი წვრთნას გადიან. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც სწავლას პატარა ასაკში იწყებენ და ზოგიერთი კურსდამთავრებული ჩვენი თანამშრომელიც ხდება.
– მიმდინარეობს თუ არა არალეგალური ტყვეობიდან გათავისუფლებული ცხოველებისა და ფრინველების რეაბილიტაცია?
– ასეთი ცხოველების რაოდენობა არ მცირდება. ერთი არის მტაცებელი ფრინველების პრობლემა, რომელიც ძალიან ხშირად დასახიჩრებულ მდგომარეობაში ხდებიან. ზოგიერთის რეაბილიტაცია შესაძლებელია და ისინი ბუნებაში ბრუნდებიან, ხოლო ზოგიერთის შეუძლებელია და რჩებიან. ზოგს ფრენა არ შეუძლია, ზოგს კიდევ დამოუკიდებლად კვება და ასე შემდეგ. ანალოგიური სიტუაცია არის მაგალითად, მგლების და დათვების შემთხვევაში. ეს ორი ყველაზე უფრო პოპულარული ცხოველია, რომელიც სახლში ჰყავთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ბრაკონიერობის მსხვერპლი არიან. გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურები ჩამოართმევენ ხოლმე და მერე ჩვენ გადმოგვცემენ. დათვების შემთხვევაში არის კიდევ ერთი თავშესაფარი ცხვარიჭამიაში. ჯერჯერობით, არ გვქონდა არცერთი შესაძლებლობა, რომ ეს ცხოველები ბუნებაში დაგვებრუნებინა. როდესაც დიდი ზომის მტაცებელი ტყვეობაში ხდება, ისინი საკმაოდ განვითარებულები არიან, დგება გარკვეულ პრობლემა, რაც ქცევასთან არის დაკავშირებული, ჯერ ეს უნდა აღმოიფხვრას და შემდეგ შეიძლება მათი გაშვება. ხშირ შემთხვევაში, ჩვენთან ცხოველი ისეთ მდგომარეობაში ხდება, რომ ჯერ უნდა გამოვაჯანმრთელოთ და შემდეგ დავიწყოთ ქცევით რეაბილიტაციაზე მუშაობა, რაც რთულდება. ფიზიკური რეაბილიტაციის პერიოდში, მათთან გვჭირდება ძალიან მჭიდრო კონტაქტი, რა დროსაც ძლიერდება კავშირი ადამიანსა და ამ ცხოველს შორის. ცხოველი არ უნდა აღიქვამდეს ადამიანს, როგორც მის მიმართ კეთილგანწყობილს. ასეთ შემთხვევაში, ის შეიძლება რომელიმე სოფელში შევიდეს ან ადამიანთან ახლო ურთიერთობაში, რაც ორივე მხარისთვის სახიფათოა. დათვი არის საკმაოდ დიდი და ძლიერი ცხოველი. გარდა ამისა, ის ძალიან ადვილად იცვლის ხასიათს, თამაშიდან უცბად შეიძლება გადავიდეს აგრესიაზე. ასეთ შემთხვევაში, პატარა დათვის ბელიც კი უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანი.
– მიუხედავად აკრძალვისა, არის თუ არა შემთხვევები, როდესაც დამთვალიერებლები ვიზიტორებს ისეთ საკვებს აძლევენ, რაც მათთვის არ შეიძლება?
– სამწუხაროდ. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებს კვების შესაბამისი რაციონი აქვთ და ყველაფერი აქვთ, რაც სჭირდებათ, ხშირ შემთხვევაში, აბსოლუტურად მიუღებელ საკვებს აძლევენ, როგორიც არის მაგალითად, პოპკორნი, კანფეტები, შოკოლადი და ასე შემდეგ, რაც ცხოველებისთვის განკუთვნილი არ არის. ზოგიერთი ცხოველისთვის შოკოლადი საწამლავიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, განსაკუთრებით, შავი შოკოლადი, ამას ცოდნა სჭირდება. თავისთავად ყველა ცხოველი ყველაფერს არ ჭამს. გარდა ამისა, როდესაც ცხოველი უარს ამბობს საკვებზე, ეს არის ჩვენთვის იმის მაჩვენებელი, რომ კარგად ვერ გრძნობს თავს და სასწრაფოდ უნდა ჩავერთოთ. ასეთ დროს ვერ გავარკვევთ, რა რაოდენობის და რა საკვები ჰქონდა მიღებული. ასე რომ, პრობლემები გაცილებით მეტი იქმნება. გარწმუნებთ, ჩვენი ცხოველების კვება მაღალ დონეზეა და მათი გამოკვება საჭიროებას არ წარმოადგენს. ძირითადად ხდება პოპკორნის მიწოდება, რაც ძალიან ბევრი ცხოველისთვის საწამლავია ისევე, როგორც შოკოლადი.
– გასულ წლებთან შედარებით, შეიცვალა თუ არა ადამიანების ცხოველებისადმი დამოკიდებულება?
– ადრე გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ცდილობდნენ სასტიკად მოჰპყრობოდნენ ცხოველებს, მაგალითად, ფარშევანგებისთვის კუდი ამოეგლიჯათ და ა.შ. ეს დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება, გაცილებით უფრო კეთილგანწყობილი ხალხი შემოდის ტერიტორიაზე. ცხოველების მიმართ დამოკიდებულება დადებითად იცვლება.
– პიროტექნიკის გამოყენება რა ზიანს აყენებს ცხოველებს და რატომ არ უნდა გამოიყენონ მოქალაქეებმა?
– პიროტექნიკა, მოულოდნელი ხმაური, რომელსაც ნათება მოჰყვება, ცხოველისთვის საკმაოდ მძიმე გადასატანია, რადგან მათთვის ეს ხიფათთან არის ასოცირებული. დაფიქსირდა მათი დაღუპვის შემთხვევებიც. თუმცა, როდესაც შარშან მივმართეთ საზოგადოებას, არ გამოეყენებინათ პიროტექნიკა ჩვენს მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ ეს ყველაფერი ძალიან კარგად გაიგეს და არავის გამოუყენებია. ასე რომ, წლევანდელმა წელმა ძალიან მშვიდად ჩაიარა. ესეც ნიშნავს იმას, რომ გარშემო გულისხმიერი ადამიანები ცხოვრობენ და მათ ძალიან კარგად ესმით ის პრობლემები, რაც შეიძლება წარმოიქმნას. ალბათ, გარკვეული რეგულაციები არის პიროტექნიკასთან დაკავშირებით საჭირო. წყარო
მასალის გამოყენების პირობები