ყაზახები და ყირგიზები რუსთავის ავტობაზრობაზე გადმოცხოვრდნენ, ვინც ადრე ჩვენგან ყიდულობდა მანქანას, ახლა თავად ჩამოჰყავს, – ამბობს ავტოიმპორტიორი კომპანია Dove Line-ის წარმომადგენელი ჯაბა გოგინაშვლი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარისას.
ჯაბა გოგინაშვილის თქმით, რუსთავის ავტობაზარზე ამჟამად დილერებისთვის მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ვინც ადრე მათგან მანქანებს ყიდულობდა, ახლა თავად ახერხებენ ბიზნესში ჩართვას და ავტომობილების პირადად შეძენას, რაც ძალიან ნეგატიურად აისახება ადგილობრივ ბაზარზე და თავად საქართველოს მოქალაქე დილერებზე.
„ბევრი ყაზახი და ყირგიზი გადმოცხოვრდა ჩვენთან სამუშაოდ, რუსთავი სავსეა და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ჩემი აზრით, ეს უმთავრესი საკითხია, რადგან იგი ავტობიზნესს ხელს უშლის. ამ ხალხის საწინააღმდეგო პირადად არაფერი მაქვს, მაგრამ არათანაბარი კონკურენციის პირობებში გვიწევს მუშაობა, დილერები კი თამაშგარე ვრჩებით“, – განაცხადა ჯაბა გოგინაშვილმა.
რესპონდენტი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ავტოიმპორტიორი კომპანიები აუქციონზე სათამაშო კოდებს ყაზახებსა და ყირგიზებს აძლევენ, რის შემდეგაც მათ თავად ჩამოჰყავთ ავტომობილები და დილერები აღარაფერში სჭირდებათ. ეს შესაბამისად ფასებზეც აისახება და საბოლოოდ, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ზარალდებიან.
„ჩვენც ხომ უნდა გამოვუმუშავოთ თანხა. იგივე პირობები როცა აქვს იმას, ვიზეც ჩვენ უნდა გავყიდოთ ავტომობილები, ჩვენ აღარაფერში დავჭირდებით. სამწუხაროდ, ეს დილერებს და საქართველოს მოქალაქეებს გვირტყამს უპირველესად“, – ამბობს ჯაბა გოგინაშვილი.
Dove Line-ის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბრისას ხაზი გაუსვა ამ საქმიანობის ლიცენზირების აუცილებლობას, რათა ჩარჩოში იყოს მოქცეული ავტომობილების Dealing-ი და თავიდან იქნას აცილებული ბაზარზე არათანაბარი კონკურენციის შექმნა, უცხოელების უკონტროლო დასაქმებასთან ერთად.
„მე არ ვიცი ქვეყანა, სადაც მოქალაქე არ ხარ და აწარმოებ ბიზნესს. ჩარჩოებში უნდა მოექცეს ეს ყველაფერი, ამით მხოლოდ დილერები ვზარალდებით. ვინც ჩვენგან ყიდულობდა, ახლა თავად ჩამოყავს მანქანა. მალე კომპანიებიც ჩვენს დღეში აღმოჩნდებიან, რადგან სადაც კომპანიასთან გასვლა და პარტნიორობა შეძლეს, ძალიან მალე გაერკვევიან და დაუკავშირდებიან ლოჯისტიკურ კომპანიებს, შექმნიან თავიანთ საკუთარ ბიზნესს და ისინიც დარჩებიან თამაშგარედ, როგორც ჩვენ. ამიტომ, ეს საქმიანობა ლიცენზირებული უნდა იყოს“, – თქვა ჯაბა გოგინაშვილმა. წყარო
მასალის გამოყენების პირობები