ქეით მიდლტონმა 10 მარტს პირველად გამოაქვეყნა ფოტო გასული წლის დეკემბრის შემდეგ. შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნების მიზანი იყო საზოგადოების დამშვიდება, თუმცა ყველაფერს საპირისპირო შედეგი მოჰყვა.
საქმე ისაა, რომ “ინსტაგრამზე” ქეითისა და უილიამის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტო შესამჩნევადაა რედაქტირებული, რაც სამეფო წყვილის გულშემატკივრებისთვის კიდევ უფრო შეშფოთების მიზეზად იქცა.
კრიტიკოსები ყურადღებას ამახვილებს ფოტოზე პრინცესა შარლოტას მარცხენა ხელზე, რომელიც შეუსაბამო პოზიციაშია, ყურადღებას იქცევს პრინც ლუისა და ჯორჯის ხელებიც, ხოლო ქეითისა და შარლოტას თმაზე ჩრდილები არც ისე ბუნებრივად ჩანს. აქცენტი კეთდება მათ უკან მდგარ ხეზე, რომელიც უჩვეულოდ ამწვანებულია ამ სეზონის ფონზე.
ფოტოს რედაქტირებას ქეით მიდლტონი თავადაც გამოეხმაურა. უელსის პრინცესამ ბოდიში მოიხადა და ინციდენტი იმას დააბრალა, რომ “ფოტოს რედაქტირებაში ექსპერიმენტს ატარებდა”:
“როგორც ბევრი გამოუცდელი ფოტოგრაფი, მეც ხშირად ვატარებ ფოტოს რედაქტირების ექსპერიმენტებს. მინდა ბოდიში მოვიხადო იმ დაბნეულობისთვის, რაც ჩვენმა ოჯახურმა ფოტომ გამოიწვია”,- წერს ქეითი პლატფორმა X-ის ოფიციალურ ანგარიშზე.