დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა და ფოტოც გამოაქვეყნა.
თორნიკე მამალაძის თქმით, სასულიერო პირი სტამბულში მანქანით, მწოლიარე მდგომარეობაში გადაჰყავთ.
„ახლა გადავკვეთეთ საზღვარი, სტამბულში მივდივართ. პირველ რიგში, გამოკვლევები ჩაუტარდება, შემდეგ მკურნალობა დაენიშნება. ოჯახმა ვიცით, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, მაგრამ მზად ვართ ყველაფრისთვის, მთავარია, ჩემი ძმა ფეხზე დადგეს. დაწოლილ მდგომარეობაშია, საწოლი გვაქვს მანქანაში გაკეთებული, რადგან ჯდომა არ შეუძლია, ამიტომ გადავწყვიტეთ მანქანით წასვლა, იმედი გვაქვს, რომ ოჯახს თავისი ფეხით დაუბრუნდება“, – აცხადებს მამალაძე.
ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. უდოს კომისიამ 14 თებერვალს გაათავისუფლა.
სასულიერო პირი თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები