ახალგაზრდა ქალი 7 თვის ფეხმძიმე იყო, როცა მოძალადე ქმრისგან წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ, სამწუხაროდ, მას არც ოჯახის მხარდაჭერა ჰქონდა და უამრავ პრობლემასთან გამკლავება მარტოს მოუხდა. ამ ამბიდან წლები გავიდა, მაგრამ ახლაც ცრემლებით იხსენებს იმ მძიმე დღეებს.
სოფო ნ.
– არ ვიცი, ამდენი წლის შემდეგ რატომ გადავწყვიტე ამ ამბის მოყოლა, მაგრამ როცა ვკითხულობ ქალების ისტორიებს, სულ მინდა მათ ჩემი ამბავი ვუამბო. სულ მინდა ვუთხრა, რომ მოძალადესთან დარჩენას, ყოველთვის ჯობია მისგან გაიქცევა, რადგან იქ დარჩენით თავიანთ ჯანმრთელობას გაინადგურებენ და შვილების მომავალსაც შეუქმნიან პრობლემებს. არადა, თავიდან ყველაფერი ისე დაიწყო, ვერ წარმოვიდგენდი ამ გზის გავლა თუ მომიწევდა. მე და ჩემი ყოფილი ქმარი ერთ სამსახურში ვმუშაობდით, სწავლა ახალი დამთავრებული მქონდა და მალევე ვიშოვე სამსახური. ფაქტობრივად, მთელ დღეებს ერთად ვატარებდით. გაჩნდა გრძნობაც. მერე ქორწილი გადავიხადეთ და ერთად ცხოვრება დავიწყეთ. მისი მშობლები გაშორებულები არიან, დედამ და ბებომ გაზარდა. დედამისი სამუშაოდ საბერძნეთში იყო წასული და მარტო ვცხოვრობდით. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მალევე შევატყვე, ეჭვიანობდა. არადა, ეჭვიანობის საბაბს არ ვაძლევდი. რომ ვეტყოდი, ხომ არ ეჭვიანობ-მეთქი, ყოველთვის უარყოფდა. ერთ დღეს მომთხოვა სამსახურიდან წამოვსულიყავი, შევეწინააღმდეგე, მაგრამ ბოლოს მაინც დავეთანხმე, რადგან ხშირად ამის გამო ვკამათობდით და საბოლოოდ, წამოვედი სამსახურიდან.
ქორწინებიდან 2 წლის შემდეგ დავფეხმძიმდი. ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ ამბით, რადგან შვილი მინდოდა, მაგრამ შევამჩნიე, რომ თვითონ ამ ამბით დიდად გახარებული არ იყო. ახლა რომ ვაანალიზებ, მართლა სწორად აღვიქვი მისი რეაქციები, თუმცა მაშინ ამას ხმამაღლა ვერ ვამბობდი, ვფიქრობდი, რომ რაღაცები მეჩვენებოდა. ერთ დღეს, სახლის დალაგების დროს უჯრაში აღმოვაჩინე ხელშეკრულება, ბანკიდან დიდი თანხა ჰქონდა ახალი გამოტანილი და რომ ვკითხე, რისთვის დასჭირდა, ამაზე ძალიან გაბრაზდა, არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა და მაშინ პირველად შემეხო ფიზიკურად.
ამ ფაქტმა ძალიან შემაშფოთა, გაბრაზებული წავედი სახლიდან და ერთი თვე ჩემებთან ისე ვიცხოვრე, ერთხელაც არ მოვუკითხივარ. თავიდან არ ვეუბნებოდი ჩემებს ამ ამბავს, მერე ჩემი დაქალი მოვიდა ჩემს სანახავად და მას მოვუყევი. ის დაუკავშირდა ჩემს ქმარს და საბოლოოდ, ისევ შევრიგდით. ისევ დავბრუნდი მასთან სახლში, მაგრამ ვხედავდი, ურთიერთობის აწყობას ვერ შევძლებდით. ყველაფერზე ვკინკლაობდით, ძალიან გაღიზიანებული იყო, აღმოჩნდა, რომ ბანკიდან გამოტანილი ფული ტოტალიზატორში წააგო. ამის შემდეგ, იმ იმედით, რომ იმ ფულს ამოიღებდა, დედამისის წვალებით ნაყიდი ბინაც დაალომბარდა და ის ფულიც წააგო. სამსახურსაც გულს ვერ უდებდა, დედამისთან რომ დარეკავდა, სულ ფულს სთხოვდა, მოკლედ, მასთანაც შეექმნა პრობლემები, რადგან ის ფულს ვერ უგზავნიდა. მაგრად რომ ჰქონდა შეტოპილი, ამას ვხედავდი, საუბარს რომ ვიწყებდი, სულ ჩხუბზე და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადადიოდა. უმუშევრად დარჩენილ ორსულს ექიმთან მისასვლელი ფულიც კი არ მქონდა. როცა ვიზიტზე მიწევდა წასვლა, სულ იმას ამბობდა, ამდენი ფული მე საიდან უნდა მოვიტანოო, ამიტომ რამდენჯერმე გეგმურ ვიზიტზეც ვერ მივედი. ერთ დღეს, დედამისს მოვუყევი, რომ ვალები ჰქონდა, ეტყობა მან ეს უთხრა თავის შვილს და იმ დღეს ისე ძალიან მცემა, რომ თავი ძლივს დავაღწიე. მართლა მახრჩობდა, ყელში მიჭერდა. ის ღამე მეზობელთან გავათენე. მეორე დილით ისევ სოფელში წავედი. მაშინ უკვე ვერ დავფარე მომხდარი და დედას ყველაფერი მოვუყევი. ვუთხარი, რომ მასთან არასდროს დავბრუნდებოდი.
– ოჯახი მხარში ამოგიდგათ?
– არა, რამდენიმე დღეში დედაჩემმა იმაზე დაიწყო საუბარი, რომ თუ ნაყოფი დიდი არ იყო, ჯობდა მომეცილებინა. მისმა ამ ნათქვამმა ძალიან გამამწარა. შოკში ვიყავი. ის კი მიხსნიდა, რომ ეს აუცილებელი იყო, რადგან ბავშვიან ქალს ახალი ოჯახის შექმნა გამიჭირდებოდა. არ მინდა დეტალებში შევიდე, რადგან ეს ძალიან დიდ ტკივილს მაყენებს. ჩემი კატეგორიული უარის შემდეგ თვითონ არ საუბრობდა ამაზე, მაგრამ ნათესავები იმავეს მიმეორებდნენ. ჩემი დედამთილი მუდმივად რეკავდა და მთხოვდა, შევრიგებულიყავით. მაინც მომიწია მასთან დაბრუნება, ამას ნამდვილად ვნანობ, იმ შეურაცხყოფის შემდეგ, უკან რომ დავბრუნდი. თუმცა 7 თვის ორსული ვიყავი, უკვე საბოლოოდ რომ წამოვედი იქიდან. სულ იყო კონფლიქტები, ხელით შეხება, მერე უკვე ჩემს მშობლებთან არ დავბრუნდი, რადგან ვხედავდი ჩემს ოჯახს არ უნდოდა ეს ტვირთი. სოფელში ახლაც არის ეს აზრი, ხალხი რას იფიქრებს. ისე ვიმშობიარე, ბოლო ორი თვე ექიმთან არც მივსულვარ. ამდენი ნერვიულობის ფონზე სულ იმის მეშინოდა, ბავშვს რამე პრობლემები არ შეჰქმნოდა. ჩემი მეჯვარის ოჯახმა შემიფარა. ცოლ-ქმარი საზღვარგარეთ არის და თავიანთი ბინა დამითმეს. ეს ძალიან დიდი გვერდში დგომა იყო ჩემთვის. ფინანსურადაც მეხმარებოდნენ და ოჯახის წევრი ვერ გაგიკეთებს იმდენს, რაც მათ მე გამიკეთეს.
– ქმარს არ მოუკითხიხართ?
– თავიდან მითხრა საზღვარგარეთ წავალ, იქ ვიმუშავებ და მოგხედავთო, მაგრამ მერე გამომიცხადა, რაც გინდა ის ქენი, ეს ბავშვი მე არ მაინტერესებს, იცოდე, მასზე ზრუნვას აღარ ვაპირებ და რომ გაჩნდება, სასწრაფოდ გააშვილე, ან სამშობიაროში დატოვეო. შვილისთვის არც გვარის მიცემას ვაპირებო. ბევრჯერ მითხრა, თქვენი ბედი მე არ მაინტერესებსო. ადამიანს ასეთ მდგომარეობაში რომ დატოვებ, არ ვიცი, იმას რა უნდა ვუწოდო. ამ კაცთან რა საერთო უნდა მქონოდა და სასწრაფოდ გავაკეთე განქორწინება.
ჩემი შვილი ჩემს გვარზეა და არც მამის გრაფაში უწერია მისი სახელი. სანამ ბავშვი არ წამოიზარდა და ბაღში არ შევიდა, მანამდე ფინანსურად ჩემი მეგობარი მეხმარებოდა. ხანდახან ჩემებიც მიგზავნიდნენ სოფლის პროდუქტებს. დედაც ჩამოდიოდა პერიოდულად, მერე უკვე მედგა გვერდში, მეხმარებოდა შვილის ბაღიდან გამოყვანაში. მე სამსახურში გავედი და ცოტა წელში გავიმართე. ხელნაკეთ ნივთებს ვაკეთებდი და იმასაც ვყიდდი ინტერნეტით. რომ არა ჩემი მეგობარი და მისი მეუღლე, არ ვიცი, როგორ შევძლებდი თავის გატანას. მთელი ცხოვრება მათი მადლიერი ვიქნები. მათ გაკეთებულ ამდენ სიკეთეს რომ ხედავდა დედაჩემი, მერე მასაც შერცხვა და დამიდგა გვერდით. მერე მის ჯანმრთელობას შეექმნა საფრთხე, დიაბეტი აღმოაჩნდა და დღეში სამჯერ უწევს ნემსის გაკეთება. დედაჩემი 62 წლის არის, პერიოდულად დალაგებებზე მუშაობდა.
– დედამთილი არ დაგეხმარათ?
– თავიდან ისე იქცეოდა, მეგონა, გვერდით დამიდგებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დავშორდით, საბოლოოდ, მანაც ზურგი გვაქცია. ამდენი წლის განმავლობაში, ბავშვს მხოლოდ ორ-სამჯერ ჩაურიცხა 100-100 ევრო, ერთხელ ტანსაცმელი გამოუგზავნა და ამით დასრულდა ყველაფერი. ამბობს, რომ მისი შვილის ვალები აქვს გადასახდელი.
– ახლა რა პირობებში ცხოვრობთ?
– 4 წლის იყო ჩემი შვილი ისრაელში რომ წავედი. ბავშვი დედასთან დავტოვე, ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სხვა გზა არ დამრჩა, მე და ჩემს შვილს ჭერი არ გვქონდა, როდემდე უნდა ვყოფილიყავი სხვის სახლში? ვიფიქრე, რამენაირად ფეხზე დავდგები-მეთქი. იქ ძირითადად, დალაგებებზე ვმუშაობდი. ფაქტობრივად, დღე და ღამე გასწორებული მქონდა, რომ როგორმე ბინის ფული მეშოვა. შვილს რომ საჭმელს ვერ აჭმევ, ამაზე საშინელება დედისთვის ხომ არაფერია. სხვის გამოგზავნილს რომ ვუყურებდი, ეს იყო ყველაზე მძიმე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. მთელი ცხოვრება მათი მადლიერი ვიქნები და ალბათ ჩემი ლოცვა სულ გაუნათებს მათ ცხოვრების გზას. ორივე ცოლ-ქმარი ამერიკაში ცხოვრობს, შვილიც შეეძინათ და სულ მათზე ლოცვაში ვიქნები. დავაპირე მათთვის ვალი დამებრუნებინა, რადგან საკმაოდ დიდი თანხა დაგროვდა ასე გამოგზავნით, მაგრამ კატეგორიული უარი მითხრეს. ფაქტობრივად, ისინი არიან ჩემი ოჯახის წევრები. საკუთარ დედმამიშვილს ვერ გაუკეთებ ისეთ სიკეთეს, რაც მათ მე გამიკეთეს.
– რამდენი წელი იყავით ისრაელში?
– 6 წელი ვმუშაობდი ისრაელში. ეს იყო ძალიან მძიმე წლები, რადგან შვილის მონატრება უსაშველო იყო. შორიდან ვუყურებდი მის გაზრდას და განვიცდიდი, რომ ჩემს შვილს ვერ ვეხებოდი. ერთადერთი იმით ვინუგეშებდი თავს, რომ იქიდან ვიდეოთვალით ვეხმარებოდი გაკვეთილების მომზადებაში. თითქოს მის გვერდით ვიყავი. ახლა რომ ვაანალიზებ, არ ვიცი, ეს წლები მის გარეშე როგორ ვცხოვრობდი. იმდენი ვიბრძოლე, ბინის ყიდვა შევძელი, მადლობა ღმერთს, ეს რომ შემაძლებინა, თორემ ახლა ისეა გაძვირებული ბინის ფასი, ალბათ ამას ვერ შევძლებდი. როგორც კი საცხოვრებლის საკითხი მოვაგვარე, ამის მერე დავბრუნდი საქართველოში.
ამ დრომდე ვერ ამოვივსე ის დაკარგული წლები. ჩემი გოგონაც სულ ამას მეუბნება, სულ მენატრებოდიო. ძალიან ძნელია ემიგრანტობა, ვინ მოთვლის, რამდენი ღამე მითენებია ტირილში, მაგრამ სულ ვამხნევებდი ჩემს თავს, რომ უნდა გამეძლო. ბევრჯერ დამიყრია ფარ-ხმალი, მითქვამს, რომ მეტი აღარ შემეძლო, მაგრამ ჩემი შვილი მაძლიერებდა. მაძლიერებდა ის, რომ ამ ყველაფერს მისი მომავლისთვის ვაკეთებდი. ახლა უკვე დიდი გოგონაა, სტუდენტი და მიხარია, რომ ასეთი კარგი შვილის დედა ვარ.
დედაჩემზეც უნდა გითხრათ, მართალია, თავიდან მოიქცა ისე, როგორც მოიქცა, მაგრამ შემდეგ, სულ ჩემ გვერდით იდგა და რომ არა ის, ქვეყნიდან სამუშაოდ წასვლას ვეღარ შევძლებდი და აქ მუშაობით ალბათ ვერასოდეს ვიყიდდი ბინას.
– ახლა რას საქმიანობთ?
– ახლა ჩემი სალონი მაქვს, სამი სტილისტი მყავს, მეც ვისწავლე ეს საქმე, მეც ვმუშაობ სტილისტად და დღეს უკვე ცხოვრება მიხარია, ის მძიმე წლები უკან დარჩა. ამიტომ, ყველა ქალს ვურჩევ, არ დარჩეს მოძალადესთან. ეს არ იქნება ადვილი, მით უმეტეს, ხშირად, ქალს წასასვლელი არსად აქვს. რატომღაც, მშობლები გოგოს არ თვლიან იმის ღირსად, რომ მასაც გაუყონ ქონება. ჩემს სახლშიც ასე იყო, ამბობდნენ, ეს სახლი შენი ძმის არისო და მორჩა. ბევრი ადამიანის ფსიქიკა ალბათ ვერ გაუძლებს იმას, რაც მე გადავიტანე, მაგრამ ადრეული წლებისგან განსხვავებით, ახლა მსხვერპლებ ქალებს სახელმწიფოსგან აქვთ მხარდაჭერა. თავშესაფრებია და შეუძლიათ სანამ მოძლიერდებიან, მანამდე იქ იცხოვრონ. ჩემს დროს ეს არ იყო. რომ არა ჩემი მეგობარი და მისი მეუღლე, პირდაპირი გაგებით ქუჩაში ვიყავი დარჩენილი. მადლობა ღმერთს, რომ გამიმართლა.
– ეს წლები მამას შვილის გაცნობა არ უცდია?
– არა, არ უცდია. ერთხელაც კი არ ჰყავს ნანახი. როგორც ვიცი, ის საქართველოში არ ცხოვრობს, მისი ბედით არ დავინტერესებულვარ. ჩემმა შვილმა ყველაფერი იცის და ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ ის ჩემ გვერდით არის. ოჯახის შექმნაზე მერე არ მიფიქრია. ჩემი საზრუნავი ჩემი შვილი იყო და დღეს ორივე ერთად ყოფნით ვივსებთ იმ დაკარგულ წლებს. წყარო
მასალის გამოყენების პირობები