საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაში მონაწილეობს
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-შია, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს.
სესიის ერთ-ერთ მთავარ თემას პანდემიის პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირება წარმოადგენდა. აღნიშნულ საკითხებს 158 ქვეყნის პირველი პირები და ჯანდაცვის უწყებათა წარმომადგენლები განიხილავდნენ.
სესიაზე სიტყვით გამოვიდა მინისტრი აზარაშვილი, რომელმაც პანდემიის გავლენაზე, პრევენციის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„პანდემიამ უფრო მეტად დაგვანახა მრავალსექტორული რეაგირების საჭიროება. COVID-19-მა იმოქმედა არა მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე, არამედ ეკონომიკაზე, სოციალურ და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მან შეგვახსენა, რომ მხოლოდ ჯანდაცვის სექტორი ვერ შეძლებს შეამსუბუქოს პანდემიის გამოწვევების მთელი სპექტრი — ეფექტური რეაგირებისთვის ყველა სექტორში ერთად უნდა ვიმუშაოთ,” — განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის შედეგად მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით აუცილებელია საჭირო ცვლილებებისა და შესაბამისი ინვესტიციების განხორციელება, რათა მომავალში მსოფლიო ასეთი მასშტაბური გამოწვევებისთვის უკეთ მომზადებული იყოს.
მინისტრმა განმარტა, რომ საქართველომ პრიორიტეტად განსაზღვრა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების გაძლიერება. ამ მიზნით დაარსდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების ცენტრები — მათ შორის რეგიონულ დონეზეც — რომელთა ამოცანაა საგანგებო სიტუაციებში ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება, მონაცემების შეგროვება, შეჯერება, ანალიზი და დროული რეაგირება.
გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში ზურაბ აზარაშვილი ასევე მიიღებს მონაწილეობას მაღალი დონის შეხვედრებში, რომლებიც ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნება.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). პანდემიის გავლენა, პრევენცია და სამომავლო გეგმები…. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/pandemiis-gavlena-preventsia-da-samomavlo-gegmebi/
