ახალმა ხელოვნურმა თირკმელმა შესაძლოა, მომავალში დიალიზის საჭიროება მოხსნას

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

თირკმლის უკმარისობით დაავადებული პაციენტებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში დიალიზზე არიან დამოკიდებულნი, მეცნიერებმა იმედის მომცემი სიახლე მოიტანეს. კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს ბიოხელოვნური თირკმელი, რომელმაც ცხოველზე ჩატარებულ ექსპერიმენტში წარმატებული შედეგები აჩვენა.

რა არის ბიოხელოვნური თირკმელი?

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ბიორეაქტორი, რომელიც თირკმლის სასიცოცხლო ფუნქციებს იმეორებს. მოწყობილობაში ადამიანის თირკმლის უჯრედები განათავსეს და იგი იმპლანტაციისთვის გამოსადეგ ფორმატში დაამზადეს. ექსპერიმენტის ფარგლებში ბიორეაქტორი ღორის ორგანიზმში გადაიტანეს, სადაც ერთი კვირის განმავლობაში უჯრედებმა ფუნქციურობისა და სიცოცხლისუნარიანობის 90%-ზე მეტი შეინარჩუნა. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ბიონიკურ ორგანოს იმუნური სისტემა არ უტევს — ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც ტრანსპლანტოლოგიაში მუდმივ პრობლემად რჩება.

რატომ არის ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი?

დიალიზის თანამედროვე მოწყობილობები ძალიან მოცულობითია და თირკმლის ტრანსპლანტაციის სრულფასოვან ჩანაცვლებად ვერ გამოდგება. ამის საპირისპიროდ, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ნამდვილი ორგანოს უჯრედების შემცველი ბიორეაქტორი გაცილებით უკეთესი ალტერნატივაა და პოტენციურად მილიონობით ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

პრობლემის მასშტაბი კარგად ჩანს სტატისტიკაში: მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს დიალიზი კვირაში რამდენჯერმე სჭირდება. დონორის მოძებნა კი უკიდურესად რთულია — ყოველწლიურად მხოლოდ 20 000 პაციენტი იღებს ახალ თირკმელს, მაშინ როდესაც მომლოდინეთა სიაში დაახლოებით 100 000 ადამიანია.

- Advertisement -
Ad imageAd image

მკვლევართა კომენტარი

კვლევის ავტორები ფრთხილ, თუმცა ოპტიმისტურ შეფასებას აკეთებენ:

„ჩვენი ექსპერიმენტული დიზაინი იმისთვის შევქმენით, რომ უჯრედთა სიცოცხლისუნარიანობა შეგვესწავლა და არა მათი გადატანა და მეტაბოლური ფუნქცია. სამომავლო კვლევები კონცენტრირდება როგორც უჯრედთა რაოდენობის ზრდაზე, ისე იმპლანტაციის პერიოდის გახანგრძლივებაზე უფრო მეტ ცხოველში, რათა სტატისტიკური მნიშვნელობა და საბოლოო მტკიცებულება მივიღოთ. ბიოხელოვნური თირკმელი ამ ორგანოს დაავადებების მკურნალობას უფრო ეფექტიანს, ასატანს და კომფორტულს გახდის.”

მართალია, ჯერ კიდევ ადრეა იმის თქმა, სრულად ჩაანაცვლებს თუ არა ეს ტექნოლოგია ადამიანის თირკმელს, თუმცა პირველი შედეგები მეცნიერულ საფუძველს უქმნის შემდგომ კვლევებს. თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებისთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მკურნალობისკენ.

წყარო: Primetime.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). ახალმა ხელოვნურმა თირკმელმა შესაძლოა, მომავალში დიალიზის საჭიროება მოხსნას. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/akhalma-khelovnurma-thirkmelma-shesadzloa-momavalshi-dializis-satchiroeba-mokhsnas/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi