თვალის ბადურის დეგენერაციული დაავადებები მსოფლიოში მილიონობით ადამიანის პრობლემაა. დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც თვალის უკანა ნაწილში მოთავსებული სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედები — ფოტორეცეპტორები — იღუპება და მათი ბუნებრივი გზით აღდგენა შეუძლებელია. ახალი კვლევის შედეგები კი გვაფიქრებინებს, რომ ამ პრობლემის გადაჭრა შეიძლება ახლოს იყოს.
მიძინებული უჯრედების გააქტიურება
კანადელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გზა, რომლითაც შესაძლებელია მიძინებული მხარდამჭერი ნეირონების — მიულერის გლიური უჯრედების — გარდაქმნა ისეთ ქსოვილებად, რომლებიც ბადურის კოლბის ფოტორეცეპტორების მსგავსად მოქმედებენ. სწორედ ეს ფოტორეცეპტორებია საჭირო ფერის აღქმისა და მხედველობის სიმკვეთრისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტი ჯერჯერობით მხოლოდ თაგვის უჯრედებზე ჩატარდა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შემდგომი კვლევის პირობებში ეს მეთოდი შეიძლება ადამიანებში მხედველობის აღდგენის თერაპიად იქცეს.
რატომ აირჩიეს მიულერის გლიური უჯრედები?
მიულერის გლიური უჯრედების არჩევანი ნაწილობრივ განპირობებულია მათი უნიკალური თვისებით — გადაპროგრამების უნარით, რომელიც გარკვეულ ცხოველებში გამოვლინდა. თუმცა ადამიანებში ეს უნარი არ ფიქსირდება.
„საინტერესოა, რომ თევზებში მიულერის გლიური უჯრედები რეაქტიულია და თვალის ბადურას აღადგენენ. თუმცა ძუძუმწოვრებში, მათ შორის ადამიანებშიც, ისინი ამას არ აკეთებენ — არც დაზიანების და არც დაავადების შემდეგ. ბოლომდე არ ვიცით, რატომ,” — განაცხადა კვლევის ავტორმა, მონრეალის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა კამილ ბუდრო-პინსონომ.
კვლევის მეთოდოლოგია
კვლევაში განსაკუთრებული როლი ითამაშა ორმა გენმა — Ikzf1 და Ikzf4 — და მათ მიერ წარმოებულმა ცილებმა. ამ ცილებს დროებითი იდენტიფიცირების ფაქტორები ეწოდება და ცნობილია, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხვადასხვა ტიპის უჯრედების განვითარებაში.
მეცნიერებმა ჯერ მიულერის გლიური უჯრედები გამოყვეს და გააკულტივირეს, შემდეგ კი სხვადასხვა დროებითი იდენტიფიცირების ფაქტორის, მათ შორის Ikzf1-ისა და Ikzf4-ის გამოყენებით გადაპროგრამეს. ამ ფაქტორებმა გლიური უჯრედები ბადურის კონუსის უჯრედებად სრულად ვერ გარდაქმნა, თუმცა მისცა მათ ისეთი მნიშვნელოვანი მახასიათებლები, რომლებიც ფოტორეცეპტორების მსგავსად ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი.
მკვლევართა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გლიური უჯრედები ძირითადად სხვა უჯრედების კვებას, რეგულირებასა და ორგანიზებას ემსახურებიან, ამ დამხმარე უჯრედების ჭარბი რაოდენობა სავსებით საკმარისია, რათა გარკვეული ნაწილი გარდაიქმნას ფოტორეცეპტორის მსგავს უჯრედებად — იმ უჯრედებად, რომლებიც სინათლის აღქმისა და ფერების გარჩევისთვის არის გადამწყვეტი.
მომავლის პერსპექტივები
კვლევა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, თუმცა შედეგები საკმაოდ იმედისმომცემია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს მეთოდი შეიძლება ისე დაიხვეწოს, რომ ადამიანებშიც ეფექტიანად იმუშაოს — ყოველგვარი ახალი უჯრედების გადანერგვის გარეშე. გარდა ამისა, კვლევის შედეგები შეიძლება გამოსადეგი გახდეს თავის ტვინის დაავადებათა სამკურნალოდ, სადაც დაზიანებული ნეირონების ჩანაცვლება გადაპროგრამებული სხვა ტიპის უჯრედებით გახდება შესაძლებელი.
კვლევის ჯგუფი აპირებს, უფრო ახლოს შეისწავლოს უჯრედთა გარდაქმნაში ჩართული მექანიზმები და გამოავლინოს გზები, რომლითაც პროცესი კიდევ უფრო ეფექტიანი შეიძლება გახდეს.
კვლევა გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში.
მომზადებულია nouvelles.umontreal.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით. წყარო: 1tv.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). თვალის ბადურაში მიძინებულ უჯრედთა გააქტიურებით შეიძლება დაკარგული მხედველობა აღდგეს. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/thvalis-badurashi-midzinebul-ujredtha-gaaqtiurebith-sheidzleba-dakarguli-mkhedveloba-aghdges/

