საქართველოს პროკურატურამ სკოლაზე თავდასხმის, რბევისა და ძალადობის ორგანიზების საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. ერთ-ერთ მათგანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა სოციალურ ქსელში გაიცნეს ერთმანეთი და თბილისში მდებარე კონკრეტულ სკოლაზე თავდასხმა დაგეგმეს. მათი განზრახვით, სკოლის წინ ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობა უნდა დაემონტაჟებინათ, შემდეგ კი შენობაში შეჭრილიყვნენ და იქ მყოფი პირებისთვის იარაღით დაზიანებები მიეყენებინათ.
პროკურატურის ცნობით, მათ დანაშაულის ჩასადენად საჭირო ნივთებიც შეიძინეს, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა სამართალდამცველებმა აღკვეთეს.
რაც შეეხება დაკავებული ერთ-ერთი მოსწავლის მამის პოზიციას, მამა ამბობს, რომ ამ ეტაპზე არაფერი დამატებითი ინფორმაცია არ აქვს მომხდარზე.
„სანამ გამოძიება მიმდინარეობს, მხოლოდ ადვოკატის ჩვენებას ვეთანხმებით. ვერაფერს ვიტყვი, სანამ გამოძიება არ დასრულდება. არ ვიცი არაფერი. ჩვენც გარკვევის ეტაპზე ვართ“, – ამბობს მამა.
პროკურატურის პოზიცია არის ის, რომ აუცილებელი იყო პატიმრობის შეფარდება. რადგან იყო გამეორებითი დანაშაულის ჩატარების საფრთხე.
„არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების ძალიან მაღალი საფრთხე. საქმეზე გამოძიების მიერ მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის არასრულწლოვანთა მიმოწერა, სადაც ისინი კონკრეტულ სკოლაში შეჭრასა და პირთა მიმართ დაზიანებების მიყენებაზე საუბრობენ. დანიშნულია ბალისტიკური ექსპერტიზა და უნდა დადგინდეს, რომელ იარაღს ეკუთვნოდა ამოღებული ნივთმტკიცება“,- აცხადებს პროკურორი.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). არასრულწლოვნებმა სოციალურ ქსელში გაიცნეს ერთმანეთი და თბილისში მდებარე კონკრეტულ სკოლაზე თავდასხმა დაგეგმეს – რას ამბობს მამა 14 წლის შვილზე, რომელიც თბილისში, სკოლაზე თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს და რა პოზიცია აქვს პროკურორს. 26 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/არასრულწლოვნებმა-სოციალ/
