27 სექტემბერი ჯვართამაღლების დღესასწაულია
27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას 10:00 საათიდან ჩაატარებს.
ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს, იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი.
ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება „ჯვართამაღლება.“
იერუსალიმში ჩასულ დედოფალ ელენეს ბეთლემსა და გოლგოთაზე წარმართული ქალღმერთის ვენერასა და იუპიტერის კერპები დახვდა, რომელიც იმპერატორმა ადრიანემ ააღმართინა. დედოფლის ბრძანებით კერპები დაანგრიეს და დაიწყეს ძებნა მაცხოვრის ჯვრისა.
დედოფალს აცნობეს, რომ ჯვრის ადგილსამყოფელი მხოლოდ ერთმა მოხუცმა ებრაელმა იცოდა, რომელსაც იუდა ერქვა. თავდაპირველად იუდამ უარი განაცხადა დაესახელებინა ადგილი, სადაც ჯვარი ინახებოდა, მაგრამ შემდეგ იგი იძულებული გახდა სიმართლე ეთქვა.
მაცხოვრის ჯვარი იმ ორ ჯვართან ერთად, რომელზეც ქრისტესთან ერთად ავაზაკები აწამეს, გოლგოთის მახლობლად, ერთ გამოქვაბულში იყო დაცული. გამოქვაბულში მართლაც სამი ჯვარი აღმოაჩინეს, მაგრამ წარწერა, რომელიც უფლის ჯვარს ჰქონდა: “იესო ნაზარეველი მეფე ჰურიათა”, განცალკვვებით იდო, ამიტომ ამ სამი ჯვრიდან საჭირო გახდა ამოეცნოთ პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარი უფლისა, როცა დედოფლის ბრძანებით ეს ჯვრები სათითაოდ შეახეს ავადმყოფ ქვრივ ქალს, ერთ-ერთმა მათგანმა იგი განკურნა, ხოლო როცა ამ ჯვრის შეხებამ მკვდარი გააცოცხლა, სასწაულის მხილველნი დაარწმუნა, რომ სწორედ იგი იყო ჯვარი უფლისა. სასწაულმოქმედი ჯვრის სანახავად გოლგოთაზე არა მხოლოდ იერუსალიმის მკვიდრნი, არამედ ახლო-მახლო ქალაქების მოსახლეობაც შეიკრიბა.
ყველას სურდა საკუთარი თვალით ეხილა ჯვარი უფლისა. მაშინ ელენე დედოფალმა და იერუსალიმის ეპისკოპოსმა ჯვარი მაღლა ასწიეს, რათა იგი ყველას დაენახა. აქედან მოყოლებული დაწესდა დღესასწაული პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის აღმოჩენისა და ამაღლებისა – ჯვართამაღლება. მოხუცმა ებრაელმა იუდამ, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა ჯვრით განკურნება სნეულისა და გაცოცხლება მკვდრისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე იწამა და მოინათლა, რის შედეგაც მას კვირიაკე უწოდეს. როგორც ისტორია გვამცნობს, შემდეგში იუდა იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.