26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავა დაბადების დღეა. დღეს ის 87 წლის გახდებოდა.
მერაბ კოსტავა მთელი ცხოვრება საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას მიუძღვნა. ზვიად გამსახურდია-სთან ერთად ის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იყო და საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული როლი შეასრულა.
მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს თბილისში, ივანე კოსტავასა და ოლღა დემურიას ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუა, ვლადიმერ დემურია, ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ.
1946 წელს სწავლა დაიწყო თბილისის პირველ ვაჟთა სკოლაში, რომელიც დღეს თბილისის კლასიკური გიმნაზიის სახელით არის ცნობილი. სწორედ აქ ჩამოყალიბდა მისი მეგობრობა ზვიად გამსახურდიასთან. ახალგაზრდებმა ადრეული ასაკიდანვე გადაწყვიტეს, რომ საქართველოს თავისუფლებისთვის ებრძოლათ. მათ მსოფლმხედველობასა და ეროვნულ იდეებზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდია-მ.
მერაბ კოსტავა მუსიკალური ნიჭითაც გამოირჩეოდა. სწავლობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში, მოგვიანებით კი განათლება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მუშაობდა მუსიკის პედაგოგად და იყო ჟურნალ „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ რედაქტორი.
ეროვნული იდეების გამო საბჭოთა ხელისუფლებამ იგი არაერთხელ დააპატიმრა, გადაასახლა და რეპრესიების მსხვერპლად აქცია. მიუხედავად ამისა, მან ბრძოლა არასოდეს შეწყვიტა. 1987 წელს გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ აქტიურად ჩაერთო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
1989 წლის 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავა ტრაგიკულად დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, როდესაც ქუთაისიდან თბილისისკენ მიემგზავრებოდა. ავარია ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან მოხდა.
გარდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობისა, მერაბ კოსტავა აქტიურად მუშაობდა ლიტერატურისა და ფილოსოფიის მიმართულებითაც. წერდა ლექსებს, ესეებს, თარგმნიდა უცხოელ მოაზროვნეთა ნაშრომებს და ქართული კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ლიტერატურული საქმიანობისთვის მიღებული აქვს დავით აღმაშენებლისა და მწერალთა კავშირის პრემიები.
საქართველოს ეროვნული გმირი დღეს მთაწმინდის პანთეონში განისვენებს — იმ ადამიანთა გვერდით, რომლებმაც ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვეს.


