ხვიჩა კვარაცხელიამ და „ნაპოლიმ“ სეზონი სერია B-ს წარმომადგენელ „მოდენასთან“ რთული სათასო მატჩით გახსნეს. შეხვედრა ნეაპოლელებმა პენალტების სერიაში მოიგეს, გადამწყვეტი დარტყმა კი ქართველმა თავდამსხმელმა შეასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო კონტეს შეგირდები დაბალი ლიგის გუნდს ხვდებოდნენ, იტალიის თასის 1/32-ფინალური დაპირისპირების მოგება გაუჭირდა.
გამარჯვებული ვერც ძირითად და ვერც დამატებულ ტაიმებში გამოვლინდა და დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც „ნაპოლიმ“ იმარჯვა – გადამწყვეტი დარტყმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა, რომელიც გასულ სეზონში, გაფუჭებული თერთმეტმეტრიანების შემდეგ, პენალტებს აღარ არტყამდა. ამჯერად კი მიზანს მიაღწია და გუნდი 1/16-ფინალში გაიყვანა.
იტალიის თასის 1/16-ფინალში გავიდა ლუკა ლოჩოშვილისა და დაჩი ლორთქიფანიძის „კრემონეზეც“, რომელმაც ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ „ბარი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. ქართველებიდან განაცხადში ლოჩოშვილი იყო, მაგრამ არ უთამაშია.
საბა გოგლიჩიძე იყო „ემპოლის“ განაცხადში, რომელმაც შინ „კატანძაროს“ 4:1 სძლია. 11 აგვისტოს საბა საზონოვის „ტორინო“ „კოზენცას“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება, ხოლო გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ „პიზას“ შეხვდება.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). ხვიჩა კვარაცხელიას პენალტით „ნაპოლიმ“ იტალიის თასზე „მოდენა“ დაამარცხა. 11 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ხვიჩა-კვარაცხელიას-პენალ/
