უამრავი საინტერესო სახე შექმნა თეატრსა და კინოში… ცნობილი და ბევრისათვის საყვარელი ფილმები, სერიალები… პირადად მე, ის ყველაზე კარგად და ნათლად დამამახსოვრდა ფილმიდან „მტვრის გემო“. ლამაზად, გლამურულად ჩაცმულმა ქალბატონმა, რომელიც დინჯად და ამაყად დააბიჯებდა „TV 11“-ის დერეფნებში, ჩვენი თაობის გული მალევე დაიპყრო. სიყვარული და აღფრთოვანება კი სერიალით – „გოგონა გარეუბნიდან“ დაიმსახურა.
როგორია მსახიობის ცხოვრება სცენისა და ეკრანს მიღმა, მისი საინტერესო საუბრიდან გაიგებთ…
– მინდა, ერთი ასეთი კითხვა დაგისვათ. როგორი ქალია მარინა კახიანი და რას შეადარებთ საკუთარ თავს?
– ახლა რასაც ვიტყვი, შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი იყოს ჩემგან, მაგრამ მაინც ვიტყვი. არაერთგვაროვანი ვარ. ბევრნაირი. ადამიანი ხომ, პირველ რიგში, საკუთარი თავის შესწავლას ანდომებს მთელ ცხოვრებას. თუ ოდნავ მოაზროვნე ხარ, თუ ოდნავ რაღაც ინტერესი გაგაჩნია ზოგადად ცხოვრების, ადამიანების, საკუთარი თავის შესწავლა უნდა გინდოდეს. ამ ყველაფერს ძალიან ბევრი მთელ ცხოვრებას ანდომებს. ძალიან ადრეულ ასაკში გვგონია, რომ ყველაზე კარგად საკუთარ თავს ვიცნობთ, მაგრამ დგება ცხოვრების გზაზე ეტაპები, როცა აცნობიერებ, რომ სხვებს უფრო კარგად იცნობ, ვიდრე – საკუთარ თავს. შემდეგ აღმოჩენებს აკეთებ საკუთარ თავში. მე ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მეგონა, რომ ვიყავი ძალიან ხისტი და – ვიყავი კიდეც, სხვათა შორის. ვიყავი უფრო თავშეკავებულიც. შეიძლება ეს გარკვეული სახის კომპლექსებიდანაც მოდის.
ბავშვობიდან მორიდების ფაქტორი მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლაღი ბავშვობა მქონდა, გარშემოც ძალიან კარგი ადამიანები მყავდა – ხელოვანი მშობლები, ბებია-ბაბუა, მეგობრები. ყველა თავს მევლებოდა, მეფერებოდა. სიყვარულსა და სითბოში ვიზრდებოდი. კომპლიმენტებსაც ხშირად მეუბნებოდნენ. ქუჩაშიც კი, დედას როდესაც მივყავდი, ჩერდებოდნენ და მეთამაშებოდნენ, ალბათ, საყვარელი ბავშვი ვიყავი და ამიტომ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, კომპლექსები მაინც მქონდა. მე ვფიქრობ, ზედმეტადაც მორიდებული ვიყავი ხანდახან, რაღაცებში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფერმა ხელიც კი შემიშალა, მით უმეტეს, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. თუმცა ვიტყვი, რომ გარკვეული დოზით ეს მორიდებულობა თუ არა აქვს ქალს, ისეთი ხიბლი არ გააჩნია, როგორიც უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს პროფესიაში არ მომწონს, დიდი ბოდიში ახალგაზრდობასთან და, ზედმეტად დარწმუნებულები რომ არიან საკუთარ თავში და იმდენად მოსწონთ საკუთარი თავი, რომ ეს ხელს უშლით მათ თავიანთ საქმიანობაში, თუნდაც განვითარებაში. არასდროს უნდა იყო ბოლომდე კმაყოფილი საკუთარი თავით. მე ასე ვთვლი. თუ გინდა, რომ განვითარდე, თუ გინდა, რომ რაღაც ახალ საფეხურზე ახვიდე, ყოველთვის უნდა გქონდეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, შენი, როგორც არტისტის მიმართ. ახლა ისევ თქვენს კითხვას დავუბრუნდები. მეოცნებეც ვარ. ოცნების მოყვარული გოგონა – ასე ვიტყვი. ზოგჯერ მავიწყდება კიდეც ჩემი ასაკი, ვფიქრობ, კარგიცაა ეს, მაგრამ – დოზირებულად. ოცნება ბავშვობიდან მიყვარდა.
სხვათა შორის, წელს აღმოვაჩინე, რომ კმაყოფილი ვარ ჩემი ასაკით და ცხოვრებით. მინახავს ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი ჰქონდათ, ოჯახიც, კარიერაც, თუმცა მაინც უკმაყოფილოები იყვნენ. მინდა გითხრათ, რომ არ შეიძლება ეს. თუ შენ ოდნავ მაინც გაქვს იუმორის გრძნობა, ჩათვალე, რომ სწორად უყურებ ცხოვრებას. ვარ დედა, ბებია, მსახიობი და ზოგადად, ბევრნაირი ვარ.
– თქვენ ოცნება ახსენეთ, ბავშვობის ყველაზე დიდი ოცნება რა იყო?
– ალბათ, მაინც მსახიობობა. რაღაც ეტაპზე მინდოდა ბალერინობა და ჩავაბარე კიდეც ქორეოგრაფიულ უნივერსიტეტში, კარგ მომავალსაც მიწინასწარმეტყველებდნენ. თვით ვახტანგ ჭაბუკიანი იყო ბოლო წლებში ჩემი პედაგოგი, მაგრამ მერე უცებ თავში გადამიტრიალდა და დრამატული თეატრის მსახიობობა გადავწყვიტე. ეს ოცნება ამისრულდა, რადგან მე ვარ მსახიობი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, მიმუშავია ფანტასტიკურ რეჟისორებთან, სპექტაკლებით მსოფლიოს გარშემო მიმოგზაურია. მოკლედ ვიტყვი, რომ ბავშვობის ოცნება ამისრულდა. ვიდექი და ვდგავარ ჩემს სათაყვანებელ სცენაზე, სათაყვანებელ მსახიობებთან ერთად.
– მსახიობის ცხოვრებას რას შეადარებდით?
– ზღვას. როგორც საკუთარ თავს, მარინას. ხანდახან მე თვითონ ვცდილობ და ვმართავ საკუთარ თავს, ყოველთვის – ვერ, რადგან ამას გენიოსებიც ვერ ახერხებენ, მაგრამ ასეთია მსახიობის ცხოვრებაც – ზღვასავით ხან ღელავს, ხან მშვიდი და წყნარია, ხან ძალიან ლამაზი, მზე ანათებს და ლივლივებს და ფანტასტიკური ფერია, ხან ჩამუქდება და ასე.
– უარყოფითი მხარეები თუ აქვს მსახიობობას?
– რა თქმა უნდა, აქვს. როდესაც მსახიობი მოდის თეატრში ან უნივერსიტეტში, ის დარწმუნებულია, რომ მწვერვალებს მიაღწევს. სხვათა შორის, მე რომ ჩავაბარე ინსტიტუტში, მაშინ ასეთი გამონათქვამი იყო – მსახიობი, როდესაც აბარებს უნივერსიტეტში, „გენერლობა“უნდაო, როდესაც ამთავრებს, მაშინ „ოფიცრობაზეც“თანახმაა, თეატრში მოსვლის დღიდან კი უკვე ჯარისკაცი ხდებაო. ამაში დარწმუნებული ვარ. დიდი მსახიობი, საშუალო თუ პატარა, მაინც ყველანი ვართ ჯარისკაცები. დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ვართ რეჟისორებზე, დროზე, გარშემო პოლიტიკურ ვითარებაზე, ჩვენს პირად ცხოვრებაზე, სასცენო პარტნიორებზეც და გამართლებაზეც.
– საოცნებო როლი თუ გითამაშიათ?
– იცით, რა, საბედნიეროდ, ბევრი ისეთი როლი მითამაშია, რომელზედაც ბევრ მსახიობ ქალს უოცნებია, ახლა ჩამოთვლა რომ დავიწყო, ცოტა უხერხულია. დავიწყებ ყველაზე ცნობილებიდან, შექსპირიდან: კორდელია, ვიოლა, მარიამ სტიუარტი, მედეა და ა.შ. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად რაღაც როლები იყო, რომლებზედაც ვოცნებობდი, მაგალითად, ანტიგონე, ჟანა დ’არკი და ა.შ. სამწუხაროდ, ვერ შევასრულე და ამას ვერც შევძლებ, რადგან ახალგაზრდა გოგონებმა უნდა ითამაშონ. მე კი არ მომწონს, როდესაც ზრდასრული ქალები თამაშობენ პატარა გოგონების როლებს. ამიტომაც ეს ოცნება დარჩა ოცნებად.
– თეატრი თუ კინო?
– რა თქმა უნდა, თეატრი. მართალია, კინო ძალიან მიყვარს, კამერაც და მასთან მუშაობაც ძალიან შემიყვარდა. პირველი წლები, როდესაც აქტიურად ვმუშაობდი კინოში, გარკვეული შიშები მქონდა, რაც თეატრში არასდროს მქონია და ძალიან რთულად გავთავისუფლდი ამ შიშებისგან. კინო სულ სხვა პრინციპია, სულ სხვა სტილია. აი, ბოლოს, როდესაც უკვე გავთავისუფლდი ამ შიშებისგან და გავუგე, მაშინ უკვე ქართული კინო, სამწუხაროდ, აღარ არსებობდა. ის საუკეთესო წლები, როდესაც ჩემს თაობას უნდა გვეთამაშა კინოში, ჩვენდაუნებურად გაქრა. შესაბამისად, კინო დღესაც ძალიან მიყვარს, მაგრამ თეატრი ჩემი ცხოვრებაა.
– ცხოვრების ყველაზე დიდ გამოწვევად რას თვლით?
– იცით, რა? გამოწვევა ზოგადად, მრავალნაირი არსებობს. ყოველი დღე გამოწვევაა, მე ასე ვთვლი. მთავარია, შენ თვითონ მოახერხო და ეს ცხოვრებისეული გამოწვევები რაღაცნაირად გაამდიდრო, მნიშვნელოვანი გახადო. მე მიყვარს გამოწვევები. არ ვიცი, რამდენად ვუმკლავდები, მაგრამ ვახერხებ, ყოველ შემთხვევაში. დღეს ჩვენ გამოწვევას არჩევანს ვეძახით. აი, რაც შეეხება არჩევანს, ხშირად დავმდგარვარ არჩევნის წინაშე. მაგალითად, იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც კიევის კინოსტუდიიდან მქონდა მოწვევა, მაგრამ რატომღაც ეს ყველაფერი ხდებოდა ისეთ დროს, როდესაც მე უარს ვერ ვიტყოდი ჩემს თეატრზე. შეიძლება, რომ დავთანხმებულიყავი, უფრო დიდი მწვერვალებისთვის მიმეღწია, მაგრამ მე ვერასდროს ვანაცვალე თეატრი კინოს. ამასთან დაკავშირებით ერთი კარგი ქართული გამოთქმა გამახსენდა: „ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო“, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ხანდახან ურემი ბრუნდება, მაგრამ გზა მაინც არ ჩანს.
– როგორ ფიქრობთ, მსახიობისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი რა არის?
– როლები, რა თქმა უნდა, მუშაობა საინტერესო რეჟისორთან, საინტერესო პარტნიორებთან საინტერესო თემაზე და, რა თქმა უნდა -მაყურებელი, ადამიანები, რომლებიც აფასებენ შენს შრომას, რაც გამოიხატება ელემენტარულშიც კი, მაგალითად, ქუჩაში რომ მიდიხარ და შენთვის უცნობი ადამიანი შენ მიმართ უდიდეს სიყვარულს გამოხატავს, შენთან ფოტოს გადაღება სურს, უნდა, რომ ჩაგიხუტოს, გაკოცოს (ბოდიში ამ სიტყვისთვის), ეს არის უდიდესი ბედნიერება და საჩუქარი მსახიობისთვის. სამწუხაროდ, ზოგიერთისთვის ეს მიუღებელია, პირიქით, სწორედ ესაა დიდი ბედნიერება. მე საბჭოთა კავშირის ბავშვი ვარ და ის თაობა ვარ, რომელსაც რაღაცები არ მოგვწონდა, იყო ისეთები, რასაც ალმაცერად ვუყურებდით, თუნდაც ჯილდოებსაც. მართალია, ჩემი თაობა ვეღარ მოვესწარით ვერც „დამსახურებული არტისტის“, ვერც „სახალხო არტისტის“ წოდებას, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს მნიშვნელოვანია არტისტისთვის. მაგალითად, მე ახლახან ავიღე „ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის“ პრემია, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი სათაყვანებელი მსახიობი გახლდათ. მართალია, მხოლოდ ერთ სპექტაკლში მყავს ქალბატონი ვერიკო ნანახი, მაგრამ ის ისეთი მასშტაბის მსახიობი იყო, რომ კინოშიც ჩანდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად თავს თეატრის მსახიობად თვლიდა. შესაბამისად, ეს ხომ ნიშანია იმისა, რომ ტყუილად არ ჩაუვლია შენს შრომას?!
– რომელია როლი, რომლიდანაც ყველაზე მეტად გაგიჭირდათ გამოსვლა და რომელსაც დღესაც სიამოვნებით ითამაშებდით?
– ასეთი როლები, სხვათა შორის, ძალიან ბევრია და მენატრება ყველა ის როლი. სტიუარტი არ მენატრება, რატომ, ამასაც გეტყვით – ჩვენ სტიუარტი აღვადგინეთ, შეიძლება ახლა რასაც ვამბობ, იმაში ძალიან ბევრი არ დამეთანხმოს, თუნდაც რეჟისორი, მაყურებელი, შეიძლება ეს მხოლოდ ჩემი შეგრძნება იყო, მაგრამ აღდგენის შემდეგ სპექტაკლმა რაღაც დაკარგა. ჩემმა სახემაც. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მეტი თამაში დავიწყეთ, ვიდრე მაშინ, მე ასე ვთვლი. მაგალითად, “ასულნი”, რომელიც სულ ახლახან ვითამაშე და რომელიც ბატონმა რობიკომ დადგა, მენატრება. ოთხი წელია, არ გვითამაშია და მომენატრა. თუნდაც ძალიან მენატრება “ბერნარდა ალბა”, თან ახლა ზუსტად იმ ასაკში ვარ, ბერნარდა რომ იყო. ასეთი როლი ბევრია, მაგრამ ახლა აღარ დავიწყებ ჩამოთვლას.
– პირად ცხოვრებაზეც გვიამბეთ, პირველი სიყვარული როდის მოვიდა?
– პირველ კლასში. მართალია, სიყვარული არ იყო, მაგრამ ის რაღაცნაირი ემოცია, რაც ამ ყველაფერს ახლავს, ეს იყო პირველ კლასში. ექვსი წლის ასაკში მივხვდი ქალის და ყმაწვილის დამოკიდებულებას, რადგან ვეპრანჭებოდი ჩემს კლასელს. თან ქალური მომენტი მქონდა, არ ვუყურებდი, მაგრამ გვერდიდან ვაკვირდებოდი, ის მიყურებდა თუ არა და მინდა გითხრათ, რომ ისიც მიყურებდა. ალბათ, ეს იყო ის პირველი შეგრძნება იმისა, რომ ქალი ხარ.
– სიყვარული რას ნიშნავს თქვენთვის?
– სიყვარული – ეს ფანტასტიკური რამაა. ყველას უსაუბრია ამ თემაზე, გალაკტიონით დავიწყებ, რა თქმა უნდა და აღარ გავაგრძელებ. სიყვარული რომ მართლა საოცრება არ იყოს, ამდენი გენიოსი, პოეტი, კომპოზიტორი, მხატვარი ამ თემაზე ხომ არ შექმნიდა შედევრებს?! შესაბამისად, ჩემი საუბარი ამ თემაზე, უბრალო მოკვდავის, ცოტა სასაცილოა.
– როგორი დედა და ბებია ხართ?
– იცით რა, ყველას გვინდა, რომ საუკეთესო დედა და ბებია ვიყოთ, ვის როგორ გამოგვდის, ეგ უკვე სხვა თემაა, მაგრამ სურვილი იმისა, რომ საუკეთესოები ვიყოთ, ძალიან კარგია. ახლა ამ ეტაპზე ვხუმრობ ხოლმე, რომ როლები გავცვალეთ მე და ჩემმა შვილმა. მე საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში გავხდი დედა. ხშირად მითქვამს, რომ მე და ჩემი შვილი ერთად გავიზარდეთ. ჩემი მეუღლე ხშირად იმასაც კი ამბობდა, რომ დათას დედამისი მისი და ჰგონიაო. უბედურება კი ამაში არ არისო, არამედ იმაში, რომ მარინასაც ჰგონია, რომ დათა მისი ძმაა და არა – შვილიო. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი შვილისთვის.
– მკაცრი იყავით?
– ვერ ვიტყვი, რომ არა. მკაცრი ვიყავი, კი. რბილი დედა არასდროს ვყოფილვარ. არც შეიძლებოდა 1990-იანების შუა პერიოდში რბილი დედა ყოფილიყავი. თან მე ადრე გარდამეცვალა მეუღლე, შესაბამისად, ყველანაირად ვცდილობდი მკაცრი, მაგრამ კარგი დედა ვყოფილიყავი. რაც შეეხება შვილიშვილებს, მათთან ნაკლებად მკაცრი ვარ. თუმცა არც ისეთი ბებია ვარ, რომელიც ყველაფერს უსრულებს.
– როგორ ფიქრობთ, წარმატებული ქალი შეიძლება კარიერაშიც წარმატებული იყოს და პირად ცხოვრებაშიც?
– ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, ადამიანზეა დამოკიდებული. რამდენი შეუძლია მას, რომ ამ ცხოვრებაში „ზიდოს“. შეიძლება ორივეში იყო წარმატებული, მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც პროფესიაში და კარიერაში ხარ ძალიან წარმატებული, მგონია, რომ ოჯახს მაინც რაღაცას აკლებ. თუმცა ისინიც მინახავს, ვისაც არანაირი კარიერა არ აქვს, მაგრამ მაინც აკლებს ყურადღებას ოჯახს და შვილებს. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ადამიანზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი და არა – გარემო პირობებზე.
– მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გულით იღებთ თუ გონებით?
– მინდა გითხრათ, რომ – სხვადასხვანაირად. მალევე თუ გადავწყვიტე რაღაც, ის გულით გადავწყვიტე, აი, როგორც კი რამდენიმე წუთი დავფიქრდები ან თუნდაც ვიყოყმანებ, იქ უკვე გონებას ვრთავ. მე ზოდიაქოთი ქალწული ვარ, შესაბამისად, ეს მოქმედებს, რა თქმა უნდა. ხასიათიც ერთმანეთისგან გამომრიცხავი მაქვს: ხან შეიძლება ვიყო ძალიან მხიარული, ხან კი – ძალიან სევდიანი. მოკლედ, წინააღმდეგობებით აღსავსე ქალი ვარ.
– თქვენი აზრით, ბალერინა მარინა კახიანი რას ეტყოდა ახლანდელ მარინა კახიანს?
– ძალიან რთულია და გეტყვით რატომაც. ბალერინობა ძალიან მინდოდა და მიყვარდა, ახლაც ძალიან მიყვარს. მართალია, ძალიან პატარა ასაკში მყარად გადავწყვიტე, რომ მსახიობობა მინდოდა, მაგრამ კარგ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ ბალეტშიც. ახლაც, ხანდახან, ძილის წინ, თითქოს რაღაცას ვცეკვავ.
ვეტყვი, რომ არ ინერვიულოს იმ პატარა ბალერინა მარინამ. მე რაც მიყვარს, იმას ვაკეთებ დღემდე და იმედი მაქვს, კიდევ დიდხანს გავაკეთებ.
– და ბოლოს, აი, ახლა, საკუთარ თავს რას ურჩევდით?
– რჩევის მიცემა ძალიან რთულია, მით უმეტეს, საკუთარი თავისთვის. ვურჩევდი, როგორც დღემდე ცხოვრობდა, პრინციპებს ვგულისხმობ, ისე გააგრძელოს ცხოვრება მომავალშიც. წყარო
მასალის გამოყენების პირობები