შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას კესო დეკანოსიძის გარდაცვალების საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგები გააცნო და შესაბამისი ვიდეომასალა გამოაქვეყნა.
სამინისტროს განცხადებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა მრავალი მოწმე, ამოღებულ და გაანალიზებულ იქნა სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლებიც ასახავს დეკანოსიძის გადაადგილებას ბათუმში ჩასვლის მომენტიდან ზღვის სანაპიროზე მისვლამდე. სამინისტრო აღნიშნავს, რომ შეგროვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ამ ეტაპზე თვითმკვლელობის ფაქტს ადასტურებს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კესო დეკანოსიძე 29 აგვისტოს თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებლით ჩავიდა ბათუმში. სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ 20:57 საათზე იგი ვაგონს ტოვებს, 21:00 საათზე კი — სადგურის შენობიდან გამოდის და მარტო საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიემართება ქალაქის ცენტრისაკენ.
21:34 საათზე დეკანოსიძე ბათუმის საბაგიროს მიმდებარე გაჩერებაზე ჩამოდის და ქვეითად გააგრძელებს გზას — გოგებაშვილის, შემდეგ ნინოშვილის ქუჩებით — ბულვარის ცენტრალური შესასვლელისკენ, საიდანაც ზღვის სანაპიროსკენ, ე.წ. პიერ ბათუმის ხიდის მიმართულებით მიდის. ბულვარში მან ჯიხურში სანთებელა შეიძინა.
თვითმხილველთა ჩვენებებით დგინდება, რომ ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვის ნაპირზე მისულმა კესო დეკანოსიძემ საეკლესიო სანთელი დაანთო, პირადი ნივთები და ტანსაცმელი სანაპიროზე დატოვა და ზღვაში შევიდა. როდესაც ის უკან ვეღარ დაბრუნდა, იქ მყოფებმა 112-ს დაუკავშირდნენ.
შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები გამოცხადდნენ და სამძებრო ღონისძიებები დაუყოვნებლივ დაიწყეს. 31 აგვისტოს კესო დეკანოსიძის ცხედარი ქობულეთის სანაპიროსთან ზღვაში იპოვეს. სამინისტრო აზუსტებს, რომ გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ ჰქონდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით — თვითმკვლელობამდე მიყვანა — გრძელდება.
Sheni Ambebi News
წყარო: primetime.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). შსს კესო დეკანოსიძის გარდაცვალების გარემოებებს ხსნის — გამოძიებამ თვითმკვლელობა დაადასტურა. 12 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შსს-კესო-დეკანოსიძის-გარ/


