ქორწინების ოქროს იუბილეს — 50 წლისთავს — ყველა წყვილი განსაკუთრებულად აღნიშნავს. ამ დღეს ისინი ერთმანეთს ყვავილებსაც აჩუქებენ ხოლმე. თუმცა, ამერიკელმა ფერმერმა ლი უილსონმა გადაწყვიტა, უბრალო თაიგულს არ დასჯერებოდა. უილსონმა, რომელიც კანზასის შტატში ცხოვრობს, ცოლს ქორწინების 50 წლისთავის აღსანიშნად 32 ჰექტარზე გაშენებული 1,2 მილიონი მზესუმზირა აჩუქა.
“ამაზე ბევრი ვიფიქრე”, — ჰყვება ფერმერი, — “მზესუმზირები მას ყოველთვის უყვარდა, ასე რომ, გადავწყვიტე, ეს ყვავილი 32 ჰექტარზე გამეშენებინა”.
თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად უილსონმა დახმარება შვილს სთხოვა და გაზაფხულზე მასთან ერთად დათესა მზესუმზირები, რომელიც, სხვათა შორის, კანზასის შტატის სიმბოლოცაა.
შედეგი კი ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც ლი მოელოდა. მისი ცოლი, რენე, საჩუქრით აღფრთოვანებული დარჩა.
“თავი განსაკუთრებულად მაგრძნობინა”, — ამბობს იგი, — “მზესუმზირების მინდორზე უკეთეს საიუბილეო საჩუქარს ვერც ვინატრებდი”.
წყვილის ურთიერთობა ჯერ კიდევ სკოლაში დაწყებულა. ლის რენესთვის მე-16 დაბადების დღეზე დაურეკავს და პაემანზე დაუპატიჟებია — გორგოლაჭებიანი ციგურებით სასეირნოდ. როგორც უილსონი ამბობს, სწორედ მაშინ მიხვდა, რომ რენე “ის ერთი” იყო.