ქიმწმენდის საწარმოების საცხოვრებელ შენობებში განთავსება იკრძალება. აღნიშნულს გულისხმობს „ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის მიერ დამტკიცებული რეგლამენტი.
კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, დაუშვებელია ქიმწმენდის საწარმოების განთავსება საცხოვრებელი, სამედიცინო დაწესებულების, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში. ამასთან, აკრძალულია ქიმწმენდის მიმღები პუნქტების განთავსება მაღაზიებში (სუპერმარკეტების იმ სივრცეებში), რომლებიც კვების პროდუქტების რეალიზაციას ახდენენ.
როგორც ტექნიკურ რეგლამენტშია აღნიშნული, ქიმწმენდის საწარმოს განთავსებისას უნდა იყოს დაცული საცხოვრებელი, სამედიცინო დაწესებულების, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებიდან მინიმალური დაშორების მანძილები:
ტანსაცმლის ქიმწმენდის დიდი საწარმოებისთვის, რომელთა წარმადობა აღემატება 24 კგ/სთ-ს – 100 მ;
მინი ქიმწმენდისათვის, წარმადობით არაუმეტეს 24კგ/სთ-ისა – 50 მ (დასაშვებია მათი განთავსება საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების ზონებში, ადმინისტრაციულ შენობებსა და სასტუმროებში).
ცნობისთვის, რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებზე ზედამხედველობა 2024 წლის 1-ლი სექტემბრიდან განხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები