სასამართლომ ბურჭულაძეს, მხეიძეს და ხაინდრავას საპროცესო შეთანხმება დაუდასტურა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი ცოლისძმის, ვასილ მხეიძის, და ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას საქმე — სამივეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

მეორე ინსტანციის სასამართლომ ბურჭულაძე ისევე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ფულის გათეთრებაში. ვასილ მხეიძე — დიდი ოდენობის თანხის გაფლანგვაში დახმარებასა და ზეგავლენით ვაჭრობაში, ხოლო გიორგი ხაინდრავა — დიდი ოდენობით სახსრების გაფლანგვაში.

შეთანხმების პირობების მიხედვით, ბურჭულაძეს სასჯელად განუსაზღვრეს 5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა: 3 წელი — რეალურად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 2 წელი კი — პირობით. გარდა ამისა, მას 1 000 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა. სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა მნიშვნელოვანი ქონება — მათ შორის სახლი ესპანეთის მალაგის პროვინციაში, საცხოვრებელი დაბა წყნეთში, ავტოსადგომი და საზაფხულო ფართი. ბურჭულაძე პენიტენციურ დაწესებულებას ორ წელიწადში დატოვებს.

გიორგი ხაინდრავასა და ვასილ მხეიძეს ერთნაირი სასჯელი დაეკისრათ: 4 წელი და 2 თვე — ნაწილობრივ პატიმრობა, ნაწილობრივ პირობითი. კონკრეტულად: 1 წელი და 2 თვე — სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 3 წელი — პირობით. ორივეს 100 000 ლარი დაეკისრა ჯარიმის სახით. ამასთან, მხეიძეს ჩამოერთვა ნივთმტკიცებად ამოღებული ქონება — მათ შორის რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი, სიგარეტის წარმოებისთვის საჭირო დანადგარები, თამბაქო და სხვა მასალები. ორივე ბრალდებული სექტემბრის ბოლომდე დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას.

- Advertisement -
Ad imageAd image

Sheni Ambebi News

წყარო: primetime.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). სასამართლომ ბურჭულაძეს, მხეიძეს და ხაინდრავას საპროცესო შეთანხმება დაუდასტურა. 14 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სასამართლომ-ბურჭულაძეს/

გაუზიარეთ ეს სტატია