სამჯერ დახეული ნაბიჯი და 20 წლის შემდეგ დაბრუნებული ძაღლი სახელად “ჭრელა” — მამა გაბრიელის უცნობი სასწაული
მინდა გიამბოთ ერთი ისტორია, რომლის ყოველი გახსენება ჩემში საოცარ სევდასა და, ამავდროულად, უსაზღვროდ თბილ ემოციებს აღძრავს.
როგორც მამა გაბრიელზე გადაღებული ფილმების ავტორს, ხშირად მიწევს მკითხველისა თუ მაყურებლის ერთი კითხვის მოსმენა: როგორი იყო წმინდა ბერის დამოკიდებულება ცხოველებისადმი? ამ კითხვის დასმა და ჩემს თვალებში ცრემლის ჩადგომა ერთია… ასეთ დროს სულში ყოველთვის ქალბატონ ქეთევან ბექაურის უძვირფასესი მოგონება მიცოცხლდება.
მინდა, ეს საოცარი ამბავი თქვენც გაგიზიაროთ. მჯერა, ის თითოეული თქვენგანის გულს შეეხება და სითბოთი აავსებს:
“საკმარისი იყო მამა გაბრიელს მონასტრის გალავნიდან გარეთ გამოედგა ფეხი, რომ არ ვიცი საიდან, ქუჩაში მაშინვე ათი-თხუთმეტი მაწანწალა ძაღლი იყრიდა თავს. შემოეხვეოდნენ ხოლმე გარს, თვალებში შესცქეროდნენ, კუდს უქიცინებდნენ და თითქოს სთხოვდნენ: „მეც დამლოცე, მამაო, მეცო“. მამა გაბრიელიც ყველას ეფერებოდა და ჯვარს სახავდა. თუ რომელიმე მათგანი ზედ შეახტებოდა, გვერდით მდგომი ძაღლები მაშინვე უკან აგდებდნენ, თითქოს შენიშვნას აძლევდნენ: „ნუ აწუხებ ჩვენს ბერსო!“
ერთხელ მამა გაბრიელი ჩემკენ შემობრუნდა და მითხრა:
— აი, ხედავ? ძაღლმა გაიგო, ვინ არის გაბრიელი, ადამიანებმა კი — ვერა.
ამ ძაღლთაგან ერთ-ერთი ყოველდღე ჩვენს ფეხთით წვებოდა. ჭრელი ძაღლი იყო და მამა გაბრიელიც „ჭრელას“ ეძახდა. მამა გაბრიელი თავად არაფერს ჭამდა, ჭრელას კი ყოველთვის აპურებდა. ამასთანავე, ტირილით ამბობდა ხოლმე:
— მშიერია, მე ხომ ვიცი, მეცოდება, ძალიან მეცოდება ჩემი ჭრელა, — და თან თავზე ხელით ეფერებოდა.
— მამა გაბრიელ, ფრთხილად იყავით, ჭამის დროს რომ ეფერებით, არ გიკბინოთ, — ვუთხარი ერთხელ.
— ნუ გეშინია, მე არ მიკბენს. შენ კი ნუ მიეკარები, ფრთხილად იყავი, შენთვის არ შეიძლება, მე კი მიცნობს.
ხანდახან, მზიან ამინდში, ჩვენი ჭრელა მიწაზე გაიშოტებოდა ხოლმე. მამა გაბრიელი მაშინვე შენიშვნას მისცემდა:
— სირცხვილია, ჭრელა, ადექი, ყველაფერი გიჩანს, დაიფარე!
და ჭრელაც, თითქოს ესმოდაო, მაშინვე წამოხტებოდა. ასე გრძელდებოდა თვეების მანძილზე.
ერთ დღესაც, როცა მივედი, ჭრელა ვერსად დავინახე და ვკითხე:
— მამა გაბრიელ, სად არის ჩვენი ჭრელა?
— წუხელ მოკლეს, — მითხრა ტირილით.
— როგორ თუ მოკლეს?! — შევჰყვირე მე.
— ჰო, წუხელ ყველა მაწანწალა ძაღლი მოიძიეს და ერთიანად გაჟლიტეს. რისთვის გაუკეთეს ეს ბოროტება? რისთვის ჩაიდინეს ეს ბოროტმოქმედება? — გულამოსკვნილი ტირილით აგრძელებდა მამა გაბრიელი, — ეს მშიერი ძაღლები არავის არაფერს უშავებდნენ, თავისთვის დადიოდნენნ…
ეს ამბავი ჩემთვის მოულოდნელი და უმძიმესი დარტყმა იყო. მე და მამა გაბრიელმა ერთად ძალიან ბევრი ვიტირეთ. დიდხანს ვფიქრობდი და განვიცდიდი ამას.
როდესაც მამა გაბრიელი გარდაიცვალა, მეორე დღეს მრევლი მის საფლავზე მივიდა. არ ვიცი საიდან, ჩემს ფეხებთან ჭრელას მსგავსი ძაღლი გაჩნდა. ისევ ისეთი მზიანი დღე იდგა, ისიც ზუსტად ისე გაიშოტა და გაეხინჯა მიწაზე, როგორც მაშინ. სწორედ ჩემს ფეხებთან მოვიდა. ისედაც ატირებული, ამის დანახვაზე სულმთლად ავტირდი, გულამომჯდარმა დავიწყე ქვითინი. წარსული დრო გამახსენდა. თითქოს მამა გაბრიელი ამით მამშვიდებდა: „ნუ ტირი, ქეთევან, მე და ჭრელა ისევ შენთან ვართ. ჩვენ კვლავ ერთად ვართ“.
და აი, წლების შემდეგ, 2 ნოემბერს — მამა გაბრიელის გარდაცვალების დღეს, ზუსტად ისეთივე თბილი და მზიანი ამინდი იდგა. სამთავროს დედათა მონასტრის ეზო ხალხით იყო გადაჭედილი, ნემსი არ ჩავარდებოდა. და აი, ამ უამრავ ადამიანში, საიდანღაც ჭრელი ძაღლი გამოჩნდა და პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა. მოვიდა, დამყნოსა, მე კი უნებურად უკან დავიხიე — შემეშინდა, არ მიკბინოს-მეთქი. ასე სამჯერ განმეორდა: ის მიახლოვდებოდა, მე კი შიშით უკან ვიხევდი.
იმ წუთას, იმ დიდ აურზაურში, ვერაფერს მივხვდი. მხოლოდ სახლში დაბრუნებულმა, როდესაც ჩემი წიგნის მთავარი რედაქტორის, მღვდელმონაზონ მათე (სამოხინი) ქადაგება გამომიგზავნეს, სული შემეძრა — ის თავის ქადაგებაში სწორედ ჩვენს და ჭრელას ამბავს ყვებოდა…
მხოლოდ მაშინ გამეხსნა გონება და მივხვდი, რომ იმ დღეს, ზუსტად 20 წლის შემდეგ, ასე მანუგეშა და გამახსენა მამა გაბრიელმა — რომ კავშირი არასდროს არ წყდება, რომ ის არ გვტოვებს და მუდამ ჩვენთანაა.
ავტორი: [კონსტანტინე_ცერცვაძე]


