14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.
ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა.
1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა.
პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. ამ დღიდან 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
“მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა… მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ.”
ილია ჭავჭავაძე:-
“სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება.”
იოანე ზოსიმე:
“დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად, რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან.
და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისათა, მდაბალი და დაწუნებული მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა.”
️საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კირიონ მეორე:
“დედა ენა არის უფლის კურთხევით ჩვენ წინაპართაგან აღშენებული უწმინდესი ტაძარი, რომელსაც სვეტებად უდგანან სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი; დანგრევა მისი ადვილია, ხოლო აღდგენა ფრიად ძნელი.
მხოლოდ იმ ერს აქვს უფლება ისტორიულ ასპარეზზედ ცხოვრებისა და მოქმედებისა, რომელიც მუდამ იცავს თავის ენას, ზნეს და ჩვევას.”
️გრიგოლ ორბელიანი:-
“რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას.”
️მუხრან მაჭავარიანი:-
“ქართული მარტო ენაა?!
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა!
იმოდენაა!”
გიორგი ლეონიძე:-
“ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა,
ჩვენი ენა ქართული,
ოქროსხმიან სიმებად
გულში ამოხლართული.”
️იოსებ ნონეშვილი:-
“ჩვენ გვიყვარს წიგნი სიტყვახატული,
განა სიტყვები?…ნატვრის თვლებია.
თუ დაივიწყე ენა ქართული,
მაშ, საქართველო დაგვიწყებია.”
მუხრან მაჭავარიანი:
“მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.”
ირაკლი აბაშიძე:
“ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ,
შენ ჩვენო ნიჭო, სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო.”
️მუხრან მაჭავარიანი:
“მრავალჭირვარამგადანახადი,
უნატიფესი ენა ქართული,
ყველაზე კარგად რომლის ლაზათი
შოთას ლექსშია გამოხატული.”
️ოტია იოსელიანი:
,,წუთისოფლის სტუმრები ვართ,
ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება,”
დედაენით დაიწყო და
დედაენით დამთავრდება!”
ვახუშტი კოტეტიშვილი:
“მე შეგახსენებთ გალაკტიონს ალალ-მართლურად,
პირდაპირ გეტყვით, არ დაგიწყებთ იგავ-არაკებს:
“ილაპარაკეთ, მე თქვენა გთხოვთ ოღონდ ქართულად,
ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ!”