არის თუ არა უსაფრთხო ყველი, რომელსაც ბაზარში ან ქუჩაში ვყიდულობთ და რამდენად ემთხვევა ბანერზე დატანილი წარწერა – სოფლის პროდუქტი მისი წარმოშობის ადგილს.
განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველი ეტიკეტირებული არ არის.
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე მიიჩნევს, მთელ საქართველოში არის ნედლი რძის პრობლემა
„ეჭვი მეპარება, რომ ბაზრების დახლებზე არის გლეხის ყველი. მთელ საქართველოში არის ნედლი რძის პრობლემა. არ არის იმდენი საქონელი, რამდენი რძეც მოეწოდება მდინარეებად ე.წ. მწარმოებლებს“ – ამბობს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.
საერთაშორისო სურსათის უსაფრთხოების ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ არასათანადოდ დამზადებული რძის პროდუქტები ერთ-ერთი გავრცელებული წყაროა საკვებით გამოწვეული ინფექციებისა, განსაკუთრებით რისკის შემცველია არაპასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი, სადაც შეიძლება განვითარდეს ისეთი ბაქტერიები, როგორიც არის სტაფილოკოკი, სალმონელა და ნაწლავის ჩხირი.
სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ რისკი მხოლოდ ნედლეულში არ არის. დაბინძურება შეიძლება მოხდეს წარმოების პროცესში, როდესაც არ არის დაცული ჰიგიენა ან შენახვის ეტაპზე, როცა პროდუქტი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ქუჩაში ან მზის ზემოქმედების ქვეშ. ასეთ პირობებში ბაქტერიები სწრაფად მრავლდება და პროდუქტი შესაძლოა რამდენიმე საათში გახდეს ჯანმრთელობისთვის საშიში.
გულის რევა, ღებინება, მუცლის ძლიერი ტკივილი და დიარეა, ეს არის ის ძირითადი ნიშნები, რომლებიც შესაძლოა, სტაფილოკოკით დაბინძურებული ყველის მიღებას მოყვეს, განსაკუთრებით მაღალია რისკი ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის.
“ამ საკვების მიღების შემდეგ, შვილი მიკვდებოდა, 4 დღე იყო კომაში, მოიწამლა გუდის ყველით, როგორ არ გაგაფრთხილოთ?! როგორ არ გითხრათ?! იყო არასათანადოდ დამზადებული, მოიწამლა, ორივე ფილტვი გაუჩერდა, იყო სტაფილოკოკით მოწამვლა” – განაცხადა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.
წყარო: palitravideo


