პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაროგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა დაგვგესლა? როგორ...

როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა დაგვგესლა? როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა გველს ვხედავთ?

ზაფხული და ქვეწარმავლები

როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა დაგვგესლა…
როგორ უნდა მოვემზადოთ ასეთ შემთხვევაში, როგორ მოვიქცეთ და რა სიმპტომები ახასიათებს ნაკბენს
საუბრობს ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი:
„შიშის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. ყოველწლიურად არის ცვლილებები პოპულაციის შემცირებასთან დაკავშირებით. ყველაფერი ეს დამოკიდებულია სეზონზე. თუ არ არის კარგი პირობები გველისთვის (კვერცხის დადების, გამოჩეკვის პერიოდი), ამ შემთხვევაში გველების პოპულაცია იკლებს. მომავალ წელს პოპულაცია შედარებით ნაკლებია.
წინა წლებთან შედარებით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. უბრალოდ, ინფორმაცია უფრო სწრაფად ვრცელდება და ხალხის თვალში იხატება ისეთი სურათი, თითქოს, რაღაც სერიოზულთან გვაქვს საქმე.“ – ამბობს შოთა ზანდუკელი.
მისი თქმით, როცა გველს დაინახავთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა წახვიდეთ მისი მიმართულებით. ის თავად არ დაგვსხმება თავს.

როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა გველს ვხედავთ?

შოთა ზანდუკელი ამბობს, რომ გველი უძრავ სხეულს ვერ აღიქვამს და „გაშეშება“ ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა.

„გველი უძრავ სხეულს ვერ აღიქვამს. რომ “გავშეშდეთ” და 100 გიურზა დავყაროთ, არც ერთი მათგანი არ გვიკბენს. გაშეშება ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა. როგორც კი მოძრაობას დავიწყებთ, ის საფრთხეს იგრძნობს. თუმცა, როდესაც ქვეწარმავალს თავზე წავადგებით და ვერაფერს ვასწრებთ. გველი ამ დროს ინტერესს დაკარგავს, საფრთხედ ვეღარ აღგვიქვამს.

სხვა დროს, როდესაც გველს ვხედავთ და სახეობებს ვერ ვცნობთ, არც ერთ შემთხვევაში, მისი მიმართულებით არ უნდა წავიდეთ. სტატისტიკურად, დაკბენის ძირითადი შემთხვევები ხდება მაშინ, როდესაც მის დაჭერას, მოკვლას ვცდილობთ. ფეხის დადგმა, შემთხვევითობის ამბები ძალიან იშვიათია. 99% შემთხვევაში ყველა გველი გაქცევას ცდილობს. არ აქვს მნიშვნელობა, გიურზა იქნება თუ სხვა სახეობა.

კანის შეცვლის დროს გველი თითქმის ვერაფერს ხედავს. ამ პროცესში თვალებიდანაც სძვრება კანი.

გოგირდი დაწვა, ცხვრის მატყლის დაყრა და სხვა საშუალებები – ყველაფერი მითია“, – განაცხადა შოთა ზანდუკელმა.

საქართველოს კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, მედიცინის აკადემიური დოქტორმა, თეიმურაზ კობიძემ “რუსთავი 2-თან” განაცხადა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს სამედიცინო დაწესებულებებს შხამიანი გველების კბენის გამო დახმარებისათვის საშუალოდ 1 841 000 ადამიანი მიმართავს. მათგან ყოველ წელს კვდება 90 000 (5%).

  "ახლა ჩემი მონაწილეობაა საჭირო იქ, სადაც ჩემი ქვეყანაა..." - ნინო ქათამაძემ საცხოვრებლად უკრაინაში გადასვლა გადაიფიქრა: რას წერს უკრაინული მედია?

„საქართველოში გავრცელებული გველებიდან შხამიანია 4 სახეობა: ველის გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა, კავკასიური  გველგესლა და გიურზა. მათგან ყველაზე შხამიანია გიურზა. გველის ნაკბენის დიაგნოზით საქართველოს სტაციონარებში ჰოსპიტალიზებულია ყოველწლიურად საშუალოდ 30-40  ავადმყოფი.  გეოგრაფიული მხარეების მიხედვით – ძირითადად შუა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, აღმოსავლეთ საქართველოს მაცხოვრებლები“, – ამბობს თეიმურაზ კობიძე.

მისი თქმით, როგორც წესი, გველები ადამიანს თავს არ ესხმიან. ისინი იკბინებიან თავდაცვის მიზნით, როდესაც ადამიანი ფეხს დაადგამს ან შემთხვევით მოჰკიდებს ხელს ბალახში, თივაში, ბუჩქებში ან მოკვლას უპირებს მას

„როგორც წესი, გველები ადამიანს თავს არ ესხმიან. ისინი იკბინებიან თავდაცვის მიზნით, როდესაც ადამიანი ფეხს დაადგამს ან შემთხვევით მოჰკიდებს ხელს ბალახში, თივაში, ბუჩქებში ან მოკვლას უპირებს მას. ამიტომ, პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა მაღალი ჩექმა, მაღალყელიანი ფეხსაცმელი, გრძელი ჯოხი, სიფრთხილე თივის ზვინებთან, ბალახებში, მინდორში, ტყეში, ქვიან ადგილებში სიარულის დროს, კოცონთან და სხვა ადგილებში“, – განაცხადა თეიმურაზ კობიძემ.

– შეგვიძლია თუ არა განვასხვაოთ, გველი შხამიანი იყო თუ არა? 

არჩევენ შხამიან და უშხამო გველებს. შხამიან გველებში შხამი გამომუშავდება და ინახება სპეციალურ ალვეოლარულ-მილაკოვან ჯირკვლებში. კბენის დროს შხამი გამოდის ჯირკვლების სადინარებიდან და გადადის კბილების არხებში. ეს კბილები (ანუ ეშვები) 1-1.5 სმ სიგრძისაა და მოძრავია. გველის დახურულ პირში კბილები ჰორიზონტალურადაა. პირის გაღების და/ან კბენის დროს კი ვერტიკალურ მდგომარეობაში გადადიან. კბენის შემდეგ სხეულზე რჩება 2 წერტილოვანი ჭრილობა და ამიტომ, მოსახლეობაში გავრცელებულია აზრი, რომ შხამიან გველს ორი კბილი აქვს. სინამდვილეში კი ეს ორი წერტილი არის მხოლოდ 2 ეშვის კვალი.

– რა სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს პირველივე წუთებში? თუ ახასიათებს ძლიერი ტკივილი, შეშუპება?

გველის შხამით მოწამვლისას სიმპტომების გამოვლენის სისწრაფე, მოწამვლის სიმძიმე დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, სხეულის მასაზე, თანმხლებ დაავადებებზე, გველის სიგრძეზე (კბენისას გამოყოფილი შხამის რაოდენობაზე) და სხვ.

რაც უფრო მაღალია გარემოს ტემპერატურა, მით უფრო სწრაფად ვითარდება ინტოქსიკაცია და უფრო მძლავრად არის გამოხატული სიმპტომები. გველების კბენის ადგილას მაშინვე ვითარდება ტკივილი, რამდენიმე წუთის შემდეგ ტკივილი ძლიერდება და აუტანელი ხდება. კბენიდან უკვე რამდენიმე წუთის შემდეგ ვითარდება მთელი კიდურის ჰემორაგიული შეშუპება. შეშუპება ზოგჯერ სხეულზეც გადადის. კიდურისა და სხეულის კანი მოლურჯო ან რუხ ფერს იღებს.

  “ოტიას ეზო” – ეზო, რომელიც მოიცავს მუზეუმს, მარანს, მასტერკლასებისა და კულტურული ღონისძიებების სივრცეს

კბენის ადგილის ირგვლივ წარმოიქმნება ბუშტუკები, სეროზული ან სისხლიანი შიგთავსით და ჰემორაგიები. ეს ნელ-ნელა გავრცელდება მთელ კიდურსა და სხეულზე. მოწამვლის ზოგადი გამოვლენებაა: ძილიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულის წასვლა. ზოგჯერ ჭარბობს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნების სიმპტომები. ვითარდება გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ცხელება, შემდეგ კი შემცივნება, ცივი ოფლი, ტაქიკარდია, ქოშინი, ციანოზი, პირის სიმშრალე და სიმწარის შეგრძნება, იშვიათად – ქუთუთოების პტოზი, მხედველობის შესუსტება, სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან, თვალების “ჭრა”. კოლაპტოიდური მდგომარეობა, სუნთქვის დათრგუნვა, გულის უკმარისობა, რასაც მძიმე შემთხვევებში სიკვდილი მოსდევს.

– რა პირველადი დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ ადამიანს, თუ ის გველმა დაკბინა? როგორია პირველი დახმარება საველე პირობებში? 

რა უნდა გააკეთოთ: 

1. დააწვინეთ დაშავებული და შეძლებისდაგვარად დაამშვიდეთ.

2. ჩამობანეთ ნაკბენი ადგილი წყლით, თუ გაქვთ, საპნითაც.

3. ნაკბენ ადგილზე ხელით აიღეთ კანი ფართოდ, გააკეთეთ “ნაოჭი”, ისე, რომ კბილების კვალი – ორი ნაჩხვლეტი მოექცეს მაღლა და ხელის მოძრაობით “გამოწველეთ”. ჭრილობა პირს დააღებს და გამოვა სისხლნარევი სითხე – ლიმფა.  “გამოწველვა” განსაკუთრებით ეფექტურია კბენიდან პირველ 10-15 წუთის განმავლობაში.

4. უთხარით ავადმყოფს, რომ თავი შეიკავოს ზედმეტი მოძრაობებისაგან  (შხამი ვრცელდება ლიმფით, კუნთების შეკუმშვა კი დააჩქარებს ლიმფის მოძრაობას და შხამის გავრცელებას.)

5. დარეკეთ 112, აუხსენით რაც მოხდა.

6. დაზუსტებით გადაეცით თქვენი ადგილსამყოფელი, თუ არის რაიმე ორიენტირი.

7. შეკითხვებზე უპასუხეთ კონკრეტულად და მკაფიოდ.

8. არ გათიშოთ 112-თან საუბარი პირველმა, შეიძლება დისპეტჩერს კიდევ ჰქონდეს შეკითხვა. ან დაადგინოს თქვენი ადგილსამყოფელი.

9. თუ გაქვთ, წაუსვით  ნაკბენი ადგილზე სპირტში ან არაყში დასველებული ნაჭერი

10. დაუფიქსირეთ ავადმყოფს ნაკბენი ადგილი არტაშანის მსგავსი სახელდახელო საშუალებით, (ხის ტოტები, ღობის ფიცარი და სხვ) ორი უახლოესი სახსრის ჩათვლით.

11. მიეცით დასალევად შეძლებისდაგვარად ბევრი სითხე – წყალი.

12.  რაც  შეიძლება სწრაფად მიიყვანეთ ავადმყოფი უახლოეს საავადმყოფოში.

13. გახსოვდეთ: გველების მიერ დაკბენილი ყველა ადამიანი, როგორც შხამიანი, ასევე უშხამო გველის მიერ დაკბენილი ყველა ადამიანი, აუცილებლად უნდა მიიყვანოთ საავადმყოფოში.

  დახურულ სივრცეში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოწევა აკრძალულია, მათ შორის გასახურებელი თამბაქოს და ელექტრონული სიგარეტის

14. უშხამო გველის მიერ დაკბენილი რატომ უნდა მოვიყვანოთ საავადმყოფოში, გველი ხომ უშხამო იყო?

– უშხამო გველის მიერ დაკბენილ ადამიანს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს გარკვეული გამოკვლევები, პირველი დახმარება და გაუკეთდეს ტეტანუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები, ანუ აიცრას ტეტანუსზე. რატომ? გველები იკვებებიან მღრღნელებით. მღრღნელები კი ტეტანუსის ენდემური კბენაა. მსოფლიო ლიტერატურაში აღწერილია შემთხვევა, როდესაც 19 წლის ბიჭი გადაურჩა კობრას ნაკბენს, მაგრამ მოკვდა ტეტანუსით (აცრა დაგვიანდა).

არის რაიმე, რაც გველის კბენის შემთხვევაში არ უნდა გაკეთდეს?

1. არ გააკეთოთ კანის გრძელი “ლამპასისებური” განაკვეთები.

2. არ გააკეთოთ ჯვარედინი განაკვეთი

3. არ გააკეთოთ წრიული განაკვეთი, “არ ამოჭრათ”  ნაკბენი ადგილი

4. არ ამოწოვოთ ჭრილობიდან შხამი პირით (პირით ამოწოვის საშუალებით გამოდის შხამის მხოლოდ 20-30 %, სამაგიეროდ საფრთხე ექმნება იმას, ვინც ამას აკეთებს).

5. არ დაადოთ კიდურზე ლახტი, კიდურზე არ გადაუჭიროთ ქამარი, თოკი, მავთული და სხვა.

6. არ ამოწვათ ნაკბენი ჭრილობა.

7. არ დაალევინოთ ავადმყოფს ალკოჰოლური სასმელი.

8. არ გაუკეთოთ ნაკბენ ადგილზე დამჟანგველები (კალიუმის პერმანგანატი და სხვ).

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი