მიმდინარე წლის გაზაფხულის მდგომარეობით, მსოფლიოში ტურისტებისთვის მთავარ საფრთხეს სამოქალაქო არეულობა და ტერორიზმი წარმოადგენს, მაშინ, როცა ერთი წლის წინ მოგზაურებს ყველაზე მეტად ავარიების (უბედური შემთხვევების) და ტრავმების ეშინოდათ. ამის შესახებ ამერიკული კომპანია Global Rescue-ის “ზამთარი 2024-ის მოგზაურთა განწყობისა და უსაფრთხოების კვლევაში” წერია.
კერძოდ, მოგზაურთა მესამედზე მეტი, ანუ 36% აცხადებს, რომ სამოქალაქო არეულობა და ტერორიზმი მათი ყველაზე დიდი საფრთხეა მთელს მსოფლიოში მოგზაურობისას, რა მაჩვენებელიც 2023 წლის გაზაფხულიდან სამჯერ არის გაზრდილი.
ამასთან, გამოკითხულთა მეოთხედმა, ანუ 25%-მა განაცხადა, რომ მოგზაურობისას მათ ყველაზე მეტად ავარიების ან დაავადებების ეშინიათ, მაშინ, როცა 2023 წლის გაზაფხულზე ასეთი შიში გამოკითხული ტურისტების ნახევარს, 50%-ს აწუხებდა.
მოგზაურობის გაუქმების, ძარცვის ან ქურდობის შიშმა პასუხების 7-დან 9%-მდე შეადგინა, ხოლო COVID-ტესტზე დადებითი შედეგისა და სტიქიური უბედურებების გამოკითხულთა 5%-ს ეშინია. ტურისტების 1%-ზე ნაკლები ბირთვულ კატასტროფას უფრთხის.
ამასთან, ანგარიშში წერია, რომ ტურისტები უსაფრთხოების რეკომენდაციების დახმარებითა და ევაკუაციის დაზღვევით მოგზაურობის დაცვას აქტიურად აძლიერებენ. კერძოდ, გამოკითხულთა მესამედმა, ანუ 34%-მა განაცხადა, რომ უკრაინის ომი, ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმები ან სხვა ძალადობრივი კონფლიქტები ზრდის იმის ალბათობას, რომ თავიანთ ტურისტულ სადაზღვევო პოლისს უსაფრთხოების ევაკუაციისა და საკონსულტაციო დაცვის სერვისს დაამატებენ.
Global Rescue-ის აღმასრულებელი დირექტორი, დენ რიჩარდსი აცხადებს, რომ მოგზაურთა გაურკვევლობა, როგორც წესი, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე და უსაფრთხოების სერვისებზე მოთხოვნას ზრდის. გასულ წელს უსაფრთხოებისა და ევაკუაციის სერვისებზე მოგზაურთა შესყიდვები 36%-ით გაიზარდა და რიჩარდსი მოელის, რომ ეს ტენდენცია წელსაც გაგრძელდება.
“მანამდე მოგზაურთა ასეთი ქცევა უკრაინაში ომის დაწყებიდან შეინიშნებოდა და იგივე ხდება ისრაელზე “ჰამასის”თავდასხმების შემდეგაც,“ – აცხადებს რიჩარდსი. წყარო
მასალის გამოყენების პირობები