მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი არ მალავს თავის ამბიციებს დანიის ავტონომიური ტერიტორიის – გრენლანდიის მიმართ, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, როგორც ჩანს, სიფრთხილეს იჩენენ და წინდახედულობის სტრატეგიას დაადგნენ. ასეთი მიდგომა, ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნის ფონზე, შეიძლება გასაკვირი ჩანდეს, მაგრამ მისი ახსნა რამდენიმე ფაქტორით შეიძლება.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ენას „ტრანზაქციულს“ უწოდება და ამბობს, რომ ტრამპის სიტყვები „ნომინალურ ღირებულებად“ უნდა მივიჩნიოთ. ეს პოზიცია გამოხატავს დაძაბულობის განმუხტვის სურვილს, თანაც ისე, რომ არ ხდება სიტუაციის სერიოზულობის იგნორირება.
ყურადღების მიღმა დარჩენილი შეხვედრები
მკვეთრი და ყურისწამღები განცხადებების არარსებობის მიუხედავად, ევროპა უმოქმედო არ არის. უკვე გაიმართა დანიის, ნორვეგიის, შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ფარული შეხვედრები, თუმცა, მათი დისკუსიებიდან რაიმე ინფორმაცია არ გამოჟონილა.
დანიამ კი გამოაცხადა, რომ არსებობს თითქმის ორი მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი არქტიკაში ყოფნის გასაძლიერებლად, რომელიც გრენლანდიასთან და ფარერის კუნძულებთან თანამშრომლობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. თავის მხრივ, ევროკავშირი დანიას მხარდაჭერაში არწმუნებს და, ამავე დროს, შეერთებული შტატების მიმართ დაბალანსებულ პოზიციას ინარჩუნებს.
სამშაბათს დილით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თავისი დანიელი კოლეგა მიიღო და აღნიშნა, რომ საზღვრები „ძალის გამოყენებით“ არ უნდა შეიცვალოს, ბოლოს კი ინგლისურ ენაზე დასძინა: „ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს“. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე არცერთმა ლიდერმა პირდაპირ არც ამერიკის ახალი პრეზიდენტი ახსენა და არც დიდი არქტიკული კუნძული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ სურვილს, რომ ცეცხლზე ნავთი არ დაასხან.
შექმნილ ვითრებაში ევროპა, როგორც ჩანს, ორ მოცემულობას შორის ლავირებს. პირველი არის მისი წევრების ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და მათი სუვერენიტეტის დამტკიცება. მაგრამ ევროპას ასევე სურს შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, რომელიც „ევროკავშირის უახლოეს მოკავშირედ“ მიიჩნევა. ეს ფრთხილი მიდგომა მიზნად ისახავს დაძაბულობის ესკალაციის თავიდან აცილებას, სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში კი – კოორდინირებული პასუხის გაცემას.
დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სურვილის განახლება
აშშ-ს ნაბიჯებმა კუნძულის დამოუკიდებლობის შესახებ დებატები განაახლა. გრენლანდიის დამოუკიდებლობის მებრძოლმა, პელე ბრობერგმა დანიასთან ურთიერთობას „იძულებითი ქორწინებაც“ კი უწოდა.
თავის მხრივ, კუნძულის პრემიერ-მინისტრმა, მუტე ეგედემ არაერთხელ აღნიშნა, რომ გრენლანდია არ იყიდება, თუმცა, „ბიზნესისთვის ღიაა“.
უზარმაზარი კუნძული, სადაც მხოლოდ 55 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ცდილობს უფრო უფრო მეტ სუვერენიტეტს მიაღწიოს კოპენჰაგენთან ურთიერთობებში, რომელიც აკონტროლებს მის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, თავდაცვას და ვალუტას, ამავე დროს, არქტიკული კუნძულის ხელისუფლება „კარგ დიალოგს“ აწარმოებს მეურვე ძალასთან. „ჩვენ ნამდვილად ვგრძნობთ, რომ დანიასთან ერთ ნავში ვართ“, – აცხადებს გრენლანდიის პრემიერი.
დონალდ ტრამპი გრენლანდიას მაღალი ტარიფებით დაემუქრა, თუ კუნძული მის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. პრემიერ-მინისტრ ეგედეს თქმით, „მაშინაც კი, ეს იურიდიულად დანიაზე რომ არ იყოს დამოკიდებული, გრენლანდიამ თავად უნდა განსაზღვროს თავისი მომავალი“.
სტრატეგიული მდებარეობის გარდა, გრენლანდიას, რომელიც დანიისგან დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის, მინერალებისა და ნავთობის უზარმაზარი გამოუყენებელი მარაგი გააჩნია, მაგრამ ამ რესურსებზე წვდომა საკმაოდ რთული საქმეა.
დამოუკიდებლობის საკითხი, რა თქმა უნდა, ადგილობრივი საარჩევნო კამპანიის ცენტრში იქნება, რომელიც 7 აპრილამდე უნდა ჩატარდეს. დანიის მიერ 2009 წელს აღიარებული შეთანხმება გრენლანდიას, რეფერენდუმის გზით, დამოუკიდებლობის გამოცხადების უფლებას ანიჭებს.
მასალის გამოყენების პირობები