როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, გაზაფხულის პირველი თვე, ნამდვილად არ იქნება მშვიდი და სტაბილური. მოსალოდნელია მთელი რიგი ცვლილებები და ეკოლოგიური პრობლემები. ამიტომ, მარტის თვეში ადამიანებმა მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ გადაწყვეტილებების, მოქმედებებისა და რისკის დროს, რათა გაუთვალისწინებელი შეცდომები არ დაუშვან.
– ბატონო მიხეილ, როგორი იქნება გაზაფხულის პირველი თვე, რას გვიწინასწარმეტყველებენ პლანეტები და ვარსკვლავები?
– გაზაფხულის პირველი თვე არ იქნება მარტივი, რადგან მაღალია კონფლიქტების ალბათობა. ნეგატიური ენერგიები აიძულებს ხალხს, ხარჯონ ენერგია, დრო და სახსრები ფუჭ საქმიანობაზე, გაუმართლებელ შფოთვაზე, არაფრის მომცემ გადაადგილებებსა და მოგზაურობებზე. გახშირდება მწვავე გამოთქმები და საქმის გარჩევები.
– ეს პროცესი თვის რომელ პერიოდამდე გასტანს და უახლესი წარსულის გათვალისწინებით, თუ არის მოსალოდნელი სტიქიური კატაკლიზმები, როგორც ეს მარტის თვეს სჩვევია?
– 10 მარტისთვის, მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვნად იზრდება სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, ტექნოგენური ავარიების, მიწისძვრების ალბათობა. მუშაობისას შეცდომები, უყურადღებობა და გულგრილობა ასევე შეიძლება, გახდეს უსიამოვნებების, ტრავმებისა და გზებზე სახიფათო შემთხვევების მიზეზი. ავტომობილის მართვისას აუცილებელია სიჩქარისა და რისკების კონტროლი, მეტი სიფრთხილე და დაკვირვება. ამგვარ ემოციურად დაძაბულ პერიოდში, მნიშვნელოვანია სურვილების გაკონტროლება. ასევე, სასურველია გააცნობიეროთ თითოეული მოქმედების შესაძლო შედეგი და პასუხისმგებლობა, რადგან ბევრი რამ შეიძლება არ იყოს გააზრებული და გახდეს დანაკარგებისა და უსიამოვნებების მიზეზი.
– დაახლოებით, როდის დაწყნარდება დედამიწის ბიოსფერო და დაიწყებს ჰარმონიული და დადებითი ენერგიების ზონაში შესვლას?
– 14 მარტისთვის ჰარმონიული ენერგიების ზონაში შესვლის გამო, დედამიწის ბიოსფერო შედარებით დაწყნარდება. კოსმოსის პოზიტიური ზემოქმედება გაგრძელდება 23 რიცხვამდე. პლანეტა ვენერას დადებითი ენერგია მნიშვნელოვნად დაამშვიდებს ოპონენტებს და რომანტიკულ განწყობას შემატებს სასიყვარულო ურთიერთობებს. წარმატების მისაღწევად სასურველია, ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა თუ მოლაპარაკება სწორედ ამ პერიოდში დაიგეგმოს, რადგან განწყობა მეტად პოზიტიური და მეგობრული იქნება. გარდა ამისა, ეს მეტად ნაყოფიერი დროა ყველა სახის ჯგუფური წამოწყებებისა და ბიზნესთანამშრომლობისათვის.
– და, როგორ წარიმართება პროცესები თვის ბოლოს, როგორც ასტროლოგი, რის გათვალისწინებას გვირჩევთ?
– 23 მარტიდან პლანეტა მარსი თევზების ზოდიაქოში გადაინაცვლებს, ამიტომ ადამიანებს შორის კავშირი მეტად არასტაბილური გახდება. არაა გამორიცხული ურთიერთობების გამწვავება პოლიტიკურ და საერთაშორისო არენაზეც. 25 მარტს კი ადგილი ექნება მთვარის დაბნელებას. ხელშეკრულებების დადებისას ან საბუთების ხელმოწერისას აუცილებლად ზედმიწევნით გადაამოწმეთ საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობის ჩარჩოები. არაა გამორიცხული, ოფიციალური ხელშეკრულებები შეიცვალოს, გაუქმდეს ან დიდი ხნით გადაიდოს. ამ პერიოდში ნებისმიერი შენიშვნა ან კრიტიკა ემოციურად და მწვავედ იქნება აღქმული, რაც ხშირად გახდება კამათის, გულისტკენის, კონფლიქტის საბაბი. 31 მარტამდე პერიოდში მოიმატებს უნდობლობა, ეჭვიანობა და მერყეობა, ამიტომ რთული იქნება ჭეშმარიტი გრძნობებისა და საკუთარი სურვილების გამოხატვა. გარდა ამისა, შეიძლება, გამწვავდეს როგორც პირად, ისე საქმიან და პროფესიულ პარტნიორებს შორის არსებული პრობლემები. სირთულეები, რომლებმაც თავი იჩინეს მარტის შუა რიცხვებში, დედამიწის ბიოსფეროს ენერგიის შემცირების გამო, თვის ბოლოს შეიძლება, მეტად გამოაშკარავდეს და დაიძაბოს. ახალ ურთიერთობებს, თამამ საქმიან წამოწყებებს, შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს ხშირად შეექმნება პრობლემები მოულოდნელი წინააღმდეგობების გამო. სერიოზული შეცდომების გვერდის ასავლელად გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი სიფრთხილეა საჭირო. თითოეული ნაბიჯი კი სასურველია, წინასწარ იყოს გათვლილი და დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები