„დღის ამბების“ პარტნიორია „რადიო პოზიტივი“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
პრემიერ-მინისტრი ადგილზე თბილისის მერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი შესრულდა.
*****
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 22 აპრილს დაიწყება 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი ამილახვარმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ,,კონკურსი წინა წელს პირველად ჩატარდა და მასში მასწავლებლების ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო. წელს უკვე ვემზადებით რიგით მეორე კონკურსისთვის და 22 აპრილიდან ვიწყებთ პირველ ეტაპს – განაცხადების მიღებას’’- აღნიშნა მინისტრმა.
****
ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ გადამზიდველთა ასოციაციების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან გადაზიდვებთან დაკავშირებით შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის საკითხები განიხილეს და ამ პროცესში ასოციაციების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა, ასევე, საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველების ასოციაციებში გაწევრიანების ხელშეწყობაზე იმსჯელეს.
****
ჩრდილოეთ ამერიკაში მზის სრული დაბნელება დაფიქსირდა. BBC-ის ცნობით, ეს მოვლენა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩანდა. დაბნელება წყნარ ოკეანეში დაიწყო, შემდეგ კი მთვარის ჩრდილი, რომელმაც მზე დაფარა, ატლანტის ოკეანეში ჩავიდა.
შემდეგში ეს შთამბეჭდავი ასტრონომიული მოვლენა 2026 წელს მოხდება, თუმცა მისი ნახვა მხოლოდ ატლანტის ოკეანეში იქნება შესაძლებელი.
****
საფრანგეთი საქართველოსა და ქართველების გვერდით დგას დღევანდელ, ეროვნული ერთიანობის დღეს – საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას, – ასე ეხმაურება საფრანგეთის საელჩო საქართველოში, 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის გასვლას.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საფრანგეთი დგას ქართველების გვერდით, მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად.
***
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშშ-ის ელჩს უმასპინძლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების სურვილი გამოთქვეს.
***
უკრაინის დასახმარებლად, რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ, – ამის შესახებ არგენტინის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ განაცხადა.
„მთავრობები მუდმივ კონტაქტში არიან, მათ შორის თავდაცვის მინისტრები და დასახმარებლად, რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ. უკრაინის თავისუფლების დასაცავად ფორუმი გაიმართება, რომლის აქ ჩატარება ზელენსკიმ მთხოვა და ამის გაკეთებას ვაპირებ“, – განაცხადა ხავიერ მილეიმ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინისა და არგენტინის თავდაცვის მინისტრები სამხედრო დახმარების საკითხსაც განიხილავენ.
„დღის ამბების“ პარტნიორია „რადიო პოზიტივი“
მასალის გამოყენების პირობები