პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი ეუთოს მუდმივ საბჭოს, საერთაშორისო საზოგადოებასა და საქართველოს მოქალაქეებს ღია წერილის მიმართავს:
„ღია წერილი ეუთოს მუდმივ საბჭოს, საერთაშორისო საზოგადოებასა და საქართველოს მოქალაქეებს.
როდესაც „რეკომენდაცია“ ს უ ვ ე რ ე ნ ი ტ ე ტ ი ს რღვევად(!) და გარედან წესების კარნახად იქცევა(!), პასუხი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე საქართველოზე
საერთაშორისო დაკვირვება თავისი კლასიკური გაგებით უჩვეულო მოვლენას ან საფრთხეს სრულებითაც არ წარმოადგენს. თანამედროვე მსოფლიო წესრიგში სახელმწიფოები ლოგიკურად ექცევიან შეფასებისა და კრიტიკის ველში ურთიერთდამოკიდებულების უპრეცედენტო მასშტაბების გამო. მსგავსი მოცემულობა განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მართლმსაჯულების მოწყობისა თუ საარჩევნო გარემოს სიღრმისეული შესწავლის დროს. თავისთავად მსგავს ვითარებაში პრობლემური არაფერი მოიძებნება. პირიქით, საერთაშორისო სამართალსა და მრავალმხრივ დიპლომატიას რეალური ფასი ზუსტად იმ შემთხვევაში ედება, როდესაც ისინი ძალისმიერი ბატონობისა და დიქტატის ნაცვლად დაფუძნებულია გამჭვირვალე წესების, უნივერსალური პრინციპებისა და ორმხრივი პასუხისმგებლობის ენაზე.
თუმცა პოლიტიკურ მეცნიერებასა და პრაქტიკულ დიპლომატიაში არსებობს უხილავი და ამავდროულად უკიდურესად მნიშვნელოვანი გამყოფი ხაზი. ხსენებული ზღვრის მორღვევის შემდეგ შეფასება კარგავს თავის კანონიერებას და უხეშ ჩარევად გარდაიქმნება. კრიტიკა იცლება ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრეტენზიისგან და შიშველი პოლიტიკური ზეწოლის ფორმას იღებს. დაკვირვების მექანიზმი კი იქცევა დამორჩილების იარაღად, რომლის მიზანიც სუვერენული სახელმწიფოს განვითარებაზე თვალის მიდევნებას სრულიად სცილდება და სამართლებრივი წყობის, ღირებულებითი სისტემისა და ეროვნული თვითმყოფადობის გარედან ძალადობრივად თავსმოხვევას ემსახურება.
ეუთოს ეგრეთ წოდებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში სწორედ ზემოთ ნახსენები სახიფათო ზღვრის გადალახვის, დამოუკიდებლობის პრინციპების უგულებელყოფისა და დიპლომატიური ეტიკეტით შენიღბული პოლიტიკური ჩარევის თვალსაჩინო მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
წარმოდგენილი დოკუმენტი უკვე დიდი ხანია აღარ სჯერდება მოვლენათა მშრალ აღწერას, ფაქტების დადასტურებას ან ზოგად სამართლებრივ რეკომენდაციებს, რაც სინამდვილეში მისი უფლებამოსილების მთავარ ბირთვს უნდა წარმოადგენდეს. იგი აშკარა და ღია ტექსტით ცდილობს საქართველოს სახელმწიფოს უკარნახოს საკუთარი არსებობის წესები. დაგვიდგინოს, თუ რომელი კანონებია მისაღები და რომელი დასაწუნი; რომელი პოლიტიკური პროცედურები უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ; რომელი სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეჩერდეს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე; როგორი უნდა იყოს საზოგადოების მორალური ჩარჩო; სად მთავრდება ეროვნული იურისდიქციის საზღვრები და სად იწყება ზეეროვნული ბიუროკრატიის უაპელაციო მბრძანებლობა.
სწორედ მიმდინარე მოვლენების გამო წინამდებარე წერილი სცდება მხოლოდ ერთი კონკრეტული ანგარიშის შეფასების ფარგლებს. საქმე გვაქვს პასუხთან ბევრად უფრო ფუნდამენტურ და საშიშ მოვლენაზე. ვგულისხმობ იმ გლობალურ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში მცირე და საშუალო სახელმწიფოებს სულ უფრო ხშირად ესაუბრებიან ძლიერი ზედამხედველის ენით სტრატეგიული პარტნიორის მაგივრად. ხშირ შემთხვევაში იკვეთება იერარქიული მორალური კარნახისა და „უფროსი ძმის“ ფორმატი სუვერენული თანასწორობისა და პატივისცემის ნაცვლად.
საქართველოსთვის მსგავსი დილემა აბსტრაქტულ თეორიას და აკადემიური დისკუსიის საგანს სრულებითაც არ წარმოადგენს. ჩვენს სახელმწიფოს თავისი ურთულესი და სისხლიანი ისტორიული განვითარების მანძილზე არაერთხელ მოუწია ფიზიკური და სულიერი ბრძოლა გეოგრაფიული საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. პარალელურად მუდმივად მიმდინარეობდა ბრძოლა საკუთარი არსობრივი უსაფრთხოების, ცხოვრების წესის, სარწმუნოებრივი მრწამსის, კულტურული მეხსიერებისა და სოციალური წყობის გადასარჩენად. ქართველი ერისთვის სახელმწიფო არასოდეს ყოფილა მხოლოდ ადმინისტრაციული მექანიზმი ან ცარიელი ჭურჭელი. იგი ყოველთვის წარმოადგენდა უზენაეს უფლებას, თავად განესაზღვრა საკუთარი ისტორიული განვითარების გზა, თავად დაედგინა თამაშის წესები და თავადვე ეტვირთა საკუთარი ისტორიული არჩევანის პასუხისმგებლობა.
შესაბამისად, როდესაც დღეს დირექტიული, ულტიმატუმის ტონით გვეუბნებიან ეროვნული კანონმდებლობის ცალკეული აქტების გაუქმების აუცილებლობაზე, საუკუნეებით ნაშენები ღირებულებითი საყრდენის შეცვლაზე, კონკრეტული დამნაშავეების მიმართ ბრალდებების მოხსნასა და დამატებითი ზეწოლის საერთაშორისო მექანიზმებში ქვეყნის ჩართვაზე, მსგავსი რიტორიკა სამართლებრივ ან მეგობრულ რჩევად ვეღარანაირად წაიკითხება. აღნიშნული მიდგომა საქართველოს დამოუკიდებლობის მიზანმიმართულ რღვევას და გარე მეურვეობით მის ჩანაცვლებას ემსახურება.
ხსენებულ გამოწვევებზე პასუხი უნდა იყოს აკადემიურად მშვიდი, არგუმენტირებული და პარალელურად პოლიტიკურად შეუბრალებელი. საქართველო სრულებით დასაშვებია გამოვიდეს თანამშრომლობისა და პარტნიორობის თანასწორუფლებიან მონაწილედ საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა ქვეყანა ვერასოდეს და ვერცერთ ისტორიულ ეპოქაში ვეღარ დაუბრუნდება პოლიტიკური და იდეოლოგიური გადაფორმების უუფლებო საგნის სტატუსს.
პოლიტიკურ მეცნიერებასა და საერთაშორისო სამართალში უკიდურესად მნიშვნელოვანია ორი სრულიად განსხვავებული ცნების გამიჯვნა. კერძოდ, უნდა განვასხვავოთ საერთაშორისო შეფასება და პოლიტიკური დირექტივა.
საერთაშორისო კრიტიკა ინარჩუნებს თავის კანონიერებას, მორალურ წონასა და გავლენას ზუსტად იქამდე, სანამ იგი ახდენს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს. ნებისმიერი მსგავსი კონსტრუქცია მყისიერად ინგრევა იმ მომენტში, როდესაც ე.წ. „რეკომენდაცია“ სცილდება კონსულტაციის ფარგლებს და სახელმწიფოს საკანონმდებლო, სასამართლო და კულტურულ სივრცეში ეროვნული ნების წართმევის მცდელობად იქცევა.
როდესაც საერთაშორისო ინსტიტუტი სუვერენულ სახელმწიფოს ღიად ავალდებულებს კონკრეტული, დემოკრატიულად მიღებული კანონების გაუქმებას, სოციალური და ოჯახური პოლიტიკის ფილოსოფიის შეცვლას და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელი ღირებულებითი დღის წესრიგის დანერგვას, მსგავსი ქმედება ნეიტრალურ დაკვირვებას ნამდვილად აღარ წარმოადგენს. ასეთი ნაბიჯები დამოუკიდებელი არჩევანის დაკნინების პირდაპირი გამოხატულებაა. ფუნდამენტური პრობლემა იკვეთება როგორც შინაარსში, ისე თავად მიდგომაში. სახეზეა პოლიტიკურად მიკერძოებული, იდეოლოგიზებული ჩარჩო, რომელიც საქართველოს შიდაპოლიტიკური სპექტრის ერთ კონკრეტულ ფლანგს ანიჭებს მორალურ მონოპოლიასა და განსაკუთრებულობას, სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებს კი წინასწარვე აცხადებს მიუღებლად. მსგავსი მიდგომა მოკლებულია იურიდიულ საფუძველს და სრულად აბსურდულია პოლიტოლოგიური თვალსაზრისით. ყველაზე მთავარი კი გახლავთ აღნიშნული დამოკიდებულების სახელმწიფოებრივი ღირსების ღრმად შეურაცხმყოფელი ხასიათი.
დღევანდელ გლობალისტურ ნარატივში ხშირად იკვეთება დამოუკიდებლობის იდეის დაკნინების ტენდენცია. მას წარმოაჩენენ რაღაც მოძველებულ, ეჭვმიტანილ, საზიანო ან სულაც ავტორიტარული ინსტინქტების გამომხატველ გადმონაშთად. მსგავსი ინტერპრეტაცია ფუნდამენტურად და სახიფათოდ მცდარია პოლიტოლოგიური და ისტორიული გადმოსახედიდან.
სუვერენიტეტი გარიყვას ან პასუხისმგებლობისგან გაქცევას ნამდვილად არ გულისხმობს. პირიქით, დამოუკიდებლობა წარმოადგენს იმ ერთადერთ პოლიტიკურ და სამართლებრივ მოწყობას, სადაც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას რეალური, ხელშესახები შინაარსი გააჩნია. თუ კანონთშემოქმედების, სოციალური წესრიგის განსაზღვრისა და ეროვნული ინტერესის ფორმულირების განსაკუთრებული უფლება საბოლოო ჯამში სახელმწიფოს არ ეკუთვნის, გაურკვეველი რჩება პასუხისმგებლობის საკითხი შედეგებზე. ვის უნდა მოჰკითხოს ხალხმა? უცხოურ, აბსტრაქტულ ბიუროკრატიას და ზეეროვნულ კომისიებს მოვთხოვოთ პასუხი, რომლებსაც არანაირი ანგარიშვალდებულება არ გააჩნიათ ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე? თუ გარედან მართულ პოლიტიკურ წრეებს მივმართოთ?
სახელმწიფო სრულფასოვან, საკუთარი ნებისა და პასუხისმგებლობის მქონე მოთამაშეს უნდა წარმოადგენდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გადაიქცევა გარედან მართულ ტერიტორიად და სხვების გეოპოლიტიკური თამაშების საყრდენად. შუალედური მდგომარეობა ისტორიულად არასდროს ყოფილა მდგრადი.
ჩვენთვის, ერისთვის, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში უწევდა ურთულესი მანევრირება და სისხლისმღვრელი ბრძოლები რეგიონულ თუ მსოფლიო იმპერიებს შორის, დამოუკიდებლობა ლოზუნგს, პოლიტიკურ გაფორმებას ან ცერემონიულ ტერმინს არანაირად არ წარმოადგენს. იგი ტკივილით, სისხლითა და ბრძოლით მოპოვებულ პოლიტიკურ პრინციპად უნდა მივიჩნიოთ. ისტორიული მეხსიერებით გამყარებული მოცემულობა გვკარნახობს სტრატეგიული დიალოგისა და თანამშრომლობის მიუხედავად ეროვნული, სამართლებრივი და მორალური წესრიგის გარედან დაწერის მცდელობის კატეგორიულ მიუღებლობას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით სხვისი კარნახით განსაზღვრული „ნამდვილი პროგრესის“ რეალური ფასი.
ანგარიშის ერთ-ერთ ყველაზე ხისტ მოთხოვნას და მთავარ აქცენტს ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენის შესახებ კანონების სრული გაუქმება წარმოადგენს. ზუსტად ამ საკითხში ვლინდება თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ყველაზე ცინიკური ორმაგი სტანდარტი და ფარისევლობა.
დღევანდელ მსოფლიოში გეოპოლიტიკური გავლენა და გაფართოება მხოლოდ ტანკებით, რაკეტებითა და ოფიციალური დიპლომატიით აღარ ხორციელდება. XI -ე საუკუნის სტრატეგიული გავლენა ვრცელდება ფინანსური ქსელებით, მულტიმილიონიანი გრანტებით, არასამთავრობო ქსელებით, მედიური სივრცის კონტროლითა და პოლიტიკური დღის წესრიგის მიზანმიმართული ფორმირებით. მსგავსი მიდგომა „რბილი ძალის“ კლასიკური გამოვლინებაა და ხშირად ბევრად უფრო დამანგრეველ შედეგებს იწვევს ღია სამხედრო აგრესიასთან შედარებით.
თუ უცხოური დაფინანსება და გავლენა მართლაც ასეთი უწყინარი, აპოლიტიკური და წმინდა ჰუმანიტარული ხასიათისაა, გაუგებარია მისი მკაცრი კონტროლის და აღრიცხვის აუცილებლობა წამყვანი დასავლური დემოკრატიების ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რატომ ითვლება ვაშინგტონში თუ პარიზში სახელმწიფოს დაცვის კანონიერ აქტად და ეროვნული უსაფრთხოების ელემენტად ის ქმედება, რომელსაც თბილისში დემოკრატიაზე თავდასხმად ნათლავენ.
დასმული კითხვის პასუხი ხსნის მთელ იმ პოლიტიკურ ლოგიკას, რომელიც მსგავსი ანგარიშების უკან დგას. პრობლემა სინამდვილეში გამჭვირვალობას არ უკავშირდება. მიზანს პატარა სახელმწიფოს უწყებრივი დაბრმავება და მისი სუვერენული იმუნიტეტის დაქვეითება წარმოადგენს. პატარა სახელმწიფოსთვის საკუთარი პოლიტიკური გარემოს დაფარული ფინანსური არხებისგან იზოლირება და მათი გამჭვირვალობა ფიზიკური გადარჩენის სასიცოცხლო აუცილებლობაა, ვინაიდან მას არ გააჩნია დიდი სახელმწიფოების მსგავსი ეკონომიკური რესურსი და შთანთქმის უნარი. თუ სახელმწიფო საკუთარ ნერვულ სისტემას გამჭვირვალობისგან დაიცლის, იგი ადრე თუ გვიან სხვისი დღის წესრიგის უბრალო გამტარ მილად იქცევა. გამჭვირვალობა თავისუფლების მტერი სრულებითაც არ გახლავთ. თავისუფლების რეალურ მტერს ფარული, დაუფინანსებელი პოლიტიკური ინჟინერია წარმოადგენს.
ანგარიშის ყველაზე მგრძნობიარე, ღრმა და სახიფათო ნაწილი გადის ოჯახურ ნორმებზე, ტრადიციებზე, სქესობრივ იდენტობასა და იმ ფუნდამენტურ შეხედულებებზე, რომელთა საყოველთაო გავრცელებასაც თანამედროვე, გლობალური ულტრალიბერალური ჯგუფები ესწრაფვიან.
მოცემულ საკითხზე აუცილებელია ინტელექტუალური სიცხადე. ქართულ ისტორიულ და სოციალურ მეხსიერებაში ოჯახი არასოდეს ყოფილა ლოკალური, კერძო ყოფის რიგითი შემადგენელი ნაწილი ან უბრალოდ იურიდიული ხელშეკრულება ორ ადამიანს შორის. ოჯახი ჩვენთვის ენის, სარწმუნოების, ზნეობრივი ფორმაციის, ტრადიციისა და ეროვნული იდენტობის გადაცემის უმთავრეს, წმინდა ინსტიტუტს წარმოადგენს. იგი იყო და არის გადარჩენის ის მინიმალური, მაგრამ ურყევი ცივილიზაციური დასაყრდენი, რომელიც ჩვენს ერს მაშინაც კი ინარჩუნებდა, როცა სახელმწიფოებრიობა ინგრეოდა და ქვეყანა მტრის უღელქვეშ გმინავდა.
როდესაც საერთაშორისო პლატფორმებიდან მცირე ერს ცივი ცინიზმით მიუთითებენ, რომ მისი ისტორიულ-რელიგიური და მორალური ინტუიცია „მოძველებულია“, „ჩამორჩენილია“ და დაუყოვნებლივ უნდა დაუთმოს ადგილი გარედან თავსმოხვეულ, საცდელ სოციალურ ფილოსოფიას, საზოგადოების მძაფრი წინააღმდეგობა აბსოლუტურად ჯანსაღ და ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს.
მსგავსი პოზიცია არანაირ ფობიას, სიძულვილს ან ადამიანის ღირსების უარყოფას არ უკავშირდება, როგორც ამას ხშირად მიზანმიმართულად აბრალებენ ქართველ საზოგადოებას. უპირველეს ყოვლისა ვსაუბრობთ ერის უზენაეს და ხელშეუხებელ უფლებაზე, თავად განსაზღვროს თავისი სოციალური ეთიკისა და მორალის საფუძველი. სხვა, განსხვავებული ისტორიული გამოცდილების მქონე სივრცეში მიღწეული ლოკალური შეთანხმება ავტომატურად არ უნდა იქცეს საყოველთაო, სავალდებულო კანონად ჩვენთვის. ქართველ ერს არ გააჩნია არანაირი ვალდებულება, საკუთარი ხელით გადაიჭრას სულიერი და კულტურული ძარღვები მხოლოდ იმის დასამტკიცებლად, რომ ვინმეს თვალში „საკმარისად თანამედროვედ“ გამოიყურება.
ზედაპირული, არაკომპეტენტური დამკვირვებლისთვის ჩვენი მსგავსი პოზიცია შესაძლოა „გადაჭარბებულ რეაქციად“ ან ანტიდასავლურ ისტერიად მოჩანდეს. ვინც იცის საქართველოს პოლიტიკური ისტორია და ვისაც ესმის ამ ერის ტრავმები, ზუსტად ის ადამიანები ხედავენ რეალურ სურათს.
ქართული სახელმწიფო საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და არსებობდა მუდმივი, დაუნდობელი სამხედრო, რელიგიური და კულტურული წნეხის პირობებში. ჩვენ არაერთხელ გაგვივლია ის გზა, როცა გარედან შემოსული იმპერიული ძალა ქვეყნის ტერიტორიის მიტაცებასთან ერთად ჩვენი ცხოვრების წესის შეცვლას, ერთგულებების გადანაცვლებას, თვითშეფასების გატეხვასა და ელიტების უცხო წესრიგში გადაყვანას ცდილობდა.
აქედან გამომდინარე, „გარე კარნახი“ ქართველისთვის არასოდეს განიხილება უბრალო, ტექნიკურ დეტალად. იგი სასიცოცხლო საფრთხის მანიშნებელი და ისტორიული ტრავმის გამაღვიძებელი სიგნალია. ჩვენ ზედმიწევნით კარგად ვიცით ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური პოლარიზაციისა და კონფლიქტების გარე ცენტრების მხრიდან მანიპულაციის იარაღად ქცევის მძიმე შედეგები. და როდესაც გვეუბნებიან, რომ ჩვენი პოლიტიკური ნება და მორალური ღერძი მუდმივად გარე დადასტურებას საჭიროებს, მსგავსი მიდგომა ანგრევს ნდობას დასავლური ინსტიტუტების მიმართ და აჩენს სრულიად კანონიერ ეჭვს გარე მართვის შეუნიღბავ ამბიციებზე. საუბარი თანასწორუფლებიან პარტნიორობას სრულებით სცილდება.
ეუთოს ხსენებული ანგარიშის აბსურდულობა და პარადოქსულობა პიკს აღწევს იმ პასაჟებში, სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნა პირდაპირ ერწყმის და თანხვედრაში მოდის კონკრეტული სისხლისსამართლებრივი საქმეების შეწყვეტისა და ცალკეული პირთა „უპირობო გათავისუფლების“ მბრძანებლურ პოლიტიკურ მითითებებთან.
თუ კანონის უზენაესობა მართლაც ფასეულობას წარმოადგენს, მაშინ არცერთი პოლიტიკური სტატუსი, პარტიული კუთვნილება, ჟურნალისტური საქმიანობა თუ იდეოლოგიური სიმპათია არ ანიჭებს პირს სამართლებრივი ხელშეუხებლობის უფლებას. დემოკრატიის უმძიმეს დაცინვად უნდა მივიჩნიოთ გარკვეული ჯგუფების მცდელობა, საერთაშორისო ლობისტებისა და უცხოელი პოლიტიკოსების ზურგით საკუთარი თავი სამართლებრივი ველიდან გაიყვანონ და კანონზე მაღლა დააყენონ.
მართლმსაჯულება აუცილებლად უნდა იყოს სამართლიანი, პროცესები კი — გამჭვირვალე. მაგრამ მსგავსი მიდგომა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ პოლიტიკური მოთამაშე ან მედიამენეჯერი აპრიორული სამართლებრივი იმუნიტეტის მატარებლად გამოცხადდეს. თუ უარს ვიტყვით კანონის უზენაესობის პრინციპზე, სამართალი ობიექტური ინსტრუმენტიდან გარე ძალებით მართულ პოლიტიკური პრივილეგიის მანკიერ მექანიზმად გადაიქცევა.
თანამედროვე პოლიტიკური კულტურის კიდევ ერთ უაღრესად პრობლემურ დამახინჯებას ქუჩის პროტესტისა და რადიკალური გამოსვლების რომანტიზაცია წარმოადგენს. ასეთ ქმედებებს ავტომატურად ანიჭებენ „ხალხის ნამდვილი ნების“ სტატუსს, სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციური წესრიგის დაცვის ნებისმიერ მცდელობას კი წინასწარ აცხადებენ დიქტატურად და რეპრესიად.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება უზენაეს უფლებას წარმოადგენს და დავას არ ექვემდებარება. თუმცა აღნიშნული უფლება სახელმწიფოს პარალიზების, ინსტიტუციური წესრიგის რღვევისა და ძალადობრივი არეულობის გამართლებას არანაირად არ გულისხმობს.
კლასიკური განმარტებით სახელმწიფოს გააჩნია ძალის გამოყენების ლეგიტიმური მონოპოლია წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად. პოლიციის კონკრეტული ქმედება სავსებით დასაშვებია გახდეს კრიტიკის, გამოძიებისა და შეფასების საგანი. თავად სახელმწიფოსთვის თვითდაცვისა და წესრიგის უზრუნველყოფის ინსტინქტის ჩამორთმევა მისი სრული მორალური და სახელმწიფოებრივი ჩამოშლის ტოლფასია. მსგავსი ანგარიშები ხშირად ზუსტად ამ მიზანს ემსახურება. ვერცერთი საერთაშორისო ტექსტი ვერ დაარღვევს იმ ოქროს ბალანსს, სადაც საჯარო უსაფრთხოება და სახელმწიფოს მდგრადობა პროტესტის უფლების თანაბარ საპირწონედ მოიაზრება.
დღევანდელ რეალობაში დამოუკიდებლობის რღვევა ყოველთვის ტერიტორიების ოკუპაციით ან სამხედრო ჩარევით არ მიმდინარეობს. მსგავსი პროცესი ბევრად უფრო დახვეწილი, ვერაგული მეთოდით და მორალური განიარაღებით ხორციელდება.
მიზანმიმართული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ზეწოლით პატარა სახელმწიფოს საზოგადოებას თანდათან აჩვევენ დამღუპველ აზრს ეროვნული ინსტინქტების საეჭვოობის შესახებ. ისტორიულ მეხსიერებას ზედმეტ ტვირთად წარმოაჩენენ, ტრადიციულ ღირებულებებს დასაბუთებას მოკლებულ სიბნელედ ნათლავენ, კანონებს კი წინასწარ დისკრედიტებულ და თანამედროვე სტანდარტებისთვის შეუსაბამო წესრიგად ასაღებენ. ადგილობრივ მოსახლეობას უნერგავენ კომპლექსს, თითქოს ეროვნული მორალი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება მისაღებად, თუ იგი მილიმეტრიანი სიზუსტით ემთხვევა ზეეროვნულ მითითებებს.
ასეთი მიდგომა ნებაყოფლობითი დანებების გზას წარმოადგენს. სახელმწიფო და ერი, რომელიც მორალურად ტყდება და თმობს საკუთარი წესების, იდენტობის დაცვის ინტელექტუალურ და სულიერ სიმამაცეს, უბრალო, უსახო ადმინისტრაციულ ერთეულად იქცევა. მას რჩება ჰიმნი, დროშა და ტერიტორია, მაგრამ სამუდამოდ კარგავს ისტორიულ ნებას და სუვერენულ შინაარსს. საქართველომ მსგავსი თვითმკვლელი გზა არ უნდა გაიაროს.
დღეს მთავარი და ფუნდამენტური კითხვა რომელიმე კონკრეტული კანონის ან პოლიტიკური ფიგურის მოწონება-არმოწონებას სრულებითაც არ უკავშირდება. საკითხი ბევრად უფრო გლობალურ და სიღრმისეულ განზომილებას იძენს. კერძოდ, ვინ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს სახელით და საქართველოს ტერიტორიაზე.
თუ პასუხად ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულად არჩეულ, კონსტიტუციურ ინსტიტუტებს და ლეგიტიმურ სახელმწიფოს დავასახელებთ, მაშინ ნებისმიერი საერთაშორისო დოკუმენტი, ანგარიში თუ რეკომენდაცია სწორედ ამ ურყევი პრინციპის პატივისცემის ფარგლებში უნდა თავსდებოდეს.
განსხვავებული პასუხის შემთხვევაში ფარისევლობას თავი უნდა დავანებოთ და სიმართლე პირდაპირ ვთქვათ. ასეთ ვითარებაში სრულფასოვან სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ წინაშეა შეზღუდული, გარედან სანქცირებული და ნებადართული ფსევდოსახელმწიფოებრიობა.
სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენი დასაცავი ობიექტი რომელიმე პარტია, მთავრობა ან მოქმედი პროცედურა ნამდვილად არ გახლავთ. ჩვენ უნდა დავიცვათ თავად საქართველოს იდეა და მისი განსაკუთრებული უფლება, დარჩეს საკუთარი ბედის განმსაზღვრელ, დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად.
საქართველოს სახელმწიფოს მიმართ სავსებით დასაშვებია დაისვას უმკაცრესი კრიტიკული კითხვები, გაიცეს რეკომენდაციები და შეგვახსენონ ნაკისრი ვალდებულებები. მეორე მხრივ, საქართველოს პოლიტიკურ და ღირებულებით კოდს გარედან ვერავინ გადაწერს და ქვეყანას ვერავინ გადააფორმებს.
ჩვენ არ წარმოვადგენთ გეოპოლიტიკურ ლაბორატორიას. საქართველო იდეოლოგიური ექსპერიმენტების პოლიგონი ნამდვილად არ გახლავთ, სადაც გარე ძალებმა ერის გადაკეთება უნდა გამოცადონ „დემოკრატიული მზრუნველობის“ ენით შეფუთული ულტიმატუმების მეშვეობით.
ჩვენ უძველესი, ისტორიული ერი ვართ საკუთარი მეხსიერებით, საკუთარი ტკივილით, ეროვნული ღირსებით და დამოუკიდებელი პოლიტიკური პასუხისმგებლობით. ჩვენ სრულებით დასაშვებია ვცდებოდეთ. შესაძლოა მწვავედ ვკამათობდეთ შიგნით. ამ ქვეყნის ბედი აუცილებლად უნდა წყდებოდეს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში, ქართველი საზოგადოების უშუალო ნებით და არა საერთაშორისო ბიუროკრატიის ცივ კაბინეტებში.
საქართველოს უნაკლობაზე არავინ დავობს, ჩვენი ერთადერთი სათქმელი მხოლოდ საკუთარი სამშობლოს ბატონპატრონობით შემოიფარგლება. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოჩვენებითი სამკაულის დანიშნულებას სრულიად მოკლებულია. ეროვნული თავისუფლება უპირველესად უზენაეს პასუხისმგებლობას განასახიერებს. ხსენებული მძიმე ტვირთის უარყოფასა და წინაპართაგან სისხლით მოპოვებული საუკუნოვანი უფლების უცხო ძალისთვის გადაბარებას ქართველ ერს ვერავინ აიძულებს.“
ირაკლი ყიფიანი
13.03.2026
ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმის გამო მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობასა და საბოტაჟში ბრალდებული ელენე ხოშტარია.
რეზოლუციას სახელწოდებით „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა.


