2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გაუქმდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მისი ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს.
„როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო, აუდიტის სამსახური სარგებლობს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხით, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან“, – აღნიშნა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შალვა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, მისი განმარტებით, 2026 წლის 1 იანვრიდან ბიზნესომბუდსმენი გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში.
„ამ ბლოკის მესამე ინიციატივა ეხება ბიზნესომბუდსმენს, რომელიც ახალი ინსტიტუციური მოწყობის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში, რაც ბიზნესის საჭიროებებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს. საერთო ჯამში, აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს მმართველობის სისტემის შესაბამისობაში მოყვანას კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუციურ ჩარჩოსთან, სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაციას – წლიურად დაახლოებით 20 მილიონი ლარით, სტრუქტურული ფუნქციების გამარტივებას, უფრო მკაფიო პასუხისმგებლობებს და ეფექტიან მართვას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


