კვებითი მეცნიერების სფეროში შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩენა მოხდა. ბიოტექნოლოგიური კომპანია Amai Proteins Ltd-ის მიერ შემუშავებულმა დამატკბობელმა Sweelin-მა მეცნიერთა და სამედიცინო წრეების ყურადღება მიიქცია. მისი მთავარი თვისება მარტივია: ნულოვანი კალორია და ჩვეულებრივ შაქარზე დაახლოებით 3500-მაგი სიტკბო.
პროდუქტის სამეცნიერო საფუძველი დასავლეთ და ცენტრალური აფრიკის ტროპიკულ მცენარეს, Dioscoreophyllum cumminsii-ს უკავშირდება. ეს მცენარე შეიცავს ბუნებრივ ცილას სახელად მონელინი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი ბიოლოგიური ნაერთია ბუნებაში. Amai Proteins-ის მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ამ ცილა გააუმჯობესეს და ლაბორატორიულ პირობებში მისი სტაბილური ვერსია შექმნეს, რომელმაც Sweelin-ის საფუძველი შეადგინა.
პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით, პროდუქტი თეთრი ფხვნილის სახით არის წარმოდგენილი, წყალში კარგად იხსნება და მისი უმცირესი რაოდენობა კმარა — მაგალითად, ერთი ჭიქა ჩაის დასატკბობად 3 მილიგრამზე ნაკლებიც საკმარისი აღმოჩნდა. გარდა ამისა, Sweelin შედარებით მაღალ ტემპერატურაზეც ინარჩუნებს სტაბილურობას, რაც მას სამზარეულოში გამოყენებისთვის პოტენციურად ვარგისს ხდის.
კლინიკური შემოწმება თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა. კვლევაში 19 მოხალისე მონაწილეობდა. მათ სხვადასხვა დღეს, ბლაინდირებულ პირობებში, სამი განსხვავებული სასმელი მიეცათ: Sweelin-ით, სტევიით და დექსტროზით დამტკბარი. ორი საათის განმავლობაში კი მათ სისხლში გლუკოზის, ინსულინისა და GLP-1 ჰორმონის მაჩვენებლები იზომებოდა.
შედეგები საყურადღებო აღმოჩნდა: Sweelin-ის მიღების შემდეგ გლუკოზის მატება დექსტროზასთან შედარებით დაახლოებით 31-ჯერ ნაკლები იყო, ხოლო ინსულინის პასუხი — 81-ჯერ დაბალი. სტევიასთან შედარებით კი შედეგები მსგავსი აღმოჩნდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ Sweelin განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს პრედიაბეტის, მეორე ტიპის დიაბეტისა თუ სიმსუქნის მქონე პირთათვის, რომელთათვისაც შაქრის შემცირება კვების მართვის განუყოფელი ნაწილია.
რეგულაციების კუთხით, კომპანიამ უკვე გაიარა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) შესაბამისი პროცედურა, და პროდუქტი ამჟამად ხელმისაწვდომია შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და სინგაპურში.
თუმცა, სამეცნიერო სიფრთხილე ამ შემთხვევაშიც საჭიროა. ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ 19 მონაწილიანი კვლევა ძალიან მცირეა საბოლოო დასკვნების გამოსატანად. Sweelin-ის გრძელვადიანი ეფექტებისა და სრული უსაფრთხოების შეფასებისთვის ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი კვლევებია საჭირო. მეცნიერული ოპტიმიზმი ჯერჯერობით ფრთხილი რჩება.
Sheni Ambebi News
წყარო: primetime.ge

