პაკისტანში წვიმისა და თოვლის გამო ათობით ადამიანი დაშავდა, სულ მცირე, 35 კი დაიღუპა.
კატასტროფების მართვის ორგანოების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 22 ბავშვია, რომელთა უმეტესობაც მეწყერმა მოიყოლა.
ექსტრემალურმა ამინდმა პაკისტანის ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონებს დაარტყა. დიდთოვლობის გამო გადაიკეტა გზები, გაითიშა ელექტროენერგია და ასობით სახლი განადგურდა.
მოულოდნელი თოვლით ექსპერტებიც გაოგნებულები დარჩნენ, რადგან როგორც ამბობენ, მარტში პაკისტანში საკმაოდ თბილა. ქვეყნის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა, მუშტაქ ალი შაჰმა, უჩვეულო ამინდი კლიმატის ცვლილებას მიაწერა.
გაკვირვებულები არიან ადგილობროვებიც. ჰატიჯ შაჰი, კირკის რაიონის მცხოვრები ამბობს, რომ წარსულში მის სამეზობლოში მხოლოდ ერთხელ მოუთოვია: “რამდენადაც მახსოვს, პირველად და უკანასკნელად დაახლოებით 25-30 წლის წინ მოთოვა, ისიც მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში”,- განაცხადა მან BBC-სთან ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები