„მე მინდა ეს საუნჯე ჩემს ერს, ჩემს ქვეყანას დავუტოვო“ – მეაბრეშუმე, ლამარა ბეჟაშვილი,
ამბები ფერმიდან:
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში მცხოვრები ლამარა ბეჟაშვილი ბებიის დანატოვარ სახლში აბრეშუმის ჭიებს ახარებს. აბრეშუმის ძაფისგან ის პერანგებს, თავსაბურავებს და ყურთბალიშებს ამზადებს.
ლამარა ბეჟაშვილი დარგის აღდგენაზე ოცნებობს და ამბობს, რომ ქართული აბრეშუმი ხელოვნურისგან, ხარისხით და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.
„მეაბრეშუმეობა ეს არის მივიწყებული დარგი რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს. ბებო მყავდა მეაბრეშუმე, 5 წლის ასაკიდან ვეხმარებოდი ბებოს აბრეშუმის მოვლაში. მთელი დღეები საათობით შემეძლო მეყურა როგორ ჭამდნენ ჭიები, როგორ აკეთებდნენ პარკს. ჩემმა მეგობარმა 21 ცალი აბრეშუმის ჭია მაჩუქა.
თან მიყვარდა ეს დარგი, თან მივიწყებული იყო და თანაც ბევრი რამ ვიცოდი. ვიცოდი მცენარეებით როგორ მემკურნალა. 21 ამრეშუმის ჭიიდან დღეს ალბათ 21 მილიარდზე მეტი მყავს. ზოგი სახლში და ზოგიც გაშვილებულები მყავს.
ბებიას ძალიან დიდი ცოდნა ქონდა მეაბრეშუმეობის საქმეში. როდესაც ქუხდა, ბებია მეტყოდა ხოლმე, – იმღერე ან ფანდური დაუკარი, რომ სამკურნალო თვისებები არ დაკარგოსო“ – ამბობს ლამარა ბეჟაშვილი.
ლამარა არ ივიწყებს რჩევებს, რომელსაც ბებიისგან ყოველ დღე იღებდა და ასე სწავლობდა ბუნების სიყვარულს, რომელმაც წლების შემდეგ ცხოვრების მთავარი საქმე აპოვნინა.
„როგორც კი ჭიები იზრდებიან, მიაღწევენ მესამე ასაკს, მიხდება დილის 5 საათიდან ფოთოლზე გასვლა. სიგრილით უნდა მოვიტანო ფოთოლი, რომ დღის მანძილზე არ დამიჭკნეს და ის სასარგებლო წვენი რაც აქვს ამათთვის შევინარჩუნო.
ჭიები სამჯერ-ოთხჯერ მაინც უნდა იკვებებოდნენ, რომ 35 დღეში მოგვცენ პარკი. ახლა კი არის ის სეზონი, როცა ღამის პირველ საათამდე გამოუსვლელი ვარ აქედან.
ის რაოდენობა რაც მე ახლა თაროებზე მყავს, არის 4-5 ქალისთვის განკუთვნილი, 3-4 გამკაფავი უნდა იყოს და ამას ვაკეთებთ ამ ეტაპზე ერთი ჩემი თანამშრომელი,რომელიც შემდეგ ქსოვს კიდეც აბრეშუმის ძაფისგან და ის მეხმარება მოვლაში. მე და ჩემი მეუღლე კი მივდივართ ხოლმე ფოთლების მოსატანად’’,- აცხადებს ლამარა ბეჟაშვილი.
ლამარა ბეჟაშვილი აბრეშუმის ძაფს ძველი ტრადიციული მეთოდით ამზადებს. წარმოებულ აბრეშუმს და ხელნაკეთ ნივთებს გაყიდვას ინტერნეტში ყიდის.
,,ჩვენ არა გვაქვს ის თანამედროვე დაზგები, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ ძველებური წესით. ერთი თვის განმავლობაში გვიწევს ძაფის მიღება და ერთი თვე ქსოვა. უცხოელები გვიკვეთავენ ძირითადად. ”
მიუხედავად ამისა, ლამარა ბეჟაშვილი მეაბრეშუმეობაში დიდ პოტენციალს ხედავს. ის აპირებს, თავისი აბრეშუმის წარმოება აგროტურიზმის მიმართულებითაც განავითაროს.