მერიის თანამშრომლები ჩასაფრებულნი არიან, სადარბაზოებიდან წერენ პარკინგის ჯარიმებს, – ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე „რადიო პალიტრის“ გადაცემა „თქვენს დროში“.
მელაძის თქმით, მას ყველაზე მეტად ადარდებს ე.წ. ოფიცრები, რომლებიც არასწორად გაჩერებულ და დაპარკინგებულ ავტომობილებს, თითქმის 24 საათის განმავლობაში აჯარიმებენ.
„ოფიცრები მადარდებს ყველაზე მეტად. ისინი გარკვეულწილად ტყვეები არიან ამ სისტემის, რადგან ალბათ, არავის არ სიამოვნებს, რომ იყოს ჩასაფრებულის როლში. არის რიგი შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ესეთი ადამიანი კიდევ უფრო ჩასაფრებულია. ხშირად ისინი სადარბაზოებში არიან დამალულები, რომ ჯარიმა დაწერონ. ეს არის სრული სიმახინჯე, რაზეც მერიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება.“, – განაცხადა მევლუდ მელაძემ.
ამის გარდა, რესპონდენტი ოფიცრებთან ერთად, ე.წ. „სტაიანშიკების“ საკითხს ეხება და იგი აღნიშნავს, რომ მერიამ ამ ადამიანების პასუხისმგებლობა სრულიად მოიხსნა და ეს ფენომენი მხოლოდ საქართველოში არსებობს.
„პლანეტაზე ვერსად ნახავთ ე.წ. სტაიანშიკებს, მაგრამ მათ არ აქვთ სხვა გამოსავალი. ალტერნატივა ამ ადამიანებს არავინ არ შესთავაზა, თუნდაც ის, რომ ეს ხალხი ყოფილიყვნენ სწორედ ის ოფიცრები, რომლებიც საჯარიმო ქვითრებს გვიწერენ და მათი დასაქმება, თუ განვითარება ამ მხრივ მომხდარიყო. ამაზე რასაკვირველია არავინ იმუშავა და ხშირია, როდესაც ზონალურზე თითო ლარს იხდი საათში და მოდის „სტაიანშიკი“, რომელიც კიდევ გთხოვს ცალკე თანხას“, – აღნიშნა მევლუდ მელაძემ „რადიო პალიტრის“ ეთერში. წყარო
მასალის გამოყენების პირობები