უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელა, რომლის სამიზნეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე ლოგისტიკური და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ადგილობრივები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებზეც ჩანს, როგორ ამოდის დიდი შავი კვამლი კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრიდან მოსკოვის ოლქის ქალაქ ჩეხოვში, რომელიც კრემლიდან დაახლოებით 65 კილომეტრით სამხრეთით მდებარეობს. დარტყმამდე ქალაქის თავზე უკრაინული დრონებიც დააფიქსირეს.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, დრონების რამდენიმე დარტყმა ნოვოსიოლკის სამრეწველო ზონაშიც დაფიქსირდა. მისი თქმით, თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო კიდევ ექვსი დაშავდა.
დილით კვამლი ლენინგრადის ოლქის დასახლებულ პუნქტ კრასნი ბორში მდებარე Wildberries-ის კიდევ ერთი საწყობიდანაც ამოდიოდა. დასახლება სანქტ-პეტერბურგიდან დაახლოებით 33 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, იუწყება უკრაინული მედია.
მოგვიანებით ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაადასტურა, რომ კრასნი ბორში დრონებმა საწყობს დაარტყეს, თუმცა ობიექტი არ დაუკონკრეტებია.
როგორც უკრაინული მედია წერს, სანქტ-პეტერბურგის, ისევე როგორც მოსკოვის მიმდებარე რეგიონები, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ იშვიათად ხდებოდა უკრაინული შეტევების სამიზნე, რადგან ამ ქალაქების გარშემო რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებია კონცენტრირებული.
თუმცა, ბოლო თვეებში უკრაინული დრონების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რის შედეგადაც ისინი სულ უფრო ხშირად აღწევენ ძლიერ დაცულ რაიონებში და დარტყმებს ახორციელებენ ისეთ ქალაქებზე, როგორიცაა მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი.


