სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებზე ვრცლად ისაუბრა. მისი შეფასებით, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა ამ დღეს იდეალურად და სრული სიზუსტით იმუშავეს.
„4 ოქტომბერი იყო დღე, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შსს-მ,ს სახელმწიფო დაცვის სამსახურმა და სამართალდამცავმა სისტემამ მთლიანად იმუშავა პედანტური სიზუსტით. სხვა შემთხვევაში შეიძლება დიდი უბედურების მომსწრენი გავმხდარიყავით. ინფორმაციული ნაკადი იყო ძალიან დიდი, ზოგი შეიძლება იყო ე.წ. შემოგდებული ინფორმაცია, მერე ამის გაფილტვრა და დამუშავება ანალიტიკურად ურთულესია. იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ვერსია იმის შესახებ, რომ პოლიციის ფორმაში გადაცმულ ადამიანებს პროვოკაციის მიზნით მასაში უნდა ესროლათ და იარაღები ინახებოდა ერთ ადგილზე, პოლიციის ფორმაში გადაცმული ადამიანები შეიძლება სხვაგან ყოფილიყვნენ. ამისი ნახევარი გამართლდა, ნახევარი არა (შეიძლება აღმოჩენილი ვერ იქნა) და ჩვენ მივაგენით იმავე ღამეს იარაღის სამალავს, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით დაადგინეს ჩვენმა თანამშრომლებმა. რომ არა უტყუარი ინფორმაცია ამ იარაღის შესახებ, შეიძლება დიდი უბედურების მომსწრეები გავმხდარიყავით და მერე ვეღარავინ გაარჩევდა პროვოკაცია იყო, შეთქმულების ნაწილი იყო, თუ რა. შსს-ს სპეცრაზმმა იმუშავა ძალიან კარგად. გვახსოვს წინა პერიოდებში, ასეთი პრევენციული ღონისძიებები თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დღეს მოხერხდა, რომ ერთ დღეში ჩამქრალიყო ეს ყველაფერი. ყველა რგოლმა იმუშავა ზუსტად და შესაბამისად ამ სიზუსტემ უზრუნველყო ის, რომ იმ დღეს დამთავრდა ყველაფერი.
რამდენიმე ვერსია რამდენიმე ჯგუფში ტრიალებდა და მათი დაქსაქსულობა (რასაც ჩვენც შევუწყვეთ ხელი) გარკვეულწილად ჩვენი წარმატების საფუძველი იყო. მათ ერთ ნაწილს გადაწყვეტილი ჰქონდა საკრებულოში შეჭრა, მერე ეს ვერ გაბედეს, რადგან ბევრი სპეცრაზმელი იყო შენობაში და გეზი აიღეს პრეზიდენტის სასახლისკენ, სადაც მათ ჰქონდათ „უტყუარი ინფორმაცია“, რომ არცერთი სპეცრაზმელი არ იყო და მათი პირველი პანიკური შეტევა იყო მაშინ, როდესაც პირველი სპეცრაზმელი გამოჩნდა. ვიღაცები არ აღმოჩნდნენ მათ გვერდით, რაზედაც იზრუნეს ჩვენმა ძალიან მაგარმა თანამშრომლებმა. მათ ჰქონდათ რაღაც იმედები ადამიანების, რომლებიც მათთვის საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღარ აღმოჩნდნენ. ამანაც ბევრი რამის პრევენცია მოახდინა. ეს იყო იდეალურად შესრულებული ღონისძიება“, – განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე – ოპონენტები ამბობენ, თუკი სახელმწიფო წინასწარ ფლობდა ინფორმაციას, რატომ მიუშვა ეს ძალისხმევა იქამდე, სადამდეც მიუშვა. შეიძლებოდა მომხდარის თავიდან არიდება? – მდინარაძემ ასე უპასუხა:
„ამ დროს ყოველთვის დილემამდე მისული სერიოზული პრობლემა იჩენს ხოლმე თავს – რა ინფორმაცია გაქვს ოპერატიულად და რისი დამტკიცების საშუალება გეძლევა, შესაბამისი სტანდარტით, რომელზეც დემოკრატიულ ქვეყანას აქვს პრეტენზია. 5 თუ 6 ადამიანი ვინც არის დაკავებული, მაგალითად ერთ-ერთი პოლიტიკოსის მიმართ შედარებით ნაკლები მტკიცებულებაა და შედარებით ნაკლები როლი შეიძლება ჰქონდა, მაგრამ შეიძლება არც ჰქონდა ვიღაცას ნაკლები როლი, მაგრამ არ იყოს ისეთ მყარი მტკიცებულება, როგორც მეორის მიმართ და ა.შ. ერთი საათით ადრეც რომ დაგვეკავებინა ეს ხალხი, დღეს ყველა იტყოდა, რომ ისინი უკანონო პატიმრები არიან“, – განაცხადა მდინარაძემ.


